ჰიპერტონიის წამალს ხალხურ მედიცინაში იპოვით.
გამუდმებით მაწუხებს მაღალი წნევით გამოწვეული დისკომფორტი. მივმართე ექიმებს, გამომიწერეს უამრავი წამალი, მაგრამ წნევის დარეგულირება ვერ მოვახერხე. ჩემი მოსისხლე მტრები იყვნენ ნერვები, ამინდი, ელექტრომაგნიტური დღეები...როგორც კი რამე მოხდებოდა, წნევა მაშინვე 200-მდე ამივარდებოდა ხოლმე. ბოლოს გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა. უამრავი წიგნი წავიკითხე ჰიპერტონიის ხალხური მეთოდებით მკურნალობაზე და ბევრი რეცეპტიც ვსინჯე. ჰოდა, ამ სინჯვა-სინჯვაში რამდენიმე ეფექტურ წამალს მივაგენი:
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ლიმონი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შტოში და ნახევარი სუფრის კოვზი დანაყილი ასკილი. ამ ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი.
- აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მაისის თაფლი და ამდენივე თეთრი ხახვის წვენი, აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 50 გრამი ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ლიმონის ქერქი. მოათავსეთ ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით სიგრილეში. მიიღეთ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე ორი თვის განმავლობაში.
- 2 სუფრის კოვზი ძახველი გახეხეთ, ჩაასხით მომინანქრებულ ქვაბში, ნელ-ნელა დაამატეთ 200 მლ მდუღარე წყალი. 15 წუთი გააჩერეთ მდუღარე ორთქლის აბაზანაში. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და შეავსეთ გადადუღებული წყლით 200 მლ-მდე. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
- 1-2 სუფრის კოვზ ახალგამოწურულ ჭარხლის წვენს დაუმატეთ ამდენივე თაფლი და მიიღეთ დღეში 3-5-ჯერ.
- ვარდისფერი როდიოლას 1 ჩაის კოვზ დაფშვნილ ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, შემდეგ გააჩერეთ 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და მიიღეთ 150 მლ 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ყოველ მიღებაზე ნაყენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ნაყენი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღისა.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჩინური ლიმონიკის თესლი, დაასხით 5 სუფრის კოვზი 96-გრადუსიანი სპირტი, გააჩერეთ 7 დღე, გადაწურეთ და მიიღეთ 10 წვეთი, გახსნილი 30 მლ თბილ, გადადუღებულ წყალში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. საღამოს 6 საათის შემდეგ ნაყენის მიღებას ერიდეთ.