გაუხეშებულ და დახეთქილ ხელის კანს მარტვივად უმკურნალებთ ხალხური საშუალებებით

გაუხეშებულ და დახეთქილ ხელის კანს მარტვივად უმკურნალებთ ხალხური საშუალებებით
მას, ვინც სოფლის მეურნეობას ეწევა, ხელებზე მალე უუხეშდება კანი. ქალები ამას მტკივნეულად განიცდიან, განსაკუთრებით ისინი, შაბათ - კვირას ნაკვეთზე რომ მუშაობენ, ორშაბათს კი სამსახურში მიდიან. მინდა, შევთავაზო მათ რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც კანს სწრაფად დაარბილებს.

  • ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, მერე კარტოფილი ამოიღეთ და ნახარში 30 გრადუსამდე გააგრილეთ, ჩაყავით შიგ ხელები, გააჩერეთ 20 წუთი, მერე სუფთა წყალი გადაივლეთ და ხელის კრემი წაისვით.
    შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ: უნდა მოამზადოთ კარტოფილის სქელი პიურე და სქლად დაიდოთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფაროთ, მერე კი სქელი შალი შემოიხვიოთ. 20-30 წუთის შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.

  • 30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს. მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.

  • 100 გრამ კომშის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება. სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ კანზე. შეგიძლიათ, დალიოთ კიდეც.

  • აიღეთ 500 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 4-5-ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ ხელის აბაზანები. შეგიძლიათ, დახეთქილ ხელებზე მასში დასველებული ნაჭერიც დაიდოთ.

  • დაზიანებულ კანზე პირდაპირ შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი.

  • 2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ -ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3- კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი