საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის 2020 წელს თბილისი მესამე ადგილზეა.

საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის 2020 წელს თბილისი მესამე ადგილზეა.
თბილისმა ევროპულ დედაქალაქებს შორის საერთაშორისო კონკურსე მესამე ადგილი დაიკავა კოლმარისა და ათენის შემდეგ კონკურსში "ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020".

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისი 2020 წელს იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით.

„საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია. შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს. საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში, ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე“, - აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საერთაშორისო კონკურსისთვის - „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.
სტატიის წყარო:primetime.ge