სალბი საგრძნობლად ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ის ეფექტურად აგვარებს ქალურ პრობლემებს

სალბი  საგრძნობლად  ააქტიურებს   სასქესო  ჯირკვლების  მოქმედებას. ის ეფექტურად აგვარებს ქალურ პრობლემებს
როგორც ვიცი, ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს - უბრალოდ, მასზე ხმამაღლა არ საუბრობენ, შედეგად კი მიიღება ცუდი ურთიერთობა მეუღლეებს შორის, დანგრეული ოჯახები. ალბათ მიხვდით - სექსუალურ სიცივეზე გესაუბრებით. უკვე რამდენიმე წელია, ვამჩნევ, რომ მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს აღარ მიზიდავს. თავდაპირველად მიზეზს საკუთარ თავში ვეძებდი, შემდეგ მეუღლის საქციელს დავუწყე ჩხრეკა, მაგრამ ამაოდ, ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე. სექსოლოგთან მისვლის მრცხვენია, ცოტა არ იყოს, მერიდება წუწუნი, რომ ინტიმური ურთიერთობა ისეთივე სიამოვნებას აღარ მგვრის, როგორსაც 20 წლის წინათ მგვრიდა. ფიტოთერაპიით დაინტერესებულ მეგობარს შევჩივლე. მან კი ასეთი რამეები შემომთავაზა:

მკურნალობა:
თურმე სალბი საგრძნობლად ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ამაში რომ დარწმუნდეთ, უნდა აიღოთ 1 - 2 სუფრის კოვზი სალბი და დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, 1 საათის შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ 1 დღის განმავლობაში 3 - ჯერ. ამ რეცეპტის გამოყენება აკრძალულია მწვავე ნეფრიტისა და ორსულობის დროს. კარგია ქაცვის ახალგამოწურული ან დაკონსერვებული წვენიც. ხშირად ფრიგიდულობა ქრონიკული დაღლილობით და ნერვული მიზეზებით ყოფილა გამოწვეული. ასეთ დროს აუცილებელია ნერვული სისტემის დამშვიდება, რაც ძალიან ადვილია კატაბალახას აბაზანით.
უნდა აიღოთ 30 გრამი დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი, დაასხით 1ლიტრი ცივი წყალი, გააჩეროთ 1 საათს. ადუღოთ 20 წუთს და გააჩეროთ კიდევ 5 წუთს. შემდეგ ეს ნაყენი უნდა ჩაასხათ აბაზანაში, რომელშიც წყლის ტემპერატურა არ აღემატება 36 გრადუს ცელსიუსს. ჩაწვეთ და დარჩეთ, ვიდრე წყალი არ გაცივდება. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს ძილის წინ. მკურნალობის კურსი 12 - 14 პროცედურაა.

ვერ გეტყვით ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩემზე ამ საშუალებებმა თუ მართლა მოქმედებს სექსუალურ სფეროზე, მაგრამ ცხადია: თავს გაცილებით მხნედ ვგრძნობ, თითქოს წლები მომაკლდა, მეუღლის მიმართ ინტერესი დამიბრუნდა და ოჯახში კონფლიქტებმაც იკლო.

ექიმის კომენტარი:
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ სალბი ქალთა უშვილობის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.
სალბი 50 - 70 სმ სიმაღლის ნახევარბუჩქია. მკურნალობის მიზნით გამოიყენება მცენარის ფოთლები, რომლებიც მდიდარია ფლავონოიდებით, ფიტონციდებით, ეთერზეთებით და სხვა ნივთიერებებით. მცენარეს აქვს ანტიმიკრობული, ანტიანთებითი მოქმედება. ხსნის სპაზმებს, ზრდის კუჭ - ნაწლავის სეკრეტორულ აქტიურობას, სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკურ, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის, გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე, როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება, ამცირებს ოფლის გამოყოფას. სალბი ფიტოჰორმონების წყაროს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ისინი ქალურ ჰორმონებს - ესტროგენებს ჰგვანან. სწორედ ამიტომ ფიტოთერაპევტები 35 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევენ პერიოდულად გაახალგაზრდავების კურსის ჩატარებას, - წელიწადში სამჯერ თითო თვის განმავლობაში მათ უნდა სვან დილაობით თითო ჭიქა სალბის ნაყენი ( 1ჩ/კ სალბს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, დგამენ შეგრილებამდე და სვამენ ჭამამდე 30 წუთით ადრე). განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა სალბთან ერთად ცაცხვის ფოთლებისა და ყვავილების გამოყენება, რადგან ცაცხვიც მცენარეულ ფიტოჰორმონს წარმოადგენს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი