ვერკა ჯაჯანიძე: "სასურველი საპატარძლო ვარ"

ვერკა ჯაჯანიძე: "სასურველი საპატარძლო ვარ"
რას დათმობს ვერკა ჯაჯანიძე საყვარელი ადამიანის გამო

თანამედროვე ცეკვების ოსტატი, ვერკა ჯაჯანიძე მიიჩნევს, რომ სასურველი საპატარძლოა.
უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, - ჯერ ისეთი ჭკვიანი მამაკაცი ვერ იპოვა, რომელსაც ცხოვრებას სიამოვნებით დაუკავშირებდა. დიდი სურვილი აქვს, მისი მომავალი მეუღლე მასზე უფროსი იყოს. ფიქრობს, რომ უფრო ასაკოვანი მამაკაცები უკეთესი მეოჯახეები არიან.

- მყავს დედა, მამა და ერთი და. მშობლები რაიონში არიან, მცირე მეწარმეები გახლავან. თბილისში დასთან ერთად ვცხოვრობ.

- ზოდიაქოს მიხედვით, რის წელში ხარ დაბადებული?
- ახლა ჩემი წელია. ცხენის წელში დაბადებული კურო ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემს ჰოროსკოპს არასდროს ვკითხულობ, არ მაინტერესებს.

- საკუთარი თავის ქება გჩვევია? შეგიძლია, შენს დადებით თვისებებზე ილაპარაკო?
- არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ ახლა შევეცდები, ჩემს დადებით თვისებებს გავუსვა ხაზი. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, სხვები კი მეუბნებიან, - შორიდან "სტერვა" ჩანხარო. როცა გამიცნობენ, მერე, ხვდებიან, რომ ასე არ არის. ვარ ტკბილი, თბილი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე. ყველაფერს დამოუკიდებლად მივაღწიე. სურვილი მაქვს, ყველას დავეხმარო. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ვერ მიტანს, არ ვუყვარვარ ან ჩემზე ცუდს ლაპარაკობს. არ ვარ კონფლიქტური. ვცდილობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

- დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდი?
- 14 წლის ვიყავი, როდესაც ჭიათურის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში სამეჯლისო ცეკვების სტუდია ჩამოვაყალიბე, სადაც ბავშვებს ცეკვას ვასწავლიდი და ხელფასი - 50 ლარი მქონდა. მახსოვს, ამ თანხას რომ ვიღებდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. უკვე 8 წელია, თბილისში ვარ. საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ბევრი ვიშრომე და დღემდე ბევრს ვშრომობ, წარმატებულ ადამიანად რომ ჩამოვყალიბდე. სტუდენტობის პერიოდში ("ილიას უნივერსიტეტში" ვსწავლობდი) სწავლის გადასახადს საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით ვიხდიდი. მოგეხსენებათ, თბილისში ცხოვრება რთულია, მაგრამ ყველა სირთულის გადალახვა მოვახერხე და დღეს ამით ამაყი ვარ.

- როგორი გაბრაზება იცი?
- ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვბრაზდები. ყველაზე მკაცრი მოსწავლეებთან ვარ. არ მიყვარს, როდესაც მოსწავლე უყურადღებობას იჩენს, არ მისმენს. თავად ძალიან მოწესრიგებული ვიყავი და მინდა, ჩემი მოსწავლეებიც გაკვეთილზე მოვალეობის მოხდის მიზნით არ დადიოდნენ. ხშირად არ ვბრაზდები, მაგრამ წონასწორობა თუ დავკარგე, მტრისას (იცინის)... ყველაზე მეტად, უპასუხისმგებლო ადამიანები მაღიზიანებენ.

- წყენის გულში ჩახვევა გჩვევია?
- მიმაჩნია, რომ წყენის მალე დავიწყება ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისებაა. იყო რაღაცები, რაც ჩემი აზრით, არ უნდა დამევიწყებინა, მაგრამ რა ვქნა, უარყოფით ამბებს გულში არ ვიტოვებ.

- ადამიანებს ადვილად ენდობი?
- დიახ, ძალიან მიამიტი ვარ. სამწუხაროდ, გვიან ვხვდები, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება.

- გარეგნულად დედას ჰგავხარ თუ მამას?
- მშობლები ძალიან მიყვარს. დედა წარმოშობით უკრაინელია და გარეგნულად მას ვგავარ, რაც ძალზე მიხარია. თუმცა, ბევრი მამასთან ჩემს მსგავსებასაც აღნიშნავს ხოლმე. ირგვლივ მყოფები ამბობენ, რომ ლამაზი სხეული მაქვს, რაც ვფიქრობ, დედაჩემის უკრაინული წარმომავლობის შედეგია. ისე, დედა გურიაშია გაზრდილი, მამა - იმერეთში.

- შენს ოჯახში ქართულ ტრადიციებს იცავდნენ?
- რა თქმა უნდა! არც ისე პატარა ვარ - 24 წლის გახლავართ და 8 წელია, რაც დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მაგრამ მამის გამოხედვა დღემდე ყველაფერია ჩემთვის. ის ძალიან მკაცრია. ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მართლა ასეა. მოსწავლეობის პერიოდში ცეკვაზე დავდიოდი. ზამთარში ჩვენს სოფელში დიდი თოვლი მოდიოდა და მამა ცეკვაზე წასვლის უფლებას არ მაძლევდა, - ცუდი ამინდია, სახლში იყავიო. ვბრაზდებოდი, ვტიროდი და ზამთრის ფეხსაცმელს რომ მიმალავდნენ, - არ გაიპაროსო, ზაფხულის ფეხსაცმლით მივდიოდი, რის გამოც ცხადია, მსჯიდნენ ხოლმე... მამას ახლა ძალიან მოსწონს ჩემი ცეკვა, ხშირად რჩევასაც მაძლევს. მირეკავს და მეუბნება, - როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო, რა უფრო აჯობებს ჩემთვის და ა.შ.


- მშობლების რჩევას ყოველთვის ითვალისწინებ?


- ვითვალისწინებ და პატივს ვცემ მათ აზრს. დედაზე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრია. მასთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. ვინაიდან მე და ჩემი და მათთან ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებთ, ისინი ჩამოდიან ხოლმე ჩვენს სანახავად.

- რისი კომპლექსი გაქვს?
- საერთოდ, კომპლექსიანი ვარ, მაგრამ საკმარისია, სცენაზე გავიდე, ყველაფერი მავიწყდება, ძალიან თამამი ვხდები, მაქსიმალურად ვიხარჯები... საკმარისია, ვინმემ შემაქოს, კომპლიმენტი მითხრას, თავს უხერხულად ვიგრძნობ.

- მავნე ჩვევები თუ გაქვს?
- სიმართლე გითხრა, ბევრი მავნე ჩვევა არ მაქვს. ერთადერთი, უაზრო კომპლექსები მაწუხებს, სხვა - არაფერი.

- როგორი მამაკაცები იქცევენ შენს ყურადღებას?
- მთავარია, სიმპათიური იყოს და ქერა იქნება თუ შავგვრემანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი რჩეული პირველ რიგში, ყურადღებიანი უნდა იყოს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მამაკაცის საუბრის მანერა და ისიც, თუ როგორ იქცევა საზოგადოებაში ყოფნის დროს, შინ... მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, ხელოვანი ადამიანი უფრო კარგად გამიგებს, მაინც არ მინდა, ჩემი მომავალი მეუღლე შემოქმედი იყოს. აი, სპორტსმენ მეუღლეს კი ნამდვილად ვისურვებდი (იცინის). მამაკაცს, რომელიც ჩემს მოხიბვლას შეეცდება, ბევრი რამის გაკეთება მოუწევს. არ მომწონს ცანცარა ტიპები, რომლებიც 24 საათი საკუთარი თავის ქებით არიან დაკავებულები. სერიოზული, დინჯი და მეოჯახე ადამიანები იმსახურებენ ჩემს სიმპათიას.

- შეიძლება, უფულო მამაკაციც შეგიყვარდეს?
- არასდროს მიფიქრია, ჩემს რჩეულს აუცილებლად ბევრი ფული უნდა ჰქონდეს-მეთქი. თუმცა, მატერიალურად ძლიერი, რამდენიმე სახლის, აგარაკის მფლობელი თუ იქნება, ცხადია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემთვის მთავარია, ადამიანს შრომა უყვარდეს. ძალიან მინდა, როცა ოჯახს შევქმნი, მეუღლესთან ერთად მარტო ვიცხოვრო. თუმცა, სხვანაირად თუ მოხდება, თავს არ გავიგიჟებ და მის მშობლებს, ოჯახის წევრებს ქუჩაში არ გავყრი (იღიმის).

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?
- ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ისე არასდროს მყვარებია, რომ გათხოვებაზე მეფიქრა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ჯერ ჭკვიანი მამაკაცი არ გამიცნია.

- ოდესმე ვინმეს თუ უთქვამს შენთვის, რომ რაიონიდან ჩამოსულს რაღაცის უფლება არ გაქვს?
- ხუმრობით, მეც ბევრჯერ მითქვამს, - რა შეგვჭამეს ამ ჩამოსულებმა-მეთქი?! იმერელი, ჭიათურელი რომ ვარ, ეს არასდროს დამიმალავს. პირიქით, ამით ბედნიერი ვარ. მეამაყება ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

- თაყვანისმცემლები საჩუქრებით თუ განებივრებენ?
- ვერ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლებისგან საჩუქარს ხშირად ვიღებ, მაგრამ რამდენიმემ ისეთი სიურპრიზი გამიკეთა, დღემდე მახსოვს.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?
- უქმე დღეებში გარეთ გასვლასა და გართობას შინ ყოფნა მირჩევნია. მიყვარს სახლის დალაგება, სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება. სახლში ქალიც და კაციც თავად ვარ (იცინის).

- ხაჭაპურის გამოცხობა თუ იცი?
- არა, ხაჭაპური არ გამომდის. საერთოდ, ცომეულთან ვერ "ვმეგობრობ". ყველაზე კარგად სალათებს ვამზადებ. მეგობრები ამბობენ, რომ "გემრიელი ხელი" მაქვს. ძალიან სწრაფად შემიძლია, სახლიც დავალაგო და კერძიც მოვამზადო, შემდეგ მივდივარ და ბავშვებს გაკვეთილებს ვუტარებ, დღის ბოლოს კი 2-3 საღამოზე მაინც მიწევს ცეკვა.


- როგორ ფიქრობ, ძნელი იქნება საყვარელი ადამიანის ერთგულება?
- საყვარელი ადამიანის ერთგულება, ჩემი აზრით, დაუწერელი კანონია.

- ასაკით უფროს მამაკაცს თუ გაჰყვებოდი ცოლად?
- ჩემ გვერდით სწორედ რამდენიმე წლით უფროსი მამაკაცი წარმომიდგენია. ვფიქრობ, ასაკით უფროსი უფრო მეტად ამოგიდგება მხარში, მასთან მეგობრობა გაცილებით იოლი იქნება. ვერ ავიტან, მომავალმა მეუღლემ სახლში დაჯდომა და 24 საათი სამზარეულოში ფუსფუსი რომ მომთხოვოს. მინდა, ის ჩემი საქმიანობითაც ამაყობდეს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით თავი კარგად იგრძნოს.

- ოდესმე თუ გიფიქრია იმაზე, როგორი ქორწილი გექნება?
- ძალიან მინდა, ლამაზი თეთრი კაბა ჩავიცვა. სხვათა შორის, მოდელი უკვე შერჩეული მაქვს (იცინის). სურვილი მაქვს, საქორწილო ცერემონია ვიწრო წრეში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და ლამაზ ადგილას მქონდეს. 500-კაციანი ქორწილი, თავისი ტრადიციული თამადითა და სადღეგრძელოებით, ნამდვილად არ მომწონს.

- როგორ ფიქრობ, სასურველი საპატარძლო ხარ?
- კი, ნამდვილად სასურველი საპატარძლო ვარ (იცინის). მზად ვარ იმისთვისაც, რომ შეიძლება, გათხოვების შემდეგ მეორე ნახევარმა ცეკვა ამიკრძალოს. ასეთ შემთხვევაში, შევეცდები, საყვარელი ადამიანის აზრი გავითვალისწინო და აღარ ვიცეკვო, მაგრამ აუცილებლად მექნება საკუთარი სტუდია, სადაც ბევრ პროფესიონალ მოცეკვავეს აღვზრდი.
სტატიის წყარო:gzapress.ge