მდინარე ვერე –საფრთხე მოსახლეობისთვის

მდინარე ვერე –საფრთხე მოსახლეობისთვის
მდინარე ვერეს ხეობა, რომლის ნაპირებზე წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული და რომლის წყალს თბილისის მოსახლეობა სასმელადაც იყენებდა XIX საუკუნეში, დღეს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაშია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
სტალინი, როგორც კომერციული ბრენდი და სიამაყე
მდინარე ვერეს ხეობა, რომლის ნაპირებზე წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული და რომლის წყალს თბილისის მოსახლეობა სასმელადაც იყენებდა XIX საუკუნეში, დღეს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაშია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

”დიდი ხანია მდინარე ვერეს წყალი არამც თუ არ დაილევა, მასში ბანაობაც აკრძალულია,”- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ”გამას” მიერ მომზადებულ ”მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების ანგარიშში.”

დასკვნა, რომელიც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" მოგვაწოდა, მდინარე ვერეს ხეობას თბილისის მიდამოებში აღწერს. კვლევა ჩატარდა გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი გვირაბის დასაწყისიდან ”ნაფეტვრების გზაჯვარედინამდე.” სულ შეისწავლეს 12,0–12,5 კმ–იანი მონაკვეთი. ანგარიში მომზადდა ”გამას” ლაბორატორიაში.

კვლევისათვის აიღეს ვერეს წყლის, ხეობის გრუნტისა და ნიადაგის სინჯები. ასევე, გაზომეს ხმაურის გავრცელების დონეებისა და რადიაციული გამაფონები, იღეს ატმოსფერული ჰაერის სინჯები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს კალაპოტი არაერთ ადგილას ჩახერგილია მოთხრილი ხეებით და არ იწმინდება. შესაბამისად მცირდება მისი გამტარუნარიანობა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროება იქმნება. თუმცა, ყველაზე დიდ საფრთხეს მდინარე ვერესა და მის ხეობას ”მზიურის” ტერიტორიაზე და ხეობის გარშემო აშენებული მაღალსართულიანი შენობები უქმნის.

”ვერეს ხეობაში განთავსებულია სხვადასხვა დიამეტრის საკანალიზაციო კოლექტორები... (ისინი) განკუთვნილია საცხოვრებელი სახლებისა და ორგანიზაციების სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების არინებისათვის,”- ნათქვამია ანგარიშში. აღწერის შედეგად ასეთი 125 წერტილი აღმოაჩინეს.

ზოგიერთი საკანალიზაციო მილი კვეთს ვერეს ხეობას, რომელთაგან უმეტესობა დაზიანებულია მცირე გამტარიანობის გამო. მართალია, მდინარეში თითოეული კოლექტორიდან მცირე რაოდენობის სამეურნეო-ფეკალური მასა ჩაედინება, მაგრამ საკანალიზაციო მილების სიმრავლე იწვევს ”მდინარის წყლის მნიშვნელოვან დაბინძურებას.”

ამას გარდა, კერძო საცხოვრებელი სახლების საპირაფარეშოები მდინარე ვერეზე არის გადმოდგმული, საიდანაც სამეურნეო-ფეკალური მასები გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეში. კვლევაში საუბარია ვერეს ხეობაში შექმნილ ანტისანიტარიაზე. ”მზიურისა” და ”მომავლის სკოლის” ტერიტორიების გარდა, თითქმის, მთელი ხეობა გადავსებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.

”საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურებულია მდინარის ორივე სანაპიროს ფერდობები და თვით მდინარის კალაპოტი... ხეობის დიდი ნაწილი წარმოადგენს არასანქცირებულ ნაგავსაყრელს.”- ციტატა ეკოლოგიური შეფასების დოკუმენტიდან.

მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა თავად ადგილობრივ მაცხოვრებლებს უქმნის საშიშროებას. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარდა ხეობის ტერიტორიაზე არის ისეთი სახიფათო ნარჩენები, როგორიცაა აზბესტის ფილები, ბითუმი, მაზუთი, უცნობი ქიმინური ნივთიერებები. აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვერეს ხეობის ნიადაგისა და გრუნტის, ატმოსფერული ჰაერისა და მდინარის წყალი დაბინძურებულია, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს.

ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებითა და ნანგრევების ნარჩენებით განსაკუთრებით დაბინძურებულია ყოფილი რაიონული საქვაბის ტერიტორია. თუმცა გაუქმებული საწარმოები ხეობის მთელ ტერიტორიაზეა განლაგებული.

”თბილისის მიდამოებში ტყის ცხოველებმა ადამიანის ზემოქმედება განიცადა, რადგან ტყის მოსპობის შემდეგ მათ შეუმცირდათ საარსებო არეალი: ზოგიერთი სახეობა მთლიანად გაქრა, ზოგიერთ სახეობათა რიცხვი კი ძალზედ შემცირდა.”

დოკუმენტში ნავარაუდებია, რომ მდინარის იქთიოფაუნა (მდინარეში მობინადრე ცოცხალი არსებები) შემცირდა.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ”გამა” ასკვნის, რომ აუცილებელია ”მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების... განხორციელება”, რაც ითვალისწინებს ხეობის გაწმენდას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან, ქიმიური ნივთიერებებისგან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ: ”გმირთა მოედნიდან ”მომავლის სკოლა”-ს მიმდებარე ტერიტორიმდე მონაკვეთი უყურადღებოდაა მიტოვებული (პრაქტიკულად გაუვალია) და წარმოადგენს საჭვო რეპუტაციის პირების თავშეყრის ადგილს.”

თბილისის მერიის პრესსამსახური "ნეტგაზეთს" ესაუბრა ამ პრობლემის გამო მერიის მიერ დაგეგემილ ღონისძიებებზე: ”მთელი ხეობა დაბინძურებულია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით... მდინარე ვერეში ფეკალური მასების ჩადინების 120-მდე ადგილია გამოვლენილი... გაკეთდება კოლექტორი და ყველა საკანალიზაციო მილი კოლექტორს მიუერთდება.”

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ (დასრულდება 2010 წელს) აიკრძალება მთელ ხეობაში კერძო, კომერციული და საწარმოოო მშენებლობები, ”რათა მდ. ვერეს მთელი ხეობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე გადაიქცეს ტყე-პარკად” – აცხადებს მერიის პრესამსახური.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”მწვანე ალტერნატივა” თამჯდომარე მანანა ქოჩლაძეს მიაჩნია, რომ კოლექტორების აშენება მდგომარეობას შეამსუბუქებს, თუმცა არ იქნება საკმარისი მდინარის გაწმენდისთვის: ”მდინარის დაბინძურება ზემო დონეებში იწყება და ქვემო დონეების გაწმენდა იქნება არაეფექტური”.

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დროს მდინარე რამდენიმე მონაკვეთზე გოფრირებულ მილესა და კოლექტორებში ჩასვეს, რადგან რამდენიმე ადგილას მაგისტრალი მდინარის კალაპოტზე გაივლის. ქოჩლაძეს გაუმართლებლად მიაჩნია ვერეს ჩასმა გოფრირებულ მილებში. იგი საუბრობს რისკებზე, რომ შესაძლებელია მდინარის წყალმა გამოჟონოს და ჩადგეს შენობების საძირკველში. მით უმეტეს, რომ ვერეს ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნები.

სამუშაოები მდინარე ვერეს კოლექტორში ჩასასმელად ამჟამადაც მიმდინარეობს ”მზიურის” ტერიტორიაზე.
სტატიის წყარო:netgazeti.ge