ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა სახსრის ტკივილების საწინააღმდეგო საოცარი საშუალება მასწავლა
ძალიან შევწუხდი, როცა ართროზის დიაგნოზი დამისვეს. მითხრეს, შედეგი მხოლოდ ოპერაციით მიიღწევაო. არადა, როგორი საქმეა - ფეხი ისე გტკივა, რომ უჯოხოდ ვერ დადიხარ. ბევრი ვიწუწუნე, ყველას ჩემს გასაჭირს შევჩიოდი... და აი, ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა სახსრის ტკივილების საწინააღმდეგო საოცარი საშუალება მასწავლა:
- 1 სმ სისქის ლიმონის ნაჭრით ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვიზელდი მტკივან სახსარს, რამაც ენით აუწერელი შედეგი მომცა. გარდა ამისა, ტკივილის მოსახსნელად პერიოდულად ვიკეთებ შვრიის ფანტელების (ჰერკულესის) კომპრესს: ვყრი ქვაბში ერთ მუჭა ჰერკულესს, ვასხამ 2 ჭიქა წყალს და ვდგამ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ ( თან გამუდმებით ვურევ), შემდეგ გადმოვდგამ ცეცხლიდან და ოდნავ რომ შეგრილდება, ვიკეთებ კომპრესს. ვიტოვებ 1 საათს, თუმცა ტკივილი მალევე ცხრება. ან: ვურევ 100 გ სპირტში 50 გ ქაფურს, ვამატებ 50 გ მდოგვის ფხვნილს, ცალკე ვთქვეფ 2-3 კვერცხის ცილას და ვამატებ უკვე მომზადებულ მდოგვისა და სპირტის ნაზავს. ამ საშუალებით პერიოდულად ვიზელ მტკივან სახსარს და ძალიან მშველის.
ართროზს გვირილაც უხდება - 2 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 2 ლიტრი წყალი, 3 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. 50-60 გრადუსამდე რომ შეგრილდება, ჩაყავით დაზიანებული სახსარი, თან იზილეთ. პროცედურა 20 წუთს გრძელდება. (ნაყენს არ უნდა მისცეთ გაციების საშუალება და პერიოდულად ცხელ-ცხელი ამატოთ ), შემდეგ გაიმშრალეთ სახსარი და თბილად შეიხვიეთ 5-10 წუთით. პროცედურა ძილს წინ კეთდება. შედეგს პირველივე ჯერზე ნახავთ.
- აიღეთ 4 მწიკვი წაბლის, აკაციისა და იასამნის გამხმარი ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და სამი კვირით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივანი სახსრები და ტერფები. შვებას სამი კვირის თავზე იგრძნობთ.