ადვილად მოსამზადებელი წამლები, რომლებიც გამოაჯანსაღებს, გაწმენდს და გააკაჟებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.
სადღაც წამიკითხავს: ძველ ჩინეთში სწამდათ, ადამიანის სული ღვიძლში ბუდობდაო. ამისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ღვიძლის ნორმალური მუშაობის გარეშე ჯანმრთელობაზე ლაპარაკიც რომ ზედმეტია, კარგად ვიცი. ამიტომაც არის მისი დაცვა და დროული მკურნალობა ასე მნიშვნელოვანი. ორგანიზმში ღვიძლს მრავალმხრივი ფუნქცია აკისრია: ის გამოიმუშავებს ნაღველს, წმენდს სისხლს, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, პასუხისმგებელია იმუნიტეტზე... მისი ნორმალური მუშაობა რომ დაირღვეს, სულაც არ არის აუცილებელი, დავავადდეთ ჰეპატიტით, ციროზით... ხშირად უნებლიეთ ვვნებთ ამ ორგანოს. მაგალითად, არასწორად ვიკვებებით, ღამით ვნაყრდებით, ვეტანებით სპირტიან სასმელს, მერე კი ღვიძლს ვუჩივით. ჩემს მეუღლეს ქრონიკული ჰეპატიტი დაუდგინეს. მედიკამენტებით მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, კარგად შემესწავლა ღვიძლის როლი ჩვენს ორგანიზმში, რათა მეუღლეს ამ მძიმე დაავადებასთან გამკლავებაში დავხმარებოდი. წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვეცნობოდი ხალხურ რეცეპტებს. თურმე ხალხურ მედიცინას უამრავი წამალი აქვს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების საპროფილაქტიკოდ. მინდა, მკითხველს გავაცნო ყველაზე მარტივი და ადვილად მოსამზადებელი წამლები, რომლებიც გამოაჯანსაღებს, გაწმენდს და გააკაჟებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.
- აიღეთ ერთი ჭიქა კანგაუცლელი შვრიის მარცვალი, გარეცხეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ხუთლიტრიან ქვაბში. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაქუცმაცებული წითელი მოცვის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი არყის ხის ფოთოლი ან კვირტი. დაასხით 4 ლიტრი წყალი და დადგით სიგრილეში. მეორე ქვაბში ჩაყარეთ 1 ჭიქა დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10 წუთი. ერთი დღის შემდეგ პირველი ქვაბი (რომელშიც შვრიაა) მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი სიმინდის ულვაში, 2 სუფრის კოვზი მატიტელა და ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ 45 წუთი დააყენეთ. ორივე ქვაბის შიგთავსი აურიეთ ერთმანეთში, გაფილტრეთ და შედგით მაცივარში. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ თბილ - თბილი, დღეში ერთხელ, ჭამამდე პირველ დღეს - 50 გ, მეორე დღეს-100 გ, მესამე დღიდან მოყოლებული კი ყოველდღიურად 150 გ-150 გ. კურსი 10-დღიანია. ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
- 3 სუფრის კოვზი ნეგოს ყვავილედი, 2 სუფრის კოვზი შვიტა, 3 სუფრის კოვზი ვარდკაჭაჭას ყვავილი და 3 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი აურიეთ ერთმანეთში. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3 კვირის განმავლობაში.
- ინფექციური დაავადებების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს დოზირებას. 1 ჩაის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ პატარა ყლუპი.
- ბაყაყურაც ძალიან სასარგებლოა ღვიძლისთვის - აწესრიგებს მის ფუნქციას, იცავს უჯრედებს, აქვს მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი. 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას დაფქულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ 15-20 წუთი, მერე გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი, ყლუპ-ყლუპად, ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, პირველად - უზმოზე, მეორედ- სადილობამდე 30 წუთით ადრე, მესამედ - ძილის წინ. სვით 4-6 კვირა.