ჩემმა დედამთილმა ნიკრისის ქარის დროს ხალხური რეცეპტები სცადა და მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღო.
ჩემს დედამთილს წლების განმავლობაში აწუხებდა ნიკრისის ქარი, განსაკუთრებით ფეხის დიდი თითის სახსრები სტკიოდა, რომლებზეც კარგად ჩანდა მარილის კრისტალები. საწყალი ქალი გაწამდა. ბოლოს ხალხური რეცეპტები სცადა და მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღო. მისი თხოვნით ამ რეცეპტებს თქვენც გაგაცნობთ, რათა მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენოთ. ჩემმა დედამთილმა, პირველ რიგში, კვება მოიწესრიგა. იკვებებოდა უმთავრესად რძის ნაწარმით, დიდი რაოდენობით იღებდა სითხეს, განსაკუთრებით - ბორჯომს, ნაბეღლავს. აკრძალა ხორციანი სუპები და ნახარშები, აგრეთვე - ცხიმიანი და შებოლილი ხორცი და თევზი, ლობიო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, წიწაკა - ეს ყველაფერი ექიმმა ასწავლა. რაც შეეხება რეცეპტებს, ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია შემდეგი ბალახეული ნარევების მიღება:
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი ასისთავას ფესვი, დაასხით 3 ჭიქა წყალი და დააყენეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე, ადუღეთ 7-10 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 5-ჯერ.
- 1 ს/კ იის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ხარშეთ 7-10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
- აიღეთ 20 გრ იის ყვავილი, 25 გრ ლობიოს სადგული, 25 გრ დათვის კენკრას ფოთოლი, 20 გრ სიმინდის ულვაში და 25 გრ არყის ხის კვირტი. ეს ყველაფერი წყალი და დადგით 30 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სამი კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
- დღის განმავლობაში სასარგებლოა მიირთვათ დაახლოებით 1,5 კგ ყურძენი, შეძლებისამებრ, დააყოლეთ 1/4 ჭიქა მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი ). კარგია ბალი და მისი წვენიც.
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოტანის შესანიშნავი უნარი აქვს ნახშირს. ნახევარი ჭიქა გააქტიურებული ნახშირი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლს, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული პასტა დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, დაიფარეთ ნაჭერი და დაიტოვეთ მთელი ღამით. ეფექტურია აგრეთვე ნახშირის აბაზანები: ნახევარ ჭიქა ნახშირის ფხვნილს დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ პასტა. ჩაასხით თასში და თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი, იმდენი, რომ წვივები ნახევარად დაფაროს. გააჩერეთ ფეხები აბაზანაში 30-60 წუთი.
მწვავე შეტევის დროს: - დაზიანებული სახსარი მოათავსეთ ამაღლებულ ადგილას და მოასვენეთ. მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი), მაგრამ არ გამოიყენოთ ასპირინი ან აცეტამინოფი. ასპირინმა შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს მდგომარეობა. თუ დაზიანებულ სახსარზე შეხება ძლიერ მტკივნეული არ არის, დაიდეთ ზედ ყინულიანი პარკი და 10 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. მიიღეთ ბალახების ჩაი. განსაკუთრებით კარგია არალია, ფარსმანდუკი, ასკილის ნაყოფი და ბაღის პიტნა. ნიკრისის ქარი თავს ესხმის ტრავმირებულ სახსარს, ამიტომ ეცადეთ, არ დაიზიანოთ ფეხის ცერი, არ ატაროთ ვიწრო ფეხსაცმელი.