ხალხური რეცეპტები ჰიპერტონიის სამკურნალოდ
შვიდი წელია, მაწუხებს მაღალი წნევა. რა წამალი არ ვცადე... წნევის დამწევ ხალხურ რეცეპტებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე მცენარეები: კუნელი, კატაბალახა (ვალერიანი), შავბალახა და ძახველი, მაგრამ მე დავასკვენი, რომ არსებობს სხვა, არანაკლებ ეფექტური სამკურნალო ბალახებიც. ამ ხნის განმავლობაში შევარჩიე რამდენიმე საუკეთესო რეცეპტი, რომლებიც წნევას დაბლა სწევს და არეგულირებს.
- ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის შავბალახა, ბერულა, კუნელის ყვავილი, ფითრი, 4 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დატოვეთ დილამდე. დილით გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი , მთელი ღამე გააჩერეთ, დილით გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მიაყოლეთ თაფლი.
ეს საშუალებები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოთ, უმჯობესია მონაცვლეობით: ერთ კვირას - ერთი, მეორე კვირას - მეორე. - აიღეთ სამი მოზრდილი ლიმონი, გახეხეთ, დაამატეთ 0,5 კგ შაქარი, 0,5 ლიტრი არაყი და 25 გრ მიხაკი. გადაიღეთ სამლიტრიან ქილაში და დაასხით თბილი ანადუღარი წყალი. ქილა მოათავსეთ ბნელ და გრილ ადგილას და 2 კვირით დატოვეთ. პერიოდულად ურიეთ. ორი კვირა რომ გავა, გადაწურეთ. მიიღეთ 25 მლ წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
- აიღეთ 100 გრამი ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და 10 წუთს გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ნახარში გადაასხით, ქიშმიში კი კარგად გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე ჩაის ჭიქით.
ქიშმიშის ნახარში ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს მათ ელასტიკურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მისი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა სულმთლად გათავისუფლდეთ წნევის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. - აიღეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1,5 ჭიქა წითელი მოცხარის წვენი, 1 ჭიქა არაყი, 250 გრამი თაფლი და 1 ცალი ლიმონი. ლიმონს წვენი გამოადინეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
- აიღეთ 1 ჭიქა სტაფილოსა და ჭარხლის წვენი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა წითელი მოცხარის წვენი და სპირტი, 1 ჭიქა თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და 3 დღით დადგით სიბნელეში. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ თითო სადილის კოვზი.
- აიღეთ 10 გრამი ძახველი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და მოათავსეთ წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასაც გამოწურეთ და ნახარში ანადუღარი წყლით 1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. ორ დღეზე მეტხანს არ შეინახოთ.