ტონზილიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და მისი მკურნალობა

ტონზილიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და მისი მკურნალობა
არსებობს ქრონიკული ტონზილიტის (სასის ნუშების ანთება)სამი ფორმა : კომპენსირებული, დეკომპენსირებული და ატროფილული. დეკომპენსირებული და ატროფირებული ფორმის დროს აუცილებელია ჩაუტარდეს პაციენტს ტონზილექტომია, ვინაიდან დაავადების აღნიშნული ფორმები იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა : გულის, სახსრების დაზიანება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა. შესაძლებელია რევმატიზმის, ნეფრიტის განვითარება. კომპენსირებული ფორმის დროს შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე პაციენტის მკურნალობა. ქრონიკული ტონზილიტით ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მიზეზი შეიძლება იყოს : განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია). ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ალვეოლური პიორეა, ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა:
ქრონიკული ტონზილიტის სიმპტომებია: ხახაში ჩაფხაჭნის, უცხო სხეულის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ე.წ საცობების- კაზეოზური მასების ამოხველება, რომლებიც წარმოიქმნებიან ნუშების ლაკუნებში, პერიოდული ტკივილი ყლაპვის დროს, რომელიც გადაეცემა ყურში. ხშირად დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, თავის ტკივილით, ზოგჯერ რეფლექტორული წარმოშობის ხველით. ზოგიერთ ავადმყოფს არანაირი ჩივილი არ აქვს. ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში ფარინგოსკოპიის საშუალებით შეინიშნება ქრონიკული ანთებითი პროცესის შემდეგი ნიშნები : სასის ნუშები გაფაშრებულია, დანაწიბურებულია, შეხორცებულია სასის რკალებთან, ნუშების ზედაპირი არათანაბარია, ლაკუნები გაფართობულია. ნუშებზე შპადელით დაწოლისას ლაკუნებიდან გამოიყოფა „საცობები“ ან გადმოედინება ჩირქი არასასიამოვნო სუნით. სასის წინა რკალების ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, განსაკუთრებით მათი თავისუფალი ნაპირი. რეგიონალური ლიმფური კვანძები ზშირად გადიდებული და პალპაციით მტკივნეულია. ნუშების დიდი ზომები ყოველთვის არ წარმოადგენს ქრონიკული ტონზილიტის ნიშანს (ბავშვები ეს ფიზიოლოგიურია); პირიქით, ქრონიკული ანთებითი ცვლილებები ხშირად ვითარდება პატარა ნუშებში.

მკურნალობა :
კონსერვატიულია და ტარდება უმთავრესად ქრონიკული ტონზილიტის გაურთულებელი ფორმების დროს, როგორიცაა ზემოთ აღნიშნული კომპენსირებული ფორმა. მკურნალობის არაეფექტურობის, ასევე ქრონიკული ტონზილიტის გართულებული ფორმების დროს ხდება სასის ნუშების ამოკვეთა (ტონზილექტომია). ოპერაციის უკუჩვენებებია : ჰემოფილია, თრომბოციტოპენია და სხვ.