კლიმაქტერულ პერიოდს მცენარეული საშუალებებით მარტივად მოვერიე

კლიმაქტერულ პერიოდს მცენარეული საშუალებებით მარტივად მოვერიე
ქალის მძიმე ხვედრზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა 45 წელს გადავაბიჯე და კლიმაქსი დამეწყო. მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბუნებრივია და ამიტომ არცთუ ისე ძნელად გადასატანი მდგომარეობა იყო, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ამაში ეჭვი შემეპარა. თანამედროვე მედიცინა კლიმაქსის შესამსუბუქებლად არაჩვეულებრივ საშუალებებს ფლობს, მაგრამ ჩემთვის ჰორმონული პრეპარატების მიღება არაფრით შეიძლება, რადგან ღვიძლი მაქვს დაზიანებული - ბავშვობაში B ჰეპატიტი გადავიტანე და ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ წამლების მიღებისას მთელი სიცოცხლე დიდი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. მაშინ იყო, ხალხური მედიცინა რომ გამახსენდა - ძველად ხომ ამ მდგომარეობას ქიმიური პრეპარატების გარეშეც უმკლავდებოდნენ. დედასაც ვკითხე, როგორ ართმევდა თავს კლიმაქსს - თურმე ჩვეულებრივ თევზის ქონს სვამდა. შევიძინე თევზის ქონის კაფსულები და დავიწყე სმა. ამასთანავე, გამიგონია, რომ ვინც თევზის ქონს სვამს, დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას, ახალგაზრდულ კანს და ნათელ გონებას, ნაკლები აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი.

  • მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაში კი გვირილის ნაყენი დამეხმარა: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ მენსტრუაციებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

    ძლიერი სისხლდენების დროს მშველოდა ჩვეულებრივი ღოლო:
  • 1 ს/კ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობადე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

  • საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხუჯის ფესვიც: ძალიან წვრილად უნდა გახეხოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლეთ თაფლიანი წყალი ( 1 ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

  • ძალიან გამიჭირდა მოუსვენრობისა და შიშების გადალახვა. დამეხმარა ასეთი ნარევი: 4 სუფრის კოვზი კრაზანა, 5 ს/კ სვია, 5 ს/კ მინდვრის ნემსა და 5 ს/კ ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • გულისმხრივ სიმპტომებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი.
    ცნობილია, რომ კლიმაქსთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, ნუ შეგეშინდებათ. მე სპორტს არ მივდევ, მაგრამ ყოველ დილით ვვარჯიშობ, ბევრს დავდივარ ფეხით, სახლში მე-8 სართულზე ულიფტოდ ავდივარ. ამასთანავე, რეგულარულად ვიღებ სოფლის კვერცხის ნაჭუჭს: გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, კარგად გაშრება, მოაცალეთ აპკი, კარგად დაფქვით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ დანის წვერით. მიღებამდე დააწვეთეთ 1 წვეთი ლიმონი.

ექიმის კომენტარი:
თევზის ქონი მართლაც გამოდის კაფსულების სახით, ამასთან ის ვიტამინიზირებულია და საკმაოდ ბევრი ჩვენებაც აქვს. ჩვენს შემთხვევაში აღსანიშნავია მისი ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება. აგრეთვე ის, რომ ამაგრებს ძვლებს და შესაბამისად კლიმაქსის დროს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის მართლაც კარგი საშუალებაა. ამავე მიზანს ემსახურება მკითხველის მიერ შემოთავაზებული კვერცხის ნაჭუჭისა და ლიმონის ნარევი.
გვირილას ნაყენი, მართლაც გამოიყენება მედიცინაში საშვილოსნოდან სისხლდენების შემაჩერებლად. ასევე სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი აქვს ღოლოსაც, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის თირკმელების დაავადებების დროს უკუნაჩვენებია. კუნელი, რომ კარგი საგულე საშუალებაა ამაზე ბევრი დაწერილა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე.
რაც შეეხება ბარამბოს, სვიისა და მინდვრისნემსას იგი მართლაც გამოირჩევა დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
ასე, რომ მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტები მართლაც დაგეხმარებათ კლიმაქსის დროს განვითარებული მოვლენების ადვილად დაძლევაში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის უამრავი მაღალეფექტური პრეპარატია გამოსული და ექიმი აუცილებლად დაგეხმარებათ მათ შერჩევაში და ქალისთვის ამ არასასიამოვნო პერიოდის "უმტკივნეულოდ" დაძლევაში.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო