აი, რატომ გაქვთ გამონაყარი სახეზე!

აი, რატომ გაქვთ გამონაყარი სახეზე!
გამონაყარი სახის კანზე გოგონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო პრობლემაა. ჩვენ ვყიდულობთ სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც სასწაულის მოხდენას გვპირდება, მაგრამ მდგომარეობა მაინც უარესდება. თუმცა, ზრდასრულ ასაკში სახეზე გაჩენილი გამონაყარი ისეთი ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელთა პრევენცია თავისუფლად შეგვიძლია. ჰოდა, სანამ კიდევ ერთ ძვირადღირებულ ანტი-აკნე საშუალებას შეიძენდეთ, გადახედეთ იმ ცოდვებს, რომლებსაც ჩვენი კანის წინაშე ჩავდივართ:
  1. თქვენ მაკიაჟით იძინებთ, თუნდაც ძალიან იშვიათად
    გასაგებია, რომ ხანგრძლივი მგზავრობის, დამღლელი სამუშაო დღის ან მთელი ღამის გართობის შემდეგ შინ მისულებს მხოლოდ ბალიშზე თავის დადება გვინდა, მაგრამ არაფერი არ ამართლებს იმას, რომ მაკიაჟის ჩამობანის გარეშე შეძვრეთ ლოგინში. „ის, ვინც სახეს იბანს და სხვადასხვა საშუალებას ისვამს ძილის წინ, დილით სუფთა და მბზინვარე კანით გაიღვიძებს; მას, ვისაც თუნდაც ერთხელ დაეზარება ამ რუტინის შესრულება, დილით სარკეში ჩახედვისას დახვდება წითელი ლაქებითა და აკნეთი აჭრელებული, ანთებითი პროცესებით სავსე სახის კანი,“ - ამბობს კანის მოვლის ექსპერტი, ვარგასი.
    გამოსავალი: მოძებნეთ კანის გაწმენდის ისეთი საშუალება, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება თქვენს დატვირთულ გრაფიკს და დიდ დროს არ წაგართმევთ. სიზარმაცის შემოტევისას კარგი საშუალებაა მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები.

  2. სახეს ძალიან ხშირად იბანთ და რეალურად ვნებთ კანს
    სწორედ ახლახანს გითხარით, როგორი დამანგრეველი შედეგები მოჰყვება სახის დაბანის გარეშე დაძინებას. ახლა კი გეუბნებით, რომ შეიძლება თქვენი გამონაყარის მიზეზი ხშირი დაბანა იყოს. დაიბენით, არა? არადა, ძალიან მარტივი მიზეზია - აკნეს პრევენციასა და მის გაღიზიანებას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა. „არ შეიძლება სახის ხშირად დაბანა და სკრაბის ხშირი გამოყენება,“ - ამბობს Kraus Dermatology-ს აკნეს სპეციალისტი, პროფესორი ემილი უაისი, -„ გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სკრაბის ხშირი გამოყენება აუარესებს კანის პრობლემებს.“ ამ შემთხვევისთვის ექიმი უაისი გვირჩევს ბენზოილ პეროქსიდის შემცველი საშუალებების გამოყენებას.
    გამოსავალი: ექიმი უაისი გვირჩევს, სახე დღეში ორჯერ დავიბანოთ - საკმარისია, ცოტა ზედმეტი მოგვივიდეს და აკნე სასწრაფოდ წამოყოფს თავს. გამოიყენეთ დაბანის ხარისხიანი საშუალებები, მაგალითად Yes to Tomatoes Detoxifying Charcoal Cleanser ან bareMinerals-ის bareMinerals Purifying Facial Cleanser.

  3. თქვენ ყოველგვარ წვრილმანზე (მათ შორის, აკნეზეც) ნერვიულობთ
    ვიცით, რომ ისევე ვერ გადაეჩვევით ნერვიულობას, როგორც ლამაზი ფეხსაცმლის სიყვარულს, მაგრამ იქნებ მაინც გვეცადა? ცოდნა ძალაა და იქნებ იმის ცოდნა, რომ სტრესი საშინალად ვნებს თქვენს კანს, დაგეხმაროთ მის დაძლევაში? „სტრესი იწვევს შინაგან ანთებით პროცესებს, რომლებიც გამონაყარსა და დაგმანულ ფორებში ვლინდება,“ - ამბობს ვარგასი, - „სტრესი ძალიან დიდ როლს თამაშობს კანის პრობლემების განვითარებაში.“
    გამოსავალი: პირველ რიგში ალბათ უნდა გვერჩია, შეგემცირებინათ სტრესი ან გებრძოლათ მის შედეგებთან (იოგა, არომათერაპია, მედიტაცია), თუმცა გვინდა, უფრო პრაქტიკული და გრძელვადიანი საშუალების მოძებნაში დაგეხმაროთ, ამიტომ ისეთ საშუალებებს შემოგთავაზებთ, რაც დაგეხმარებათ გამონაყარს გაღიზიანებამდე შეებრძოლოთ. ესენი გახლავთ დამატენიანებელი საშუალებები Proactiv+ Complexion Perfecting Hydrator და First Aid Beauty-ს First Aid Beauty’s Skin Rescue Daily Face Cream.

  4. საკმარისად არ გძინავთ? - მოემზადეთ კანის პრობლემებისთვის!
    გასაგებია, რომ ძალიან მიმზიდველია სერიალის მთელი სეზონის ერთ ღამეში ნახვა, მაგრამ სწორედ ძილის ნაკლებობის გამო ერთ დღესაც კანი აგიჯანყდებათ, რაც არც არის გასაკვირი - ძილი არის კანის დეტოქსიკაციისა და აღდგენის შესაძლებლობა, ეს სილამაზისთვის აუცილებელი დასვენებაა და თუ მას სისტემატურად მოიკლებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. ძილის წინ დაბანილ სახეზე აღმდგენი შრატის წასმაც არ არის ეფექტური, თუ საკმარისად არ გძინავთ, რადგან ღამის საშუალებებს მოქმედებისთვის გარკვეული დრო სჭირდება.
    გამოსავალი: ნუ დაიგვიანებთ ბალიშთან პაემანზე! და ძილის წინ წაისვით ხარისხიანი აღმდგენი შრატი, მაგალითად bareMinerals-ის bareMinerals’ Active Cell Renewal Night Serum. შრატი ხელს შეუწყობს თქვენი კანის თვითაღმდგენი ფუნქციის გამართულად მუშაობას. კანი ნაკლებად აგიჯანყდებათ და გამონაყარსაც იშვიათად თუ მოჰკრავთ თვალს.

  5. საშინელ დიეტაზე ხართ? - მოემზადეთ კანის კიდევ უფრო მეტი პრობლემისთვის!
    ბოდიში, რომ გეჭრებით, გოგონებო, მაგრამ შიმშილი, თუნდაც რამდენიმე კვების გამოტოვება, გვიან ღამით სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრება და კოქტეილებით გაჭყეპვა სულაც არ სიამოვნებს თქვენს კანს.
    რაც შეეხება რძის პროდუქტებს და შაქარს, რომლებსაც ბევრი ადამიანი აკნეს წარმოქმნის მიზეზებად თვლის და ამიტომ სრულიად ამოღებული აქვს რაციონიდან - ექიმ უაისის აზრით, ეს შეცდომაა და კანის საბოტაჟი!
    ზომიერი რაოდენობის რძის პროდუქტებისა და შაქრის მიღება სულაც არ არის საზიანო. მათი სრულად ამოღება რაციონიდან და ნახშირწყლებზე უარის თქმა შეიძლება არ იყოს საზიანო, მაგრამ დადებით შედეგსაც არ მოგიტანთ.
    გამოსავალი: გინდათ მბზინვარე კანი? ვარგასი გირჩევთ, ყოველდღე მიირთვათ მწვანე სასმელი და ყოველი კვებისას მიიღოთ ბოსტნეული. და თუ აბსოლუტურად გარდაუვალია ალკოჰოლში ჩალბობა, პარალელურად დალიეთ ზუსტად იმავე რაოდენობის წყალიც.