პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები

პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები
საზოგადოების ნაწილს პუტკუნა მარიტა როხვაძე არ მოსწონდა, მაგრამ "კრიტიკოსები" წონაში საგრძნობლად დაკლებულსა და კიდევ უფრო გალამაზებულსაც გამოუჩნდნენ.
რაც მთავარია, თავად მარიტა საზოგადოებისგან მეტ სიყვარულს გრძნობს და ნაკლებ - აგრესიას. სურს, "ხელახლა დაბადებული" (უკვე - წონაში დაკლებული) ხალხმა შეიყვაროს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს.

- მარიტა, შენი შესრულებული პირველი სიმღერა გაიხსენე...
- დაახლოებით 4 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღში, ზეიმზე ვიმღერე: "იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა..." სხვათა შორის, იოლად სამღერი არ იყო.

- პირველი "შატალო"...
- ბუნტისთავი ვიყავი (იცინის) და "შატალოს" ინიციატორიც არაერთხელ გახლდით. პირველად სკოლის ფანჯრიდან გავიპარეთ და ბაგრატის ტაძარში ავედით.

- პირველი თაყვანისმცემელი გაიხსენე...
- ვაიმე, არ მახსოვს (იცინის). ისე, საბავშვო ბაღში ყველა ბიჭი მომწონდა.

პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები
- ამას გამოხატავდი?
- არა, მათ სიყვარულს გულში ვიკლავდი (იცინის). მოზრდილ ასაკს რაც შეეხება: ჩემი პირველი სიყვარული ზურა ნიქაბაძე იყო, რომელთანაც 3-წლიანი ურთიერთობა მქონდა და დავასრულე. მანამდე სერიოზულად არავინ მომწონებია. თაყვანისმცემლებს ყურადღებას არ ვაქცევდი. როცა ადამიანი არ მომწონს, ვცდილობ, ჩამოვიშორო.

- აბეზარი თაყვანისმცემლები გყოლია?
- კი. ისინი თავს მაბეზრებდნენ თუნდაც - მოკითხვით, დარეკვით. მეუბნებოდნენ, - მინდა, გნახო, დღეს სად მღერიო? არადა, სად ვმუშაობ და სად ვმღერი, ყველამ ძალიან კარგად იცის, ამის შესახებ "ფეისბუკზე" თავად "ვაზიარებ"... იცი, რა არ მომწონს? რაღაცებს რომ "გამოჩხრეკენ" და ნებისმიერ მიზეზს ეძებენ ჩემამდე მოსასვლელად. როცა ადამიანი არ მომწონს და ასე იქცევა, ეს ძალიან შემაწუხებელია.

- პირველი სამსახური...
- 13 წლისამ დაბადების დღის ცენტრში დავიწყე მუშაობა.

- პირველი სამუშაო დღე გახსოვს?
- ზუსტად - არა, მაგრამ მახსოვს, რა მეცვა: საყვარელ კომბინეზონში ვიყავი გამოწყობილი და ხუჭუჭა, ფერადი პარიკი მეხურა. ბავშვებზე ვგიჟდები, პატარები ძალიან მიყვარს. პირველი სამუშაო დღე რომ დასრულდა, ვთქვი: მორჩა, "მოვიწამლე"-მეთქი. მინდოდა, ყოველდღე ბავშვებისთვის მეცქირა, მათი გულები გამეხარებინა... რასაც მთხოვდნენ, ყოველთვის ვუსრულებდი. როგორც ჩანს, კარგი წამყვანი ვიყავი (იცინის). ის ბავშვები ამდენი წლის მერეც რაღაცებს მწერენ, მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს მიგზავნიან და ძალიან მიხარია.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?
- ხელფასს გამომუშავებით ვიღებდი. პირველ თვეში 500 ლარზე მეტი გამომივიდა, მე კი მთელი თანხა შინ მივიტანე და დედას ვუთხრი, - ყველამ ერთად მოვიხმაროთ. როგორც გინდა, ისე გამოიყენე-მეთქი. ასე რატომ მოვიქეცი? ალბათ იმიტომ, რომ დედამ უკეთ იცოდა, ის ფული როგორ უნდა დაგვეხარჯა სწორად.

- პირველი დიეტა...
- ჩემი პირველი (და უკანასკნელიც) დიეტა იყო, როცა 4 თვის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურას ვჭამდი, რამაც 21 კილოგრამი დამაკლებინა (იცინის). თან, წონაში კლებას ვარჯიშით, აუზსა და საუნაში სიარულითაც ვუწყობდი ხელს. მას შემდეგ 2 წელია, წიწიბურა არ მიჭამია.


- დიეტის დაცვა დიეტოლოგთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტე?
- კი, ასე იყო. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ წონაში დამეკლო და ყველანაირი საკვების მიღება ავკრძალე, გარდა წიწიბურასი.

- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგქმნია?
- თავს გადასარევად ვგრძნობ. უბრალოდ, ბოლო პერიოდია, ცოტათი თმა მცვივა, სხვა მხრივ არაფერი მაწუხებს. წიწიბურა სასარგებლოა, უპირველეს ყოვლისა - კუჭ-ნაწლავისთვის. დიეტის განმავლობაში ბევრ სითხეს ვიღებდი, ოღონდ - მხოლოდ წყლის სახით. დღეში დაახლოებით, 5 ლიტრ წყალს ვსვამდი.

- პირველი ტყუილი...
- ჩემი პირველი ტყუილი კარგად მახსოვს და ვნანობ, რადგან პატარა ტყუილსაც კი სარგებელი არასოდეს მოაქვს: მეგობრის დაბადების დღეზე არაყი დავლიე. შინ დაბრუნებულს მამამ მკითხა, - დალიეო? - არა-მეთქი, - ვუთხარი. შეკითხვა გამიმეორა და დასძინა: - იცოდე, არ მომატყუოო. მე კი ისევ ვიცრუე, არადა, ფეხზე ძლივს ვიდექი.

- მამამ ტყუილისთვის დაგსაჯა?
- ჰო, არ მელაპარაკებოდა. ტყუილი არავის უყვარს, მაგრამ მამას - განსაკუთრებულად. მის ხელში გავიზარდე, თან - დედისერთა ვარ. დედა 26 წელი ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. ამიტომ ცეკვაზე, სიმღერასა თუ სკოლაში სულ მამას დავყავდი. მასთან ბევრ დროს ვატარებდი. ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა... ჰოდა, წარმოიდგინე, ეს ადამიანი რომ არ გელაპარაკება!.. ვერ ავიტანე, მივედი და ნეკა თითი გავუწოდე - "ნეკი-ნეკისა", შევრიგდეთ-მეთქი. მაშინვე შემირიგდა, უჩემოდ დიდხანს ვერ ძლებს.

- პირველი პაემანი...
- ჩემი და ზურას პაემანი რეპეტიტორიდან ჩემს სახლამდე მისვლა და გზად საუბარი იყო (როცა ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდით). პირველმა მე ვუთხრი, რომ მიყვარდა. თვითონ მაწვალებდა (იცინის).

- პირველი კოცნა...
- ზურას ვაკოცე. მახსოვს, ვკანკალებდი და ხელისგულები გამიოფლიანდა, თვალები კი მაგრად მქონდა დახუჭული.

- კოცნის ინიციატორიც შენ იყავი?
- არა, ასეთ რაღაცებში ინიციატივას ვერ ვიჩენ...
- საზოგადოებისგან პირველი აგრესია როდის იგრძენი?
- როცა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. ჩემზე დაწერილ ცუდ კომენტარებს ვკითხულობდი - ეს მსუქანი გოგო სცენიდან "ჩამოხსენითო" (ჩემს ხმაზე ცუდს ვერასდროს ვერაფერს ამბობდნენ). "ბრავოში" მონაწილეობის დროსაც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი: ახლა იმას ამბობდნენ, - ასე რატომ დაიკლო წონაში, ეს რა არისო? ვერ გავიგე, ამ ხალხს რა უნდა. მე ისეთი მარიტა მომწონს, როგორიც ვარ.

- პირველი ინტიმური საჩუქარი...
- ესეც ზურას უკავშირდება: Victoria Secret-ის საცვლები (თავისი გაფორმებითა და ყუთებით) მაჩუქა... ვცდილობ, ყოველთვის ხარისხიანი და ლამაზი საცვლები შევიძინო - ესთეტიკურია, მომწონს...

- მარიტა, შენს პირად ცხოვრებაში ახლა რა ხდება?
- ახლა ჩემი "პირადი ცხოვრება" საქმეა. პირადი ცხოვრება, ასე ვთქვათ, "მომიკლეს"... გული ზედმეტად აცრუებული მაქვს. ამიტომ არ მინდა, ვინმე მიყვარდეს. არ ვიცი, მომავალში რა როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია, საქმე ვაკეთო. როგორც ჩანს, ისეთი მაგარი ვერ ვარ, რომ პირადი ცხოვრება და კარიერა ერთდროულად მქონდეს.

იხილეთ სტატია სრულად
სტატიის ავტორი: ეთო ყორღანაშვილი
სტატიის წყარო:ჟურნალი ”გზა”