სწორი კვების ანბანი - მყარი იმუნიტეტის საწინდარი და ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილების გარანტია.

სწორი კვების ანბანი - მყარი  იმუნიტეტის  საწინდარი  და ქრონიკული  დაავადებების თავიდან  აცილების გარანტია.
თითოეულ ადამიანს, რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, სურს ჯანსაღად იკვებოს, რადგან იცის, სწორი კვება კარგი თვითშეგრძნების, სიმხნევის, მყარი იმუნიტეტის საწინდარი და ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილების გარანტია. მიუხედავად გავრცელებული მცდარი აზრისა, რომ სწორი კვება უგემურ საჭმელებს გულისხმობს, სრულიადაც არაა ასე.

ამბობენ თითქოს
  • სწორი კვება ჭამის შეზღუდვაა;
  • სწორი კვების დროს აუცილებელია სრულად ვთქვათ უარი სხვადასხვა გემრიელობებზე.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი პროდუქტის მიღების შემცირება მოგიწევთ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს მათ სრულად შეზღუდვა. ჯანსაღი ანუ სწორი კვების საფუძველი გახლავთ საკუთარი რაციონისადმი გონივრული და კულტურული მიდგომა. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ერთ ჭამაზე ერთი ფილა შოკოლადით დატკბობას, ეს ნამეტანია. რამდენიმე ნატეხიც საკმარისია იმისათვის, რომ თქვენ სიამოვნება მიიღოთ.

პრინციპები
ჯანსაღი კვება რამდენიმე პრინციპს ეფუძნება:
  1. დღის განმავლობაში საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგოდანახარჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ჭარბ წონასთან ან შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებული პრობლემები დაგეწყოთ, რომელიც გამოწვეული იქნება ენერგიის უკმარისობით და შესაძლოა სერიოზულ დაავადებებში გადაიზარდოს.

  2. კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანი უნდა იყოს. რაც უფრო მრავალფეროვანია კვება, მით მეტი სასარგებლო ნივთიერება ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებსაც, ცხიმებსაც და ნახშირწყლებსაც.

  3. უნდა გვახსოვდეს მინერალური ნივთიერებებიც და ვიტამინებიც. აქ ყველაზე საუკეთესო მაშველებია ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მეტაბოლიზმსაც აუმჯობესებს.

  4. უნდა ვიკვებოთ სწორი რეჟიმის მიხედვით. დადგენილ ერთსა და იმავე დროს საკვების მიღება ხელს უწყობს კალორიებისა და საკვები ნივთიერებების განაწილებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ბევრი დიეტოლოგი თანხმდება იმაზე, რომ მოზრდილი ადამიანისთვის დღეში ოთხჯერ კვება სრულიად ოპტიმალურია. არ შეიძლება საუზმეზე უარის თქმა. უბრალოდ, საჭიროა, სწორად გაანაწილოთ კალორიები მთელი დღის საკვებზე.

  5. ვჭამთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გვშია და არ გადავძღებით. მადისა და შიმშილის ერთმანეთში არევა, ადვილია. მაგრამ შემდეგ ჭარბი წონიდან განთავისუფლება კი - ძნელი. ამიტომ მხოლოდ მაშინ უნდა მიირთვათ, როცა ნამდვილად დარწმუნებული ხართ. რომ გშიათ. არ შეიძლება არც ძილის წინ კუჭის ავსება. ეს უარყოფითად იმოქმედებს, როგორც კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ასევე ძილზეც.

  6. წესად უნდა ვაქციოთ საკვების სწორად მიღება და მისი განაწილება რაციონში. საჭმელი კარგად უნდა დაღეჭოთ, ერიდოთ ძალიან ცხელ ან ცივ კერძებს. ჭამის დროს არ შეიძლება ყურადღების გადატანა ტელევიზორზე ან კითხვაზე. ხორცი, თევზი და ცილის მაღალი შემცველობის სხვა პროდუქტები უმჯობესია მეორე საუზმის ან სადილის დროს მიიღოთ, რამდენადაც, ისინი ნერვული სისტემის აქტიურობას უწყობს ხელს. ხილი, ბოსტნეული და რძის მჟავე პროდუქტები კი არ ტვირთავს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, ამიტომ მათი ჭამა ძილის წინაა კარგი.

  7. საჭმელი მხოლოდ და მხოლოდ კარგი განწყობილებით უნდა მოამზადოთ და მიირთვათ. პოზიტიური ემოციური განწყობა ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი შემადგენელია.

საფრთხეები
არის რამდენიმე სერიოზული "რისკის ფაქტორი", რომლებიც შეიძლება სწორი კვების მინუსად ჩაითვალოს:
  • ალკოჰოლის ბოროტად სარგებლობა;
  • სიგარეტი (მოწევა, საერთოდ );
  • მშრალი საკვები;
  • დაბალი ფიზიკური აქტიურობა ან ჭარბი ფიზიკური აქტიურობა.
  • ეს ყოველივე უკიდურესად ნეგატიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

პროდუქტები
კვების ძირითად პროდუქტებს უნდა შეადგენდეს:
  • ხილი და ბოსტნეული - აუცილებელია ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების წყარო;
  • მარცვლეული, პარკოსნები, ბურღულეული - შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და საკვებ ბოჭკოს;
  • ხორცი (მათ შორის ფრინველის), თევზი ( შეიცავს ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელ ცილებს );
  • რძის პროდუქტები - უპირატესად დაბალი ცხიმიანობის;
  • ტკბილეული - შაქრის მაღალი შემცველობის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო მათ მიმართ.
  • წყალი ორგანიზმის თითქმის ყველა შინაგან სისტემაზე მოქმედებს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ სასმელი წყლის საკმაო რაოდენობით მიღება.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის