რისი ბრალი შეიძლება იყოს ქუსლების ტკივილი, 2 ძირითადი მიზეზი...

რისი ბრალი შეიძლება იყოს ქუსლების ტკივილი, 2 ძირითადი მიზეზი...
ქუსლების ტკივილს ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველია ქუსლების სტრუქტურების მუდმივი გადაძაბვა, რაც დატვირთვის დროს ტკივილს იწვევს. ამ მდგომარეობას ქუსლის ტკივილის სინდრომს უწოდებენ. ის შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დაბალქუსლიანმა ფეხსაცმელმა. გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შესაძლოა განაპირობოს ფეხისგულზე, ქუსლის არეში, კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატებისას.

ქუსლის ტკივილის მეორე მიზეზია ფეხისგულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად მას ბრტყელტერფიანობა განაპირობებს. ფეხისგულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლად არის გადაჭიმული ფეხისგულზე, ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. შედეგად ქუსლსა და ტერფის თაღში ტკივილი იჩენს თავს. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია დილაობით, საწოლიდან ადგომისას. დღის განმავლობაში იგი თანდათანობით იკლებს.

რისი ბრალი შეიძლება იყოს ქუსლების ტკივილი, 2 ძირითადი მიზეზი...

გირჩევთ მიმართოთ ორთოპედს. რაც შეეხება მკურნალობას, სიარულის დროს ბიძგების შესამცირებლად ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს რბილი ლანჩა და ტერფის უკანა ნაწილიდან წინაზე წნევის გადასანაწილებლად ქუსლთან სპეციალური სუპინატორით იყოს შემაღლებული. თუ პრობლემა ბრტყელტერფიანობაა, ფეხსაცმელში მაშინაც სპეციალური, ორთოპედის შერჩეული სუპინატორი უნდა მოთავსდეს. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაგარი უკანა მხარე ( ქუსლის ასწვრივ), რათა მყარად დაიჭიროს ტერფი, და დაბალი ქუსლი.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო