"წვიმისგან შეშლილ ქალაქში "რუსთავი-2" იყო ერთადერთი, რომელმაც ჩვენთან ერთად, მთელი ღამე არ დაიძინა"

"წვიმისგან შეშლილ ქალაქში "რუსთავი-2" იყო ერთადერთი, რომელმაც ჩვენთან ერთად, მთელი ღამე არ დაიძინა"
ანა ბაქანიძე წერს, რომ "რუსთავი-2"-ელობა მოუნდა, თუმცა, არა სამსახურებრივი, არამედ ადამიანური კუთხით, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ ახლა აცნობიერებს იმას, რაც ამ კოლექტივმა სტიქიის შემოტევის დროს გააკეთა. ანა ბაქანიძესთან ერთად "ფეისბუქის" მეშვეობით "რუსთავი-2"-ს უამრავი ინტერნეტმომხმარებელი უხდის მადლობას.

"მე დღეს ,,რუთავი–2–ელობა'' მომინდა. იმიტომ კი არა, რომ საქმე არ მაქვს, არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში ვმუშაობ, ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად სამსახურზე არ ვსაუბრობ.. ეს სამსახურზე ბევრად მეტი იყო. ახლა ვაცნობიერებ იმ საქმეს, რაც გუშინ გააკეთეს.

წვიმისგან შეშლილ ქალაქში, სადაც არავინ არაფერი არ იცოდა, ის იყო ერთადერთი, ვინც ყველა გაგვაერთიანა, მთელი ღამე ჩვენთან ერთად არ დაიძინა. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანი, სიხშირე, ტელევიზორი...

ეს იყო ერთი უზარმაზარი იმედი, რომელსაც ვებღაუჭებოდი, ვუსმენდი, რომელთან ერთადაც განვიცდიდით მომხდარს. ეს იყო ხალხი: ჟურნალისტები, ოპერატორები, მძღოლები – რომლებმაც არ იცოდნენ გამოაღწევდნენ თუ არა ჩართვის ადგილიდან, მაგრამ იქ იდგნენ და გვესაუბრებოდნენ.

ვინ იცის, რამდენი ცუდი რამ არ მოხდა, იმის გამო, რომ მოსახლეობას უკვე ჰქონდა ინფორმაცია. ჰოდა, როცა მომხდარ ტრაგედიაზე ვსაუბრობთ და, ცხადია, ყველას გვტკივა, როცა სხვა შემთხვევაში პატარა შეცდომაზეც კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ ერთმანეთს, ასეთ დროსაც ნუ დაგვავიწყდება მადლობა –პატრულთან, მაშველებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოხალისეებთან ერთად – მადლობა რუსთავი ორს: მედიას, რომელმაც ჭირისუფალივით განიცადა და თავის თავზე გადაიტანა მთელი ეს საშინელება...", - წერს ანა ბაქანიძე.
სტატიის წყარო:fmabkhazia.com