წითელი მოცხარი და ნიორი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ...

წითელი მოცხარი და  ნიორი იმუნიტეტს  გაგიძლიერებთ...
ზამთარი ნორმალურად ჯერ არც კი დაწყებულა, რომ ათობით, ასობით ადამიანს გრიპი და გაციება აწამებს. მინდა ყველას ვურჩიო ერთი მარტივი ხალხური წამალი, რომელიც იმუნურ სისტემას მოგიძლიერებთ, ხშირი გაციებისგანაც დაგიცავთ და ენერგიით აგავსებთ.

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 კგ წითელი მოცხარი, 300 გრამი ნიორი და 2 ლიმონი ქერქიანად. ეს ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ 400 გრამი თაფლი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათი აცადეთ და მზად არის. მიიღეთ 2-2 ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, და საღამოს, ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
    ნარევი ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენას.

    ნიორი, როგორც ცნობილია, ორგანიზმის ქოლესტერინისა და სხვა სახის ნალექებისგან წმენდს. მოცხარი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებსაც, სხვა ხილისა და კენკრისგან განსხვავებით, დამუშავების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს.
    თაფლის შესახებ ვფიქრობ, ლაპარაკიც ზედმეტია - ბავშვმაც კი იცის, რა სასარგებლო პროდუქტია და როგორ აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორ უადვილებს ინფექციებთან გამკლავებას.
    ნარევი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ოღონდ მათ დღეში 1 ჩაის კოვზიც ეყოფათ, შუადღისას, სადილის შემდეგ.

    ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნიტეტის ასამაღლებლად:
  • აიღეთ 5 სუფრის კოვზი ნაძვის ახალგაზრდა წიწვი, 3 სუფრის კოვზი ასკილის დანაყილი ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი. ამ ნარევს დაასხით 700 მლ მდუღარე წყალი, ჩადგით ორთქლის აბაზანაში და ადუღეთ 3-4 საათი ან გააჩერეთ თერმოსში მთელი ღამით. გადაწურეთ და მთელი დღე წყლის მაგივრად სვით. დღიური ულუფა 1,5 ლიტრია. სვით 4 თვის განმავლობაში. პერიოდულად აკონტროლეთ სისხლის მაჩვენებლები: ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, ქოლესტერინი, რკინა და ა.შ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი