ვინ "მოკლა" ქართული შოუ-ბიზნესი და მომღერლების პრეტენზიები

ვინ "მოკლა" ქართული შოუ-ბიზნესი და მომღერლების პრეტენზიები
"ცოცხლად ვერ მღერით – კარგი, "პირსაც ვერ ამთხვევთ" შიგადაშიგ ფონოგრამას – ეგეც ჯანდაბას, მაგრამ ჩანაწერები მაინც განაახლეთ, 10 წლის წინ ჩაწერილ ფონოგრამებზე რომ გვიმღერით და სულ სხვა ხმა რომ ისმის, ან ჯგუფებში წევრების ცვლილების დროს – ძველი წევრის ხმაზე რომ "აღებს პირს" ახალი წევრი…"

"ნინო ჩხეიძე, რომელმაც იპოვა აუთვისებელი სეგმენტი, მოერგო, შესაბამისად მისი მუსიკაც მოთხოვნადია დღეს"

"ეკა კვალიაშვილის ვოკალურ მონაცემებშიც, ალბათ არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ რა ჩვენი ბრალია, რომ მისი სიმღერებიდან, მხოლოდ "სოფელო" გვახსენდება?"

"ერთად ვიქნებით, გრძნობები, ღამეს, თუ მთვარეს შენზე მოვუყვები, ოცნება, გრძნობები, სიზმარში გნახავ, გეფერები, დამიბრუნდი – WTF, სიმღერაა თუ ვენესუელური სერიალი?! ტექსტში მაინც გადაუხადეთ ვინმეს, მუსიკა თუ ძვირია."

მიძინებული ქართული შოუ -ბიზნესი, ბოლო პერიოდში სატელევიზოი შოუებმა გახადეს აქტუალური, რაც, როგორც ბლოგერს, ყურადღების მიღმა ვერ დამრჩებოდა…
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ შოუ-ბიზნესის მნიშვნელობა საზოგადოებას არასწორად ესმის და მას მხოლოდ მუსიკასთან აიგევებენ. ამ ეტაპზე, ერის ამ კუთხით განათლებაზე არ ვიზრუნებ, უფრო მეტიც, მეც მუსიკალურ ჭრილში განვიხილავ თემას, რადგან საქართველოში, ეს მიმართულება ყველაზე აქტუალურია.

და მაინც, რატომ "მოკვდა" ქართული შოუ-ბიზნესი და იყო თუ არა ის ოდესმე, მოწოდების სიმაღლეზე?
ვეცდები ჩემი პასუხი რამდენიმე, მოკლე პუნქტად ჩამოვაყალიბო:

• თუ ნინო ქათამაძის და ჯერ კიდევ ახლად მოვლენილი "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტები ანშლაგით იმართება, ე.ი. ჯერ კიდევ შეგვრჩენია ქართველებს გემოვნების თუნდაც ნატამალი და როცა თითს მსმენელისკენ იშვერთ, იქნებ მანამდე მეხსიერება დაძაბოთ და გაიხსენოთ რა შექმენით უკანასკნელი თვეების, ან თუნდაც წლების განმავლობაში? ვინც ქმნის, ვხედავთ, ვინც არა – უკაცრავად.

• ნინო ჩხეიძე, რომელმაც იპოვა აუთვისებელი სეგმენტი, მოერგო, შესაბამისად მისი მუსიკაც მოთხოვნადია დღეს – არ არის საკმარისი მაგალითი ხელჩაქნეული ვაი მომღერლებისთვის, ვინც მსმენელს აბრალებს "შოუ-ბიზნესის მკვლელობას";

• რატომ აღიქმება რეგიონში სიმღერა სამარცხვინოდ, როცა მომღერლების ნაწილი, სწორედ რეგიონებიდან არიან ჩამობრძანებულები, წლების წინ, ჩემთვის, გაცილებით დიდი პატივი იქნებოდა რეგიონში სიმღერა და იმ ხალხის გაბედნიერება, ვინც უფრო მოკლებულია მსგავს შოუებს და ამით გაცილებით დიდი სიამოვნებას მივიღებდი…

• აჩიკო მეფარიძის "მითხარი" და "მშვიდობით" მერამდენე წელი უნდა ვისმინოთ, შეიძლება რეპერტუარი 2000 წელსაც და 2015-შიც იგივე იყოს? შექმენით ბატონო რამე ახალი და მიგიწვევენ; ეკა კვალიაშვილის ვოკალურ მონაცემებშიც, ალბათ არავის ეპარება ეჭვი, მაგრამ რა ჩვენი ბრალია, რომ მისი სიმღერებიდან, მხოლოდ "სოფელო" გვახსენდება? არაფერს ვამბობ ვინმე კახა კუხიანიძეზე, ვინც მისი პრეტენზიებით გვახსოვს მხოლოდ და არც სახელი გვეუბნება რამეს და არც მისი რომელიმე სიმღერა გვახსოვს – თუ ვინმემ რამე იცით – არ დაგვიმალოთ…

• იტყვით, რომ თანხა არ არის და შესაბამისად სიახლეც ვერ იქმნება, თუ სიახლე ვერ იქმნება, ჩვენგან რატომ ითხოვთ, რომ დღესაც გვაინტერესებდეთ და ათასი წლის გადაღეჭილ სიმღერებს ვუსმენდეთ უკვე მერამდენე წრეზე?

• ყოფილი ვოისის, ჯეოსტარის, საქართველოს ვარსკვლავის, იქს ფაქტორის ხალხი, დღეს რომ აღარავის ახსოვს, იქნებ ესეც მსმენელის ბრალია? თუ გნებავთ, ბევრ მაგალითს მოგიყვანთ ადამიანების, ვინც ამ შოუების შედეგად გაითქვეს სახელი და დღემდე აქტუალურები არიან,
ხოლო ის ხალხი, ვინც გულხელდაკრეფილი ელოდება სახლში, რომ ვიღაც მიიწვევს, ასევე გულხელდაკრეფილები შეხვდებიან 2050 წელსაც. "ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ" და რეალურად ამის ბევრი მაგალითი გვაქვს გარშემო.და ზოგადად, წარუმატებელი მომღერლების მიერ მოგონებული სიტყვა "ბლოკავენ" – ვერ "გააპრავებს" ვერავის არასწორ სტრატეგიას.

• და კიდევ, მსმენელმა ისწავლა ხარისხიანი მუსიკის გარჩევა უხარისხოსგან და ვოკალურ მონაცემებსაც სწორად აფასებს, გადახედეთ ტოპ ოფ მაინდ მომღერლებს საქართველოში და გაიხსენეთ, რამდენ მათგანს აქვს ძლიერი ვოკალური მონაცემები?
და კიდევ: ვოკალი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაგაფასონ, ცოტა ტვინი, კრეატივი, ოდნავ მარკეტინგული აზროვნება და შრომისმოყვარეობაც საჭიროა და ცარიელი სიტყვებით და მოთქმა-გოდებით ვერაფერს მიაღწევთ.
სიტყვაც გეუბნებათ, "შოუ-ბიზნესი", სად არის ან შოუ ან ბიზნესი?

ერთ შემთხვევას გავიხსენებ, პირადი გამოცდილებიდან – შარშან, შობას შევხვდი ბაკურიანში და მე და ჩემმა მეგობრებმა, უდიდესი სიამოვნება მივიღეთ ქუჩის ბიჭების კონცერტისგან, რომელთა სიმღერების ტექსტებიც სულ ზეპირად გვცოდნია.
და კიდევ, შეიძლება ის, რასაც ქმნიდით 10 წლის წინ – იყო მოთხოვნადი და აქტუალური, მაგრამ ათი წლის შემდეგაც, ზუსტად იდენტური ჟანრი, სიტყვებიც "მენატრები, მიყვარხარ, მთვარე იტირებს, გელოდები, ფიქრები – ერთად ვიქნებით, გრძნობები, ღამეს, თუ მთვარეს შენზე მოვუყვები, ოცნება, გრძნობები, სიზმარში გნახავ, გეფერები, დამიბრუნდი – WTF, სიმღერაა თუ ვენესუელური სერიალი?! ტექსტში მაინც გადაუხადეთ ვინმეს, მუსიკა თუ ძვირია.
დრო მიდის, მსმენელის გემოვნება იცვლება, ვინც ერგება ახალ ტენდენციებს, ის გადარჩება, ხოლო ის, ვინც ვერ აყვება დროს და შესაბამისად ვერც მოერგება – გაქრება, რა არის ამაში გაუგებარი და მით უმეტეს – საწყენი?

და კიდევ, ცოცხლად ვერ მღერით – კარგი, "პირსაც ვერ ამთხვევთ" შიგადაშიგ ფონოგრამას – ეგეც ჯანდაბას, მაგრამ ჩანაწერები მაინც განაახლეთ, 10 წლის წინ ჩაწერილ ფონოგრამებზე რომ გვიმღერით და სულ სხვა ხმა რომ ისმის, ან ჯგუფებში წევრების ცვლილების დროს – ძველი წევრის ხმაზე რომ "აღებს პირს" ახალი წევრი…

მანამდე კი, სანამ პრეტენზიებს გამოთქვამთ – შემოგვთავაზეთ ხარისხიანი მუსიკა, სიახლეები, ა.შ… და მთავრობა, თუ მსმენელი, მხოლოდ ამის შემდეგ დაგვადანაშაულეთ "შოუ-ბიზნესის მკვლელობაში"