კანის მოვლის ძალიან უცნაური საიდუმლო ვიქტორია ბექჰემისგან

კანის მოვლის ძალიან უცნაური საიდუმლო ვიქტორია ბექჰემისგან
ვიქტორია ბექჰემმა The Edit-ისთვის მიცემულ უახლეს ინტერვიუში სილამაზის რამდენიმე საიდუმლო გაამხილა. გარდა იმისა, რომ ისაუბრა თავის საყვარელ პროდუქტებზე, ჯანსაღ კვებასა და „ესტე ლაუდერთან“ ერთობლივი კოსმეტიკური კოლექციის შექმნაზე, მან მკითხველებს კანის მოვლის მისეული საიდუმლოც გაუმხილა.

„ჩემი დერმატოლოგი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ექიმი ჰაროლდ ლანსერია, რომელიც არაჩვეულებრივი პროფესიონალია, მას წლებია ვიცნობ და ჩემი კანის კარგ მდგომარობას სწორედ მას ვუმადლი“ - ამბობს ბექჰემი, - „ მე ძალიან პრობლემური კანი მქონდა, მან კი მითხრა, რომ ყოველდღიურად უნდა მიმეღო ორაგული. მე გავოცდი - „როგორ, მართლა ყოველდღე?“ და მან მიპასუხა „დიახ, საუზმედ, სადილად თუ ვახშმად, აბსოლუტურად ყოველდღე, ეს აუცილებელია.“ (ამ რჩევას ალბათ ის ფაქტი უდევს საფუძვლად, რომ ორაგული მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც კანის მოვლის ექსპერტები კანის ელასტიურობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად თვლიან. და მაინც - ყოველდღე ორაგული?).

დიზაინერმა ასევე ისაუბრა იმ „მოდურ შეცდომებზე“, რაც წარსულში ჰქონია და რასაც პრესა შიგადაშიგ ახსენებს. „მართალი გითხრათ, მე ამას შეცდომად არ ვთვლი. შეიძლება, გამეცინოს ჩემს ადრინდელ ჩაცმულობაზე, თუმცა ამის ნამდვილად არ მრცხვენია,“ - თქვა მან - „რაღაც მომენტში ვინილის კომბინეზონის ჩაცმა მიზანშეწონილად მიმაჩნდა. როდესაც რომეოზე ვიყავი ფეხმძიმედ, დისნეილენდში კრისტიან ლებუტანის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვსეირნობდი. მაშინ ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი. “

ვინილის კომბინეზონი, რა თქმა უნდა, Spice Girls-ის დროინდელია.