ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ებრძვის თმის ცვენას...

ბოლო ხანს ზედიზედ გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია. შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამის შემდეგ დამეწყო თმის ცვენა. ახალი წამლების შეძენის აღარც სურვილი მქონდა და აღარც საშუალება. ბედს მივენდე და ვიფიქრე, უკიდურეს შემთხვევაში პარიკს ვატარებ-მეთქი, მაგრამ მეგობარმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მცენარეულ წამლებს, მირჩია, ეს საშუალებები მომესინჯა:

  • აიღეთ სვიის გირჩები, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და ნახევარ საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ. მე მიშველა. თქვენც სინჯეთ, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით.

  • აიღეთ 10 გრამი კონიაკი, 40 გრამი ხახვის გამონაწური და 50 გრამი ოროვანდის ფესვების ნახარში, აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თავის კანში, შემოიხვიეთ პირსახოცი და 2 საათს გაიჩერეთ, შემდეგ თავი დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეგამოშვებით.

  • აიღეთ 100 გ არაყი. 1 ცალი წითელი მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ არაყში. 1 დღე-ღამით დააყენეთ და თმაში შეიზილეთ. პარალელურად გაარჩიეთ 1 კბილი ნიორი, მოაჭერით ბოლო, რომ წვენი გამოუვიდეს და ისიც თმის ძირებში შეიზილეთ. შედეგი 2 კვირაში ვიგრძენი. პროფილაქტიკის მიზნით ამ რეცეპტს დროდადრო დღესაც ვიყენებ.

  • თმის გასამაგრებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ ვიყენებ ალოეს წვენს: ვიღებ ალოეს ღეროს, ვჭრი სიგრძეზე და დაბანამდე 10 წუთით ადრე ვიზელ თმის ძირებში. ეს დაბანის შემდეგაც შეიძლება გააკეთოთ, მაგრამ მაშინ უკვე ალოეს გამონაწური დაგჭირდებათ ( დაახლოებით 1 სუფრის კოვზი).

  • თმის ძირების გასამაგრებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბუდობრივი ალოპეცია ემუქრება, რეკომენდებულია თავის დაბანის წინ ჭინჭრის კომპრესების დადება.
    აიღეთ ახალი, მწვანე ჭინჭარი, კარგად გახეხეთ - ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა, აავსეთ ნახევარლიტრიანი მინის ქილა სამ მეოთხედზე, პირამდე შეავსეთ ვაშლის ძმრით ან რძის შრატით და 2-3 დღე გააჩერეთ.
    პროცედურის წინ ეს ფაფა სხეულის ტემპერატურამდე უნდა გაათბოთ, მოათავსოთ რბილი ქსოვილის ნაჭერზე და დაიდოთ თავზე ისე, რომ მთელი თმოვანი საფარი დაიფაროს, ზემოდან კი კომპრესის ქაღალდი ან რბილი პირსახოცი დაიფაროთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. უმჯობესია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ საღამოს, ძილის წინ. თავი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით, მაგრამ არა შხაპის ქვეშ, არამედ ზევიდან დასხმით. შამპუნის ნაცვლად უნდა გამოიყენოთ მდოგვი ან ქათმის კვერცხის გული - ათქვიფოთ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ასე დაისხათ თმაზე. სცადეთ, თავად ნახავთ, როგორ გაამაგრებს თმის ძირებს ჭინჭარი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი