სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები

სრული დისონანსი: როგორ ემზადებიან და რამდენს ხარჯავენ "ოსკარზე" დასასწრებად ქართველი და უცხოელი მსახიობები
"ოსკარის" დაჯილდოების ცენემონიალი ძვირადღირებული საღამოს კაბებისა და მილიონობით დოლარად შეფასებული საკმაულის გარეშე წარმოუდგენელია. წელს საქართველოსაც გაუღიმა ბედმა და ჩვენი ვარსკვლავებიც გაივლიან წითელ ხალიჩაზე. ვინ იცის, იქნებ "ოსკარსაც" გამოვკრათ ხელი...

დაჯილდოების ცერემონიალის საღამოზე წითელი ხალიჩა მსახიობების გარეგნობისა და სამოსის შეჯიბრების ერთგვარ სივრცედ იქცევა ხოლმე. როგორც წესი, ამ დღისთვის მზადებას მსახიობები რამდენიმე თვით ადრე იწყებენ, განსაკუთრებით კი ქალბატონები. ვარსკვლავები ამ დღისთვის სულ ცოტა, 15 ათას დოლარს ხარჯავენ. ჟურნალ forbes-ის ინფორმაციით, სტილისტის შერჩევა დაახლოებით 7 ათასი დოლარი ღირს. სწორედ მან უნდა იზრუნოს მსახიობის გარეგნობაზე - რა ეცმევა, როგორი ვარცხნილობა მოუხდება და ა.შ.

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს რომ უფრო მეტ დეტალზე უწევთ ზრუნვა, ეს თავისთავად ცხადია. მაგალითად, ცნობილია, რომ უმა თურმანი კანის მოვლის საშუალებებიდან უპირატესობას Karin Herzog-ს ანიჭებს, რომლის ღირებულებაც 60 ფუნტია. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სახის კანის მოვლაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. მაგალითად, მილა კუნისი ივენთისთვის მოსამზადებელ სპეციალურ თერაპიაში 7 ათას დოლარს არ იშურებს.

რაც შეეხება ვარცხნილობას, მანიკურსა და პედიკურს, მისი ღირებულება საშუალოდ 1 000 დოლარია. თუ უცხოურ მედიას ვენდობით, ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის არ ყიდულობენ ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებულ საღამოს კაბებს. თუმცა, ამით გულდაწყვეტილი არავინ რჩება, რადგან თუნდაც 1 წუთით სამოსის კამერის ფოკუსში მოხვედრა ნებისმიერი დიზაინერისთვის რეკლამაზე მეტია, რაშიც ისინი, როგორც წესი, ასიათასობით დოლარს ხარჯავენ.

2013 წლის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როდესაც ჯენიფერ ლოურენსი ამაყად მიაბიჯებდა სცენისკენ კუთვნილი ჯილდოს მისაღებად, "დიორის" კაბაზე ფეხი დაედგა და კიბეზე წაბორძიკდა. იმავე წუთიდან ყველა "დიორის" ვარდისფერ საღამოს კაბაზე საუბრობდა, მილიონობით ადამიანი კი Google-ში ეძებდა.

თუ ვარსკვლავები სამოსში ათიათასობით დოლარს იხდიან, სამკაული, რომელიც დაჯილდოვების საღამოზე ამშვენებთ, მილიონობით დოლარად არის ხოლმე შეფასებული. ცნობილი სახეები 200 ათას ფუნტზე ნაკლებად შეფასებული საკმაულით არ გაივლიან წითელ ხალიჩაზე - ეს დაუწერელი კანონია.

წელს "ოსკარის" ნომინანტ უცხოენოვან ფილმებს შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მოხვდა. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ლოს-ანჯელესშია. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, მიშა მესხს გვერდს მეუღლე, ია სუხიტაშვილი დაუმშვენებს. რამდენიმე დღის წინ მისი თეთრი კაბა სოციალურ ქსელში ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაიღო თანხა ია სუხიტაშვილის კაბისთვის. მისი ავტორი მოდის სახლ "მატერიას" ახალგაზრდა დიზაინერი, ალექსანდრე ახალკაციშვილია. დიზაინერმა მსახიობისთვის თეთრი კაბა შეარჩია, რომლისთვისაც 10 მეტრი ქსოვილი და ასობით კრისტალი დაიხარჯა. დახვეწილ თეთრ კაბას გრძელი შლეიფი აქვს, კაბის ზურგი კი მთლიანად მოშიშვლებულია.

რაც შეეხება მიშა მესხს, ის დიზაინერ ირაკლი ბოჭორიშვილის მიერ შეკერილი ფეხსაცმლითა და ქეთი ჩხიკვაძის სამოსით წარსდგება ოსკარების რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე.

მიშა მესხის ფეხსაცმელი არ არის სტანდარტული კლასიკური სტილის, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დიზაინერმა ირაკლი ბოჭორიშვილმა ambebi.ge-ს აცნობა, რომ მსახიობმა ფეხსაცმლის დიზაინი თავად შეარჩია და ბაფთის დამაგრებაც სწორედ მიშას სურვილი იყო:

"ბაფთები და ყვავილები არ არის ჩემი

სტილი, თუმცა, ჩემთვის მთავარი მიშას სურვილი იყო. ის კმაყოფილია. მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეს ამ სტილის სამოსში. მე და ქეთი ჩხიკვაძემ ერთად განვიხილეთ მიშას იდეა და სწორედ საერთო თანხმობის საფუძველზე გადავწყვიტეთ ასეთი ფეხსაცმლის შექმნა. რაც შეეხება გიორგი ნაკაშიძეს, მისი ხასიათის შტრიხებიდან გამომდინარე შევურჩიეთ ტყავის სადა შავი ფეხსაცმელი. მისი სტილი უფრო კლასიკური ინგლისურია", - განუცხადა ambebi.ge-ს ირაკლი ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ გაიღო თანხა, დიზაინერების პასუხი ასეთია: "ეს ჩვენი მხარდაჭერისა და მეგობრული ურთიერთობის გამოხატულებაა და თანხაზე საუბარი ამ შემთხვევაში უხერხულია".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ კულტურის სამინისტრო ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი უყურადღებობაში ამხილა. მსახიობმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ მსახიობებს 7 დღის განმავლობაში ბიუჯეტად მიზერული თანხა დაუწესა, რომელიც მან ცერემონიალზე დასასწრები ტანისამოსის შესაძენად უკვე გამოიყენა. მოგვიანებით კი კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფილმის რეჟისორთან მოლაპარაკება გამართა და ამ განსაკუთრებული წარმატების ჯეროვნად დაფასებისა და აღნიშვნის შესახებ შემოქმედებითი ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მოახსენებენ საზოგადოებას.

"ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
სტატიის ავტორი: სალომე შიხაშვილი
სტატიის წყარო:ambebi.ge