როგორ დავამზადოთ ნატურალური და ბუნებრივი ხელის კრემი სახლის პირობებში.

როგორ დავამზადოთ  ნატურალური და ბუნებრივი ხელის კრემი სახლის პირობებში.
ხელებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ხელის კანი მალე არ დაბერდება, არ დაჭკნება და არ გაუხეშდება, თუ დაიცავთ მუშაობის წესებს.
თუ აპირებთ ქიმიური საშუალებებით მუშაობას ( სარეცხი საშუალებები და სხვ. ), წინასწარ წაისვით მკვებავი კრემი, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ხოლო ბაღში მუშაობისას კი ქსოვილის ხელთათმანები გამოგადგებათ. მუშაობის შემდეგ დაიბანეთ ხელები და წაისვით კრემი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ფრჩხილის მოვლასაც. ჯანმრთელი ფრჩხილი უნდა ბზინავდეს და ღია ვარდისფერი იყოს. მოუვლელი კი არ ბზინავს. ადვილად იმტვრევა და შრევდება.
  • თუ ფრჩხილი თხელი და მტვრევადია, ამისათვის ფრჩხილები მოათავსეთ თბილ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში 15 წუთით. საჭიროა აგრეთვე კვების რაციონის გამდიდრება ვიტამინებით. განსაკუთრებით საჭიროა A და D ვიტამინები, ცილები და კალციუმი.
    ხშირად ფრჩხილში წარმოიქმნება თეთრი ლაქა, რომელსაც იწვევს ფრჩხილის ფირფიტის მექანიკური დაზიანების დროს მასში ჰაერის ბუშტუკების შეჭრა.

  • თუ სიგარეტმა ფრჩხილები გაგიყვითლათ, თითები მოათავსეთ 3 % - იან წყალბადის ზეჟანგის ან ლიმონის წვენში.

  • ხილისა და ბოსტნეულის დამუშავებისას გაყავისფრებულ ხელებსა და ფრჩხილებს ასუფთავებს ლიმონის წვენი ან განზავებული ძმარი.

  • ფრჩხილებზე ლაქი აუცილებელია. იგი არამარტო სილამაზისთვისაა, არამედ იცავს ფრჩხილის ფირფიტას, მაგრამ თუ ფრჩხილები მტვრევადია, მაშინ არარეკომენდებულია ფრჩხილის დაფარვა ლაქით.

ახლა კი ერთად დავამზადოთ ნატურალური და ბუნებრივი ხელის კრემი. ამისათვის დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
  • კალანდულა (გულყვითელა) - 1 ს/კ
  • ბაბუაწვერა - 1 ს/კ
  • ჭინჭარი - 1ს/კ
  • მრავალძარღვა - 1ს/კ
  • ქათმის ან ღორის ქონი - 50 გრ
  • თაფლი - 1 ს/კ
  • აბუსალათინის ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესი:
კალანდულა, ბაბუაწვერა, მრავალძარღვა, ჭინჭარი აურიეთ ერთმანეთში და 1 ს/კ ნაკრები 10 წუთით ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. რომ გაცივდება, 2 ს/კ ნაყენს დაუმატეთ 50 გრ ღორის ან ქათმის ქონი, 1 ს/კ კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. კრემი მზადაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის