სიმპტომები, რომლითაც თავადვე შეძლებთ ჩიყვის ამოცნობას!

სიმპტომები, რომლითაც თავადვე შეძლებთ ჩიყვის ამოცნობას!
ცნობილია, რომ ჩიყვის არსებობა ექოსკოპიით დგინდება. არსებობს თუ არა ამ დაავადებისთვის დამახასიათბელი სიმპტომები, რაც საშუალებას მოგვცემს, ეჭვი მივიტანოთ ჩიყვზე?

ექიმის კომენტარი:
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის კლინიკური სურათი საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია. ჩვენ მოკლედ შევჩერდებით იმ ძირითად მომენტებზე, რომელთა ამოცნობა არაპროფესიონალისთვისაც არ იქნება ძნელი.
პირველ რიგში თავს იჩენს ნერვული სისტემის მოშლილობის ნიშნები. დამახასიათებელია ფსიქიკური აგზნებულობა და ლაბილობა: ავადმყოფი უმიზეზოდ ნერვიულობს, ღელავს, მოუსვენრად გრძნობს თავს, მოუთმენელია, მცირე გამაღიზიანებლებზე ავლენს არაადეკვატურ რეაქციას, უმიზეზოდ ტირის, უჭირს ერთ საგანზე ყურადღების შეჩერება, მრავალსიტყვიანობს, უჩივის გულის ფრიალს, სხეულისა და კიდურების კანკალს, კუნთების სისუსტეს, უძილობას, მენსტრუაციული ციკლის მოშლას, საყურადღებო ნიშანია წონაში დაკლება.
ჩიყვით დაავადებულს დარღვეული აქვს ნახშირწყლების ცვლა, ძლიერდება ჟანგვის პროცესი, გამოყოფილი ენერგია კი დიდი რაოდენობით იკარგება სითბოს სახით, ამიტომ ავადმყოფს გამუდმებით აქვს სიცხის შეგრძნება, ხელისა და ფეხისგულები ცხელი, ოფლიანი.

ჩიყვის ყველაზე ხშირი სავალდებულო ნიშანია ტაქიკარდია ( გულის აჩქარება ). გულისცემის სიხშირე 90 - 120 - ია, მძიმე შემთხვევებში - 150 და მეტი. ტაქიკარდია არ ქრება დამშვიდების დროსაც.
რაც შეეხება წნევას, ჩიყვის დროს მატულობს ზედა ანუ სისტოლური წნევა და ქვეითდება ქვედა ( დიასტოლური ) წნევა.
არითმიების ერთ - ერთი სახე - მოციმციმე არითმია, ასევე ართულებს ხოლმე ჩიყვს.

თვალსაჩინო სიმპტომია ტრემორი ( კანკალი ). იგი კარგად ჩანს წინ გაწვდილ, თითებგაშლილ ხელებზე ( ხელისგულებით დაბლა ). დამახასიათებელია ტრემორი ენაზე, ქუთუთოებზე, მძიმე შემთხვევაში კი მთელ სხეულს მოიცავს.
დიდი მნიშვნელობა აქვს თვალის სიმპტომებს - ოფთალმოპათიას: კრიალა (წყლიანი) თვალები, თვალების წინ წამოწევა ( ეგზოფთალმი ), წვა, ტკივილი, მათზე დაწოლის შეგრძნება. არსებობს ნიშნები, რომლებიც ცხადყოფენ ქუთუთოებისა და თვალის მამოძრავებელ კუნთების კოორდინაციის დარღვევას.

თირეოტოქსიკოზის დროს სხეულის ტემპერატურა მომატებულია ხოლმე. ფარისებრი ჯირკვალი ზოგჯერ არ ჩანს და არ ისინჯება. მაგრამ მისი ჰორმონების ( თიროქსინი და ტრიიოდთირონინი ) კონცენტრაცია სისხლში მომატებულია. ამდენად, ჰორმონული გამოკვლევა ჩიყვის დიაგნოსტირებისათვის საკმაოდ ინფორმაციულია. თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები საკუთარ თავში აღმოაჩინეთ, გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმ - ენდოკრინოლოგს, რადგან დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი წლების განმავლობაში მკურნალობის გარეშე მძიმდება და საქმე სერიოზულ გართულებამდე მიდის.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს