რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით უფრო დიდ ხანს იცოცხლებთ. აი, ერთდროულად 2 კვლევის შედეგი

რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით უფრო დიდ ხანს იცოცხლებთ. აი, ერთდროულად 2 კვლევის შედეგი
ორი ახალი კვლევის თანახმად, რომლებიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ყავის ხშირი მოხმარება ახანგრძლივებს სიცოცხლეს, წერს CNN. პირველ კვლევაში 520 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას ევროპის 10 ქვეყნიდან.

დასკვნა: რაც უფრო მეტ ყავას სვამთ, მით უფრო დაბალია სიკვდილის რისკი


მეორე კვლევა უფრო უჩვეულო იყო, რადგან ეძღვნებოდა არა თეთრკანიან მოსახლეობას. შესწავლილ იქნა 185 000 აფროამერიკელი, ჰავაის მცხოვრებელი, ლათინოამერიკელი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ყავა ყველა რასაში ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

მათი მონაცემების თანახმად, ვინც დღეში 2-4 ჭიქა ყავას სვამდა, სიკვდილის რისკი 18%-ით მცირე იყო, მათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამდა. ეს შედეგი წინა შედეგს ემთხვევა, ამბობს ვერონიკა ვენდი სეტიავანი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის დოქტორი.
„ეს გახლავთ განსხვავებული პოპულაციები ცხოვრების განსხვავებული წესით. მათ კვების რაციონიც სხვადასხვა აქვთ, მაგრამ შედეგები ანალოგიურია“.
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ არსებობს მაღალი ბიოლოგიური ალბათობა იმისა, რომ ყავა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ურთიერთკავშირშია. ასევე უკუკავშირშია ყავის მოხმარება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, სასუნთქი ორგანოების დაავადებების, ინსულტის და თირკმლების დაავადებების წარმოშობის რისკი.

ამავდროულად, ევროპულმა კვლევამ დაადგინა უკუკავშირი ყავასა და ღვიძლის დაავადებებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას შორის.

ორივე კვლევა ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა. კვლევის თანაავტორი, მარკ ჰანტერი ამბობს: „ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მცხოვრებლები გამოვიკვლიეთ, და ყველა ქვეყანაში ყავას განსხვავებულად ამზადებენ. ის ფაქტი, რომ შედეგები ყველგან იდენტურია, ადასტურებს, რომ საქმე სწორედ ყავაშია, და არა მისი მომზადების მეთოდებში“.

ბიოლოგიური პლუსები და გაფრთხილება

ყავა მინარევების რთული ნაზავია, ზოგ მათგანს ბიოლოგიური ეფექტი გააჩნია, რაც ლაბორატორიულადაა დამტკიცებული. ზოგ მათგანს გააჩნია ნეიროპროტექტრული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, რომლებსაც შეუძლია რამდენიმე დაავადების, კერძოდ პარკინსონის დაავადების წარმოშობის რისკის შემცირება.

ორივე კვლევის შემთხვევაში მწეველებიდ ა არამწეველები ცალცალკე განიხილებოდა, რადგან მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და იწვევს უამრავ დაავადებას. თუმცა დადგინდა, რომ მწეველებსაც კი უმცირდებათ სიკვდილის რისკი ყავის დალევისას.

ჰანტერი ამბობს:
„როგორც ჩანს, მოწევა არ ადუნებს ყავის ეფექტს. ჩვენს კვლევაში მოწევას არ უმოქმედია ყავის მირების შედეგებზე: სიკვდილიანობის რისკი მაინც დაბალი იყო“.

თუმცა, ექიმი ალბერტო აშერიო, ეპიდემიოლოგიისა და კვების პროფესორი ჰარვარდში, მოგვიწოდებს, რომ ამ შედეგებს სიფრთხილით მოვეკიდოთ:
„ეს მართალიც რომ იყოს, არ მესმის ამ დასკვნების, რადგან მოწევა ამაღლებს სიკვდილიანობის რისკს რამდენჯერმე. ასე რომ, თუ ამ რისკს 10%-ით ამცირებთ, ეს უბრალოდ სასაცილოა.

მივიჩნევ, რომ ეს საშიში ვარაუდია, რადგან აქიდან გამომდინარე, მწეველს შეუძლია შეეწინააღმდეგოს მოწევის ეფექტს ყავის მეშვეობით, ეს კი სრული სიგიჟეა“.

ასევე შესაძლებელია, რომ ყავის მოყვარულები თავიდანვე უფრო ჯანმრთელები იყვნენ. აშშ-სა და ევროპაში უამრავი ადამიანი, რომლებსაც სუსტი ჯანრთელობა აქვს, არ სვამს ყავას.

მოკლედ რომ ითქვას, ეს საკითხი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. მაგრამ ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას - თუ გიყვართ ყავა - მიირთვით სიამოვნებით! მისგან ზიანი უკვე აღარ მოგადგებათ და ზედმეტი 2 წლის სიცოცხლე კი ნამდვილად არ გავნებთ.