სასარგებლო რჩევები მათ, ვისაც ხერხემალი და სახსრები აწუხებს.

სასარგებლო რჩევები მათ, ვისაც ხერხემალი და სახსრები აწუხებს.
დღეს გავრცელებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ოსტეოქონდროზი და სახსრების დაზიანება, ხალხში მარილების დაგროვებას რომ უწოდებენ. საკუთარი დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს დაავადებები ჩვენი სიზარმაცის ბრალია. ჩემი 28 წლის ქალიშვილი მთელი დღე უმოძრაოდ ზის კომპიუტერთან და აზრადაც არ მოუვა, რომ ორგანიზმისთვის მოძრაობაა საჭირო. ასე იქცევა ახალგაზრდების უმრავლესობა. ჩემი გოგონა უკვე ხან წელს იტკივებს, ხან სახსრებს, ხან კისერს. გადავწყვიტე, დავხმარებოდი და მოვუმზადე მცენარეული წამლები, რომლებითაც თავად მოვირჩინე წლების წინ სახსრების ტკივილი.

  • 2 ს/კ კაპუეტას ნედლ ფესვებს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს, წამოადუღეთ ერთი წუთით. სითხე გადაღვარეთ - ის ძალიან მწარეა. ფესვები დააქუცმაცეთ და ისევ დაასხით 700 გრ წყალი, ადუღეთ იმდენი, რომ წყალი 0,5 ლიტრამდე დაიყვანოთ. ამის შემდეგ დაუმატეთ დანამცეცებული 2 ს/კ ძირტკბილის ფესვები, თავდახურული შეაგრილეთ, გადაწურეთ. ნახარში უნდა სვათ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.

    ამის შემდეგ ისვენებთ და ამზადებთ სხვა ნაყენს:

  • თანაბარი რაოდენობის პიტნის, შვიტის, ჭინჭრის, სამფერა იის, ბაბუაწვერას მიწისზედა ნაწილის, ძირას ნარევის 1 ს/კ - ს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი. სვით 1/2 - 1/2 ჭიქა ნახარში 2 - 3 - ჯერ დღეში.

ვისაც სახსრები და ხერხემალი გაწუხებთ , ჩემი რჩევები გაითვალისწინეთ და მადლიერი დამრჩებით!

ექიმის კომენტარი:
ძველ ქართულ მედიცინაში კაპუეტას ღრძილების დაავადების დროს ხმარობდნენ. ზოგჯერ კაპუეტას ფესურას უნიშნავდნენ, როგორც შარდმდენს, მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და აწესრიგებს წყალმარილოვან ცვლას. მას ტიბეტურ მედიცინაშიც იყენებენ.
რაც შეეხება მეორე რეცეპტს, მისი ყველა კომპონენტი სხვადასხვაგვარი სამკურნალო ეფექტით და ბიოაქტიურობით ხასიათდება. მათი კომბინაცია კი უდავოდ ხელს შეუწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ზოგადი ანთებითი პროცესების ჩაცხრობას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი