როგორ მოვიცილოთ კოჟრი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებით
დაცხება თუ არა, ტერფები მტკივდება, კანი მისქელდება და მიმკვრივდება. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე, მან კი კოჟრების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება მასწავლა. მათი წყალობით უწინდელი დისკომფორტი აღარ მაწუხებს. აი ეს რეცეპტები:
- საღამოს ფეხები ცხელ წყალში ჩაყავით და 15-20 წუთს გააჩერეთ. თუ წყალი გაგრილდა, ფრთხილად ჩაამატეთ მდუღარე. შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე ლიმონის ნაჭერი დაიდეთ და კარგად შეიხვიეთ. 4-5 დღეში კოჟრი გაქრება.
- კოჟრი ჩამოიბანეთ შემწვარი ხახვის ნახარშით. პროცედურა ჩაიტარეთ რამდენიმეჯერ, კოჟრის ამოვარდნამდე.
- ხახვის ფურცელს დაასხით ძმარი და ორ კვირას გააჩერეთ. დაიდეთ კოჟრზე დაახლოებით 3 მმ სისქის ფენა და დილამდე დაიტოვეთ. გაიმეორეთ, ვიდრე კოჟრი არ ამოვარდება.
- დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით, კარგად გაიმშრალეთ და დაიდეთ გაჭრილი ლეღვი. გაიმეორეთ ყოველ ღამე, ვიდრე შედეგს არ მიიღებთ.
- აიღეთ ერთი თავი ხახვი, გაფცქვენით და შუაზე გაჭერით. ჩადეთ ჭიქაში და დაასხით იმდენი ღვინის ძმარი, რომ დაიფაროს. ასე დატოვეთ ერთი დღე - ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ მოაცილეთ ერთი ფურცელი და დაიდეთ კოჟრზე. დაიმაგრეთ პლასტირით ან ბინტით. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. რამდენიმე დღეში კოჟრისგან კვალიც არ დარჩება.
საკმაოდ შემაწუხებელია ბებერაც. ხდება ხოლმე, შიშველ ფეხზე ჩაიცვამ ფეხსაცმელს, ფეხი გადაგეყვლიფება, გაგიწითლდება და ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც წყლით ივსება. ასეთ დროს მოიქეცით ასე: თბილ წყალში გახსენით იმდენი კალიუმის პერმანგანატი, რომ წყალმა ბაცი ვარდისფერი მიიღოს, დაამატეთ ცოტაოდენი ჩვეულებრივი სუფრის მარილი და ფეხები 15-20 წუთით ჩაყავით ამ წყალში. რომ ამოიღებთ, არ გაიმშრალოთ, ზედვე შეიშრეთ. ტკივილი ძალიან მალე გაივლის და ბებერაც შრება.