პომიდვრის დიეტა ჰიპერტონიკებს არტერიული წნევის დაქვეითებაში დაეხმარება

პომიდვრის დიეტა  ჰიპერტონიკებს   არტერიული წნევის დაქვეითებაში დაეხმარება
American Heart Journal - ის ცნობით, პომიდვრის ექსტრაქტს არტერიული წნევის დაქვეითების უნარი შესწევს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰიპერტონიული დაავადების საწყისი სტადიის სამკურნალოდ. ბენ - გურიონის უნივერსიტეტის ექიმთა მიერ ორგანიზებულ გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო ჰიპერტონიის საწყისი სტადიით დაავადებულმა 30-დან 70 - წლამდე ასაკის 31 - მა პირმა. ისინი 4 კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდნენ პლაცებოს, ამის შემდეგ 8 კვირის მანძილზე ყოველდღე ეძლეოდათ პომიდვრის ექსტრაქტის შემცველი ერთი კაფსულა. დაბოლოს, მათ კვლავ პლაცებოთი მკურნალობის ოთხკვირიან კურსს უტარებდნენ.

პომიდვრის ექსტრაქტის შემცველი კაფსულებით მკურნალობის დროს მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ სისტოლური წნევის საშუალო მაჩვენებელი გამოსაკვლევ პირებში 144 -დან 134 მმ ვწყ. სვ - მდე ჩამოქვეითდა, დისტოლური წნევა კი - 87,4 - დან 83,4 - მდე. არტერიული წნევის დაქვეითებასთან ერთად მეცნიერებმა პაციენტების სისხლში ე.წ. სტრესის ოქსიდატური მარკერების შემცირებაც აღნუსხეს. ამ მაჩვენებლების შეცვლამ მკვლევარებს აფიქრებინა, რომ არტერიულ წნევაზე კაფსულების დადებითი ზემოქმედება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათში ანტიოქსიდანტების შემცველობით. ანტიოქსიდანტური თვისების მქონე ნივთიერება ხელს უშლის ჟანგბადის ტოქსიკური რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც მონაწილეობენ მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის - გულ - სისხლძარღვთა და ონკოლოგიური პათოლოგიების, განვითარებაში.



გამოკვლევის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პომიდორი შეიცავს ანტიოქსიდანტურ ლიკოპენს, რომელიც მთელ ორგანიზმზე, მათ შორის სისხლძარღვებზეც, დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ პომიდვრით ( და მისგან მომზადებული პროდუქტებით ) მდიდარი დიეტა მეტად ეფექტური იქნება ჰიპერტონიის მსუბუქი სტადიის დროს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო