რა სიმპტომები ახასიათებს კუშინგის სინდრომს

რა სიმპტომები  ახასიათებს  კუშინგის სინდრომს
ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჰარვეი კუშინგმა გასული საუკუნის 30-წლიან წლებში აღწერა დაავადება, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია. დადგენილია, რომ დაავადების მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებაა.
ორგანიზმში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები - კორტიკოსტეროიდები ჭარბად წარმოიქმნება. აღნიშნული ჰორმონები ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესზე მოქმედებენ, რის გამოც მათი სიჭარბე სრული ქაოსის დასაწყისია. დაავადების კლინიკური სურათი საკმაოდ თვალსაჩინოა. პაციენტი აღნიშნავს, რომ შეეცვალა გარეგნობა, გასუქდა, აწუხებს კუნთების და ზოგადი სისუსტე. მუცლის, მკერდის და თეძოების კანზე მოწითალო - მოვარდისფრო ზოლები გაუჩნდა, კანი მშრალია და თმაც სცვივა, მაგრამ სახესა და ტანზე მამაკაცივით ეზრდებათ, ჩნდება ხერხემლის ტკივილი, წყურვილის გრძნობა, ირღვევა ძილი, ვითარდება თავის ტკივილი, ქვეითდება სქესობრივი ლტოლვა, ქალებს ერღვევათ მენსტრუაციული ციკლი. თუ მას, ვისაც კუშინგის სინდრომი აქვს, თუ კარგად დავაკვირდებით, მყისვე მივხვდებით, რომ ზემოთ აღწერილი ჩივილები სულაც არ არის მისი ახირება ან ფანტაზია. შევნიშნავთ, რომ:

  • ცხიმი უპირატესად მკერდზე, მხრის სარტყელზე, მუცელზე, თეძოებზე, კისრის არეში ("კლიმაქტერიული კუზი") ან სახეზე ("მთვარისებრი სახე")გროვდება, კიდურები კი შედარებით წვრილია, რის გამოც კუშინგის დაავადების დროს აღმოცენებულ სიმსუქნეს "ძროხისებრს" უწოდებენ;

  • კანი მშრალია, გათხელებული, მარმარილოსებრი. უხვადაა ჩირქოვანი გამონაყარი - აკნე;

  • სახე ღაჟღაჟა წითელია, ქალებს ეზრდებათ "წვერი", "ულვაში", "ბაკენბარდები";

  • ცხიმის დაგროვების არეში კანზე მოწითალო-იისფერი სტრიებია - კანის გაჭიმვის შედეგი, რაც, ჩვეულებრივი სიმსუქნისგან განსხვავებით, არასოდეს თეთრდება;

  • თავს იჩენს კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სისხლნაღვენთები;

  • თავის არეში თმა გაცვენილია, ქალებს სასქესო ორგანოების არეში მამაკაცური თმიანობა აქვთ;

  • მამაკაცებს აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლების გადიდება, სახეზე წვერის შემცირება და დაკარგვა, სათესლე ჯირკვლების ატროფია.

ამ გარეგნული ნიშნების მიღმა იმალება შინაგანი ორგანოების სერიოზული დაზიანებაც.
სტატიის ავტორი: თამაზ ჩადუნელი