მაიონეზის მომზადება ოჯახურ პირობებში მარტივად შესაძლებელია

მაიონეზის მომზადება  ოჯახურ პირობებში მარტივად შესაძლებელია
მაიონეზი მადის მომგვრელი, გემრიელი და სასარგებლო საწებელია, რომლის შემადგენლობაშიც შედის 40 -70 % - მდე ცხიმი და საკმაო რაოდენობის ცილები, ნახშირწყლები და მინერალური ნივთიერებანი.
მაიონეზის მთავარი შემადგენელი ნაწილია რაფინირებული მცენარეული ზეთი, კვერცხის გული, მარილი, შაქარი, მდოგვი, ძმარი და სანელებლები. წესიერად დამზადებული მაიონეზი, გარდა იმისა, რომ მეტად ნოყიერია, ხელს უწყობს სხვა საკვების მონელებასაც.
მაიონეზის მომზადება ოჯახურ პირობებში ცოტა ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაა.
მაიონეზი ძირითადად იხმარება შემწვარ და მოხარშულ კერძებზე, ცივ საუზმეულზე, სალათებსა და ვინეგრეტებზე მოსასხმელად.

მაიონეზის მომზადება

ინგრედიენტები:
  • ნიგვზის ან პროვანსული ზეთი - 1/2 ჩაის ჭიქა,
  • კვერცხი - 1 ცალი,
  • ძმარი - 1 სუფრის კოვზი,
  • მდოგვი - 1/3 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:
ფაიფურის ფინჯანში კარგად ავლესოთ კვერცხის გული. თანდათანობით დავასხათ მას ზეთი, ისე რომ თითო დასხმაზე ერთ ჩაის კოვზზე მეტი არ მოგვივიდეს. ავურიოთ და ავთქვიფოთ დანის წვერით სულ ერთი მიმართულებით. როდესა ზეთი და კვერცხი ძალიან კარგად გაითქვიფება, დავუმატოთ ძმარი, ცოტაოდენი მდოგვი, მარილი და შაქარი. თუ საწებელი სქელი გამოვიდა, დავუმატოთ ცოტაოდენი ადუღებული ცივი წყალი.
უმჯობესია მდოგვის ფაფა თავიდანვე ჩაილესოს კვერცხის გულში, სანამ მას ზეთი დაემატება. მაიონეზიც მზადაა და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ თქვენთვის სასურველ კერძთან ერთად.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი