ამ ბურახის დალევის შემდეგ ჩემი კუჭ - ნაწლავი საათივით მუშაობს

ამ ბურახის დალევის შემდეგ ჩემი კუჭ - ნაწლავი საათივით მუშაობს
ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრა ექიმმა. დამინიშნა წამლები - არ მიშველა, თუმცა ჩემი ბრალიცაა, რადგან დანიშნულება ბოლომდე არ შევასრულე. შეკრულობამ მეტისმეტად რომ შემაწუხა, კეთილი ვინებე და ისევ მივაკითხე ექიმს. მან ხელახლა დამინიშნა წამლები, თან საოცარი ბურახის მომზადებაც მასწავლა - შეკრულობას შველისო. წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ, ბურახს ვსვამდი და კუჭ-ნაწლავის მოქმედება სავსებით მომიწესრიგდა. გასწავლით ამ საოცარი ბურახის მომზადების წესს:

დაგჭირდებათ:
  • 3 ლ რძის შრატი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა

მომზადების და მიღების წესი:
აიღეთ რძის შრატი, დაამატეთ შაქარი. დაჭრილი ქრისტესისხლა (შეიძლება ნედლიც და ხმელიც ) გაახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიანი ქილის ფსკერზე. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სიბნელეში დადგით. ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ, ჩაასხით მინის ქილაში, თავი პოლიეთილენით მოუკარით და მაცივარში შედგით. სვით 0,5 - 0,5 ლ დღეში 2 - ჯერ, დილა - საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის კურსი 2 კვირაა, შემდეგ 10 დღე უნდა შეისვენოთ, მერე კი დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ. დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ნადებს ვიშორებ ჩაის კოვზით, ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით) რამდენიმე წუთის შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს და ნახევარ საათში ვსაუზმობ. ასე იწყება ჩემი დილა ამ უებარი ბურახით მკურნალობის პერიოდში. გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად - გახეხილს, მაგალითად, ვხეხავ ჭარხალს, სტაფილოს და ვაზავებ მცენარეული ზეთით. ახლა ჩემი კუჭ -ნაწლავი საათივით მუშაობს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი