ტელევიზიამ სიყვითლეში გადაგვიჯოკრა!.. ჯაჯანიძე-ასათიანის მლანძღველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

ტელევიზიამ სიყვითლეში გადაგვიჯოკრა!.. ჯაჯანიძე-ასათიანის მლანძღველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
მაია ასათიანს უკვე დიდი ხანია, ვეღარ აკვირვებს მისი გადაცემის კრიტიკოსთა რაოდენობა, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს სოციალურ ქსელს თუ გადაავლებდა თვალს, აღმოაჩენდა, რომ მლანძღველთა რიცხვი ერთი-ორად გაიზარდა, თანაც, მას მის კონკურენტთან, გია ჯაჯანიძესთან ერთად მოიხსენიებდნენ.
საინტერესო ამ ყველაფერში, პირველ რიგში, არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც საშინლად არ მოსწონთ ''სხვა რაკურსი'' და ''პროფილი'', თავიანთ ძვირფას დროს არ იშურებენ, რომ ჯერ ''იმედზე'' გადართონ, შემდეგ- ''რუსთავი 2''-ზე, მერე- უკან და დეტალურად განიხილავენ, რა არ მოეწონათ ამა თუ იმ გადაცემაში.
კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენციაა, რომ ტელევიზიებმა აშკარად გადაგვიჯოკრეს სიყვითლეში და მაგალითად, გია ჯაჯანიძე ეთერში სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენც კი, გამოცდილ ''მეყვითლეებს'', არ დაგვისვამს: ''ბოზი ხარ?'', ''ქალიშვილი ხარ?''.
პირველ შეკითხვას ბაბემ უარყოფითად უპასუხა, მეორეს კი, წინა ხუთშაბათის ცნობილ გადაცემაში ქართული მენტალიტეტის შესახებ, მერსი სულხანიშვილის გაკვირვება მოჰყვა, ქალიშვილს ვგავარ ახლა მეო?!. ჯაჯანიძე თავისი სითამამით აშკარად გვაკვირვებს, მიუხედავად იმისა, რომ რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მას მერე სიმორცხვეს ნაკლებად უჩივის.

ტელევიზიამ სიყვითლეში გადაგვიჯოკრა!.. ჯაჯანიძე-ასათიანის მლანძღველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

მის ''ხელში'' ცნობილი, ყოველმხრივ გამოწურული რესპონდენტები მაინც რაღაც ახალს ამბობენ, მოკლედ, გადაცემის სახელწოდებას მისი წამყვანი ამართლებს და სხვა რაკურსით გვიჩვენებს სტუმრებს. მაია ასათიანის ამბავი კი უკვე ძალიან კარგად ვიცით. მისმა გადაცემამ საკმარისი დრო გაატარა ტელეეთერში და იცის, როგორ დაიჭიროს მაყურებელი ეკრანთან.
საკითხავი სულ სხვა რამეა- ის, რითაც მსჯელობა დავიწყეთ. რატომ უყურებენ ადამიანები მათთვის საძულველ გადაცემებს იმ ეპოქაში, სადაც ადვილი შესაძლებელია პულტის მოხმარება, პირველ რიგში, მას აქვს გადახვევის ფუნქცია და თანაც, ტელევიზორი მხოლოდ ქართულ არხებს არ აჩვენებს.



სასურველი პროგრამის ნახვა ყოველგვარი ძალის დატანებისა და დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ, ერთ ღილაკზე თითის დაწკაპუნებით. მეორეც, ალილუია, მეგობრებო – თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს დალოცვლილი ინტერნეტი და იმდენი საიტი, რამდენიც მოგესურვებათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროგრამის სანახავად.
საგულისხმოა, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ორი გადაცემა აჩვენებს ყველაზე მაღალ რეიტინგს, ასევე თურქული სერიალები. ხოლო ის ქართული არხები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ინგლისური თუ ამერიკული სერიალები, ფილმები, შემეცნებითი გადაცემები, რეიტინგებში აგებენ.



მათ ის ადამიანებიც კი არ უყურებენ, რომლებიც მონდომებით აწკაპუნებენ თითებს კლავიატურაზე ყვითელი შოუების საწინააღმდეგო პოსტების წერისას.
ქართული საზოგადოების ნაწილს აქვს სერიოზული პრეტენზია ტელევიზიების მისამართით, რომ არხებმა უნდა იზრუნონ აუდიტორიის განათლების დონის ამაღლებაზე, მაყურებელს მოანდომონ წიგნების წაკითხვა და ახლის შემეცნება.
ეს ჩვენც წაგვიკითხავს ჟურნალისტიკის თეორიის წიგნებში, სადაც გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ წერია, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ამბავი საქართველოში ვერ ხერხდება.
თუკი მართლა ამდენ ადამიანს აწუხებს ეს გადაცემები, როგორც სოციალურ ქსელში ერთი თვალის გადავლებით ჩანს, გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს - ნუ გადართავთ ხუთშაბათობით ამ ორ გადაცემაზე და თუ მაინც სული წაგძლევთ, გამოხმაურებას მაინც ნუ დაწერთ, რადგან ამით სხვებსაც ანდომებთ თქვენ მიერ გაკრიტიკებული გადაცემის ნახვას და ძალაუნებურად კიდევ უფრო ზრდით ჯაჯანიძისა და ასათიანის აუდიტორიას.



და თუკი იმას მიიღებთ, რასაც ტელეწამყვანები გთავაზობენ, მაშინ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისინი აკეთებენ აქცენტებს იმ თემებსა და ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტ მსჯელობას გამოიწვევენ მაყურებელში. თოქშოუების ავტორებისთვის სწორედაც მნიშვნელოვანია ის აურზაური და კრიტიკა, რომელიც ყოველ გადაცემას მოჰყვება. რაც უფრო დიდია რეზონანსი, მით მეტია მათ მიერ გაწეული შრომის საფასურიც.
სტატიის ავტორი: ნინო მურღულია
სტატიის წყარო:ჟურნალი ''რეიტინგი''