მეგობრის დედამ მასწავლა როგორ შემეჩერებინა ცხვირიდან სისხლდენა ლიმონის წვენით
ბავშვობიდან ერთი უბედურება მჭირდა - ცხვირიდან მოულოდნელად წამსკდებოდა ხოლმე სისხლი და ვერაფრით ვიჩერებდი. ვერც მიზეზი გავიგე. ერთნი ერთს მეუბნებოდნენ, მეორენი - მეორეს. ავადმყოფობას ვერ დავაბრალებდი, რადგან ბავშვობიდან ფრჩხილიც არ წამომტკივებია. ბოლოს დავასკვენი, რომ ცხვირის სისხლძარღვების სისუსტის ბრალი იყო. სისხლდენასთან გამკლავება ერთმა უბრალო შემთხვევამ მასწავლა. ერთხელ მეგობარს ვესტუმრე და ღამით მასთან დავრჩი. მოულოდნელად ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ჩემი მეგობარი შეშინდა და დედას დაუძახა, რომელმაც მასწავლა, რა გამეკეთებინა ამ დროს, მე კი მინდა, თქვენც გასწავლოთ.
- ჩემი მეგობრის დედამ თავდაპირველად მაცივრიდან გამოღებული ყინული ტილოში შეახვია და ცხვირზე დამადო, მერე აიღო 1 ჭიქა ცივი წყალი, ჩააწურა მასში მეოთხედი ლიმონის წვენი და მთხოვა, ეს ნარევი ცხვირით შემესრუტა და თითის ნესტოზე მიჭერით ცოტა ხანს ცხვირში შემეკავებინა. სისხლდენა მალე შემიწყდა.
- გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის დროს მშვიდად უნდა იჯდეთ (არ დაწვეთ!). ხსნარისთვის, გარდა ლიმონისა, შეიძლება გამოიყენოთ ღვინის ძმარი - ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე.
- შესანიშნავია ჩვეულებრივი შაბიც: დაფხვენით, 1/3 ჩაის კოვზი გახსენით ერთ ჭიქა ცივ წყალში, ცხვირით შეისრუტეთ და ორივე ნესტო კარგად გამოირეცხეთ.
- ამავე მიზნით ზაფხულში შეიძლება გამოიყენოთ ფარსმანდუკის ქორფა ფოთლები ან მათი გამონაწური. ფოთლები კარგად დასრისეთ და პატარ-პატარა ნაფლეთები ნესტოებში ჩაიდეთ ან თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ახალგამოწურული წვენი.