უნივერსალური საშუალება წითელი ქარის სამკურნალოდ!

უნივერსალური საშუალება წითელი ქარის სამკურნალოდ!
ორი წლის წინ წვივის არეში მქონდა თითქოსდა უმნიშვნელო ჭრილობა ( ფეხი ლურსმანს წამოვკარი ), რომელიც გამირთულდა, ირგვლივ კანი გამიწითლდა, გამიხურდა, მიფეთქავდა. ექიმთან მისვლის საშუალება არ მქონდა. მეზობლის ქალმა ჭრილობა ნახა და მითხრა, ეს წითელი ქარიაო და მირჩია კალანჰოეს წვენის საფენები გამეკეთებინა. მეორე დღესვე უკეთესობა ვიგრძენი, 4 - 5 დღეში კი სიწითლე მთლიანად დაცხრა, ჭრილობა დანაწიბურდა და თითქმის აღარაფერი მაწუხებდა.

მომზადების და გამოყენების წესი:
კალანჰოეს წვენს უნდა დაასხათ თანაბარი რაოდენობის 0,5 % - იანი ნოვოკაინის ხსნარი ( ამის გარეშე დაგეწვებათ ), მასში დაასველეთ ნაჭერი და დაიფინეთ კანზე დაზიანებულ ადგილას. დღეში 3 - ჯერ მაინც უნდა გამოცვალოთ საფენი.

ექიმის კომენტარი:
კალანჰოეს ანტიანთებითი და ჭრილობის რეგენერაციის უნარი კარგადაა ცნობილი ქირურგიაში. ამ მცენარისაგან ამზადებენ საცხს და წვენს. მცენარის წვენი ეფექტიანად გამოიყენება ტროფიკული წყლულების, ჭრილობების სამკურნალოდ. ჩირქოვანი ინფექციების ( ფურუნკული, პანარიციუმი, ფლეგმონა, აბცესი ) დროს კი იყენებენ კალანჰოეს მალამოს. ფართო გამოყენება პოვა კალანჰოეს წვენმა სტომატოლოგიურ პრაქტიკაშიც ( ღრძილების კატარული და ჩირქოვანი ანთებების სამკურნალოდ ), გინეკოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კალანჰოე მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება სხვა შემთხვევებში. მკითხველის მიერ ჩატარებული თვითმკურნალობა აღწერილ შემთხვევაში გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ამიტომ გირჩევთ, როდესაც ჭრილობა საეჭვოდ გართულდება და გახანგრძლივდება, აუცილებლად მიმართოთ ექიმს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი