ჭინჭრის ბალზამი გასაახალგაზრდავებლად და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად
ყველამ იცის, რომ ჭინჭარი სასარგებლო მცენარეა. ხალხურ მედიცინაში მისგან სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ. ჭინჭრის ფოთლებში ბევრია K და B2 ვიტამინები, საკმაოდაა კაროტინი, ასკორბინისა და პანტოთენის მჟავები, ცილა, სახამებელი, შაქარი, რკინისა და კალიუმის მარილები. ჭინჭრის ბალზამი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ და ვიყენებ, ძალიან კარგია ძალ-ღონის მოსაკრებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
- აიღეთ 250 გრამი მაისში დაკრეფილი ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დააყენეთ. ქილაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ჩაყარეთ დანაყილი ჭინჭარი, მოუკარით პირი დოლბანდით და 1-2 დღით დადგით მზიან ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მერე კი 10 დღით ბნელ გრილ ადგილას გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ, ჩაასხით ქილაში და მაცივრის ქვედა თაროზე დადგით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოობით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება.
იმუნიტეტისთვს ასევე კარგია: - 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთი და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირა.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ წყალში გახსნილი 30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
- 10 გრამ კაკლის გამომშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, 45 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- 2 სუფრის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.