მცენარეული საშუალებები ნევროზისა და უძილობის სამკურნალოდ

მცენარეული საშუალებები ნევროზისა და უძილობის სამკურნალოდ
რამდენიმე წლის წინ ძლიერი სტრესი გადავიტანე და უძილობა დამეწყო. ქიმიურმა წამლებმა კიდევ უფრო გამიღიზიანა ნერვები - სულ აღგზნებული ვიყავი და ყველაფერზე ვბრაზობდი. გადავწყვიტე გამომეყენებინა მცენარეული საშუალებები ძილისა და ნერვების მოსაწესრიგებლად. ძალიან მარტივმა რეცეპტებმა მართლაც დაასრულა ჩემი განსაცდელი. Fpaparazzi - ის რედაქცია გთავაზობთ ორ ხალხურ რეცეპტს
  1. ½ ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 0,5 ჭიქა მდურაღე წყალი. დადგით 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, მაგრამ მანამდე უნდა წაიხემსოთ, რადგან გვირილა ნაღველმდენია და ღამე შეიძლება კუჭმა შეგაწუხოთ.
  2. 1/3 ჩაის კოვზი კულინარიული ყაყაჩო და ¼ ჭიქა წყალი ადუღეთ 1-3 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.


ექიმის კომენტარი: ორგანიზმზე გვირილის ნაყენის დადებითი მოქმედება განპირობებულია ამ მცენარეში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით: ეთერზეთებით, აზულენით, ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებითა და სხვა. გვირილის პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური, სედატიური (საძილე) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ხსნის ნაწლავთა სპაზმებს. გვირილის ეთერზეთი აძლიერებს და აღმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ასეთი ეფექტების გამო მის ნაყენს ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებების, კოლიტების დროს.
ყაყაჩო ბიოლოგიურად საკმაოდ აქტიურ 20-ამდე ალკალოიდს შეიცავს. მათ შორისაა მორფინი, კოდეინი, პაპავერინი. შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავებს, ცხიმებს. ყაყაჩოში შემავალი ალკალოიდები ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს მიეკუთვნებიან, თრგუნავენ ტკივილს, აცხრობენ უარყოფთ ემოციებს, ხსნიან სპაზმებს, აქვთ ძლიერი საძილე მოქმედება.
ყაყაჩოს ნაყენით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ, რადგან დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები და თანაც მცენარეში შემავალი ნივთიერებები ( ტუნდაც მცირე დოზით) მათდამი შეჩვევას იწვევს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"