დანიელ დეფო: ეს სახელგანთქმული მწერალი სამარცხვინო ბოძზე გააკრეს

დანიელ დეფო: ეს სახელგანთქმული მწერალი სამარცხვინო ბოძზე გააკრეს
დანიელ დეფო მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად მიიჩნევა. იგი, უპირველეს ყოვლისა, ნაწარმოებით ”რობინზონ კრუზო” არის ცნობილი. მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მწერალი აქვეყნებდა პოლიტიკურ პამფლეტებს საჭირბოროტო საკითხებზე, დაკავებული იყო იძულებითი შპიონაჟით, და ერთხელ სამარცხვინო ბოძზეც კი გააკრეს.

დანიელ დეფო დაახლოებით 1660 წელს დაიბადა ყასბის, ჯეიმს ფოს ოჯახში. მშობლები ძალებს არ იშურებდნენ, რათა მათ შვილს ესწავლა და პასტორი გამხდარიყო, მაგრამ პოლიტიკასა და კომერციას მოზარდის გონება მეტად ჰქონდა დაკავებული, ვიდრე ღვთისმსახურებას. სწავლის დასრულების შემდეგ დანიელი კომერსანტის თანაშემწედ მოეწყო და ევროპის ქვეყნების შემოვლა დაიწყო.

რამდენიმე ხნის შემდეგ, წარმომავლობის დასამალად, დანიელმა გვარს ”დე” დაურთო. გადაწყვიტა დამოუკიდებლად წამოეწყო ბიზნესი, მაგრამ არ გამოუვიდა.

იმავე დროს მწერალი იწყებს სატირიკული პამფლეტების ანონიმურად გამოცემას. დეფოს სახელი 1701 წელს გახდა ცნობილი პამფლეტის ”სუფთა სისხლის ინგლისელი” პუბლიკაციის შემდეგ, სადაც მან ქედმაღალ არისტოკრატებს დასცინა და მეფე ვილჰელმ ორანელი (წარმოშობით ჰოლანდიელი) დაიცვა. 1 წლის შემდეგ ახალი პამფლეტი გამოვიდა, რომელმაც ხელისუფლების რისხვა გამოიწვია: მწერალს ფულადი ჯარიმა, 7 წელი პირობითი და სამარცხვინო ბოძზე გაკრობა მიუსაჯეს, სადაც ყველა გამვლელს შეეძლო დაეცინა მწერლისთვის.

ამ ამბის შემდეგ დანიელ დეფო მორალურად და მატერიალურად დაცარიელდა. მას ოჯახის რჩენა არ ძალუძდა. 1703 წელს მწერალს რობერტ ჰარლეიმ (მომავალში სახელმწიფო მოღვაწე) მიმართა წინადადებით ”გადაეწყვიტა ყველა პრობლება”. დეფო შეიწყალეს, გადაუხადეს ჯარიმა და დაეხმარნენ ოჯახს, სანაცვლოდ კი მას მთავრობის გუნდრუკის მკმეველი სტატიები უნდა ეწერა. გარდა ამისა, დეფო შოტლანდიაში ”საჭირო” ინფორმაცია აგროვებდა, ანუ შპიონაჟით იყო დაკავებული.

საიდუმლო აგენტად მუშაობისას, დანიელ დეფო ლიტერატურულ მოღვაწეობასაც აგრძელებდა. 1719 წელს დღის სინათლე იხილა მისმა რომანმა ”რობინზონ კრუზო”, რომელმაც ავტორის სახელი სამუდამოდ ჩაწერა მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ისტორიაში. ნაწარმოებს საფუძვლად მეზღვაურის რეალური ისტორია უდევს, რომელმაც უკაცრიელ კუნძულზე რამდენიმე წელი გაატარა გემის ჩაძირვის შემდეგ. რომანმა გრანდიოზული წარმატება მოიპოვა.

მას მერე ავტორმა წიგნის 2 გაგრძელება გამოსცა, მაგრამ მკითხველმა მორიგი თავგადასავლები უემოციოდ მიიღო.

ღრმა სიბერეში მყოფი დანიელ დეფო კვლავ ცუდ დღეში აღმოჩნდა. კრედიტორების თავიდან მოსაცილებლად, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა, მან კი მოხუცი მამა სახლიდან გააგდო. ამგვარად, სახელგანთქმულ მწერალს მარტოობაში და სიღარიბეში ამოხდა სული.