14 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მათ, ვინც თვითმკურნალობას ეწევა!

14 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მათ, ვინც თვითმკურნალობას ეწევა!
დღევანდელ პირობებში ბევრი ავადმყოფი დარჩა უექიმოდ და მათ შორის მეც ვიმყოფები. ხშირად მიწევს თვითმკურნალობა, მაგრამ სულ მაქვს იმის შიში, რომ რამე არ შემეშალოს და უარესი ზიანი არ მოვუტანო საკუთარ თავს. იქნებ არსებობს გარკვეული სიფრთხილის ზომები მათთვის, ვინც ჩემსავით იძულებულია თავად დაინიშნოს მკურნალობა?

ექიმის კომენტარი:
ჯანდაცვის სფეროში დღეს შექმნილი პარადოქსული მდგომარეობა გულგრილს ვერ დატოვებს ნორმალურ ადამიანს. ჩვენი რუბრიკა იმ დანაკლისის შევსებას ცდილობს, რომელსაც უექიმოდ დარჩენილი პაციენტები განიცდიან. თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იძულებულია ამ გზას დაადგეს. თუ ამ რეალობას გავითვალისწინებთ უმჯობესია მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც თავად აგაცილებთ შესაძლო გართულებებს:

  1. ბავშვის მკურნალობა ( განსაკუთრებით, წლამდე ასაკში ) ძალიან საფრთხილო საქმეა, რადგან ბავშვის ორგანიზმი ბევრი თავისებურებით ხასიათდება. ამიტომ ნუ გარისკავთ - გაესაუბრეთ ექიმს.

  2. თვითმკურნალობა დაუშვებელია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

  3. მოხუცებული ადამიანი ასევე ფრთხილად უნდა მიუდგეს თვითმკურნალობას.

  4. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას: ნუ მისცემთ სამედიცინო რჩევებს მეზობლებს და ნათესავებს.

  5. თუ ადვილად ექცევით სხვების გავლენის ქვეშ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას ყველა გაზეთსა და ჟურნალში ( ხშირად არაკვალიფიციური ) რეცეპტებით.

  6. თვითმკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელობის მსუბუქი დარღვევის დროს, რომლის მიზეზი თქვენთვის ცნობილია.

  7. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

  8. თუ 3 დღეში გაუმჯობესება ვერ შენიშნეთ, პირიქით - სიმპტომები გაღრმავდა კიდეც, შეწყვიტეთ თვითმკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

  9. ექიმს აუცილებლად უამბეთ თქვენ მიერ ჩატარებული თვითმკურნალობის შესახებ.

  10. ერიდეთ რამდენიმე მედიკამენტის ერთდროულად მიღებას, რადგან ბევრი წამალი ერთმანეთზე ურთიერთგავლენას ახდენს და შეუთავსებელია. ამის შესახებ მხოლოდ ექიმმა იცის.

  11. ყოველთვის მიიღეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი წამალი. ნუ ენდობით ტელევიზორში ნანახი ახალი პრეპარატების რეკლამებს. როგორც წესი, ისინი ძვირიცაა და ვერც რეკლამაში დაპირებულს ასრულებს. გახსოვდეთ, რომ სასწაულმოქმედი წამლები არ არსებობს.

  12. მიიღეთ მხოლოდ ის წამალი, რომელიც თქვენი დაავადების სამკურნალოდაა განკუთვნილი. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს სხვისთვის დანიშნული წამლებით.

  13. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ წამლის ანოტაცია, თუ რამე გაუგებარია მიმართეთ კითხვით ფარმაცევტს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ფარმაცევტი ვერ იქნება ექიმის კონკურენტი.

  14. მუდმივად მისდიეთ თვითმკურნალობის უმთავრეს კანონს: " არ ავნო საკუთარ თავს!"

სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს