როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით - მოხუცი სამურაის სიბრძნე

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით - მოხუცი სამურაის სიბრძნე
იაპონიის ერთ-ერთ სოფელში ერთი მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ჰყავდა უამრავი მოსწავლე და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა. ერთხელ, ვარჯიშის დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელსაც იმ მხარეში განსაკუთრებული უხეშობითა და სისასტიკით იცნობდნენ.

მისი საყვარელი მეთოდი მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში იყო, რითაც მწყობრიდან გამოჰყავდა ისინი. განრისხებული ადამიანები მას ორთაბრძოლაში იწვევდნენ, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებულნი შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ და მარცხდებოდნენ.

ამ ახალგაზრდამ მოხუცის დაცინვა და ლანძღვა-გინებაც დაიწყო. აფურთხებდა, უძლურს, მშიშარასა და ლაჩარს უწოდებდა. მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან მუშაობას. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და იქაურობა გაღიზიანებულმა დატოვა.

მოსწავლეები გააოცა მოხუცი სამურაის მოთმინებამ - მან ხომ ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ამიტომ ჰკითხეს:

-რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე მიუგო:

- თუ თქვენ საჩუქარს მოგიტანენ, მაგრამ მას არ აიღებთ, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?

- რა თქმა უნდა, იმას, ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა, - უპასუხეს მოსწავლეებმა.

- იგივე ხდება ლანძღვა-გინების, შურის, ბოღმისა და სიძულვილის შემთხვევაშიც. სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.
სტატიის წყარო:adami.ge