ეკრანზე გაშიშვლებული ქართველები - ''მთავარია, მოეშვა...''

ეკრანზე გაშიშვლებული ქართველები - ''მთავარია, მოეშვა...''
2009 წელს, როდესაც ეკრანებზე ავთო ვარსიმაშვილის მორიგი ფილმი ''ყველაფერი კარგად იქნება'' გამოვიდა, რეჟისორის ჩანაფიქრი ძალიან მარტივი გახლდათ - კინოში ხალხის ადვილად მისატყუებლად ტელერეკლამაში აქცენტი სრულიად შიშველ შორენა ბეგაშვილზე იყო გადატანილი. დიახ, შორენა ამ ფილმში მთლიანად გაშიშვლდა.

თუმცა ალბათ 21-ე საუკუნეში უფრო მარტივია ამის გაკეთება, ვიდრე წლების წინ, როდესაც ნაკლებად პროგნოზირებადი იყო საზოგადოების რეაქცია მსახიობის ამგვარ ნაბიჯზე. შორენამ ასევე გაიხადა დათო იმედაშვილის ''ოცნების ქალაქში'', სადაც ესთეტიკურად სასიამოვნო სანახავი სექსუალური სცენა ითამაშა აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად.

გასულ საუკუნეში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ქართველმა მსახიობებმა ეკრანზე გაშიშვლება გაბედეს.

გადავწყვიტეთ, სტატია სხვადასხვა თაობის ქართველ მსახიობებზე მოგვემზადებინა, რომლებიც პროფესიის გამო სხეულის გარკვეული ნაწილების გამოჩენაზე დათანხმდნენ.
პირველად მაინც ყველას კიკუს პერსონაჟი ახსენდება, რომელიც 1964 წელს გამოჩნდა ფილმში ''დათა თუთაშხია''. კიდევ ერთი გამბედავი ქართველი ქალი, რომელმაც კინოში გაიხადა, 80-იან წლებში მსახიობი ხათუნა იოსელიანი გახლდათ. ის 44 წლის იყო, როდესაც ვახტანგ კოტეტიშვილის ფილმში ''ანემია'' პარტნიორობას ლევან აბაშიძე უწევდა.

ეკრანზე გაშიშვლებული ქართველები - ''მთავარია, მოეშვა...''

მოგვიანებით ამას მოჰყვა ნანა ჯორჯაძის ფილმი ''შეყვარებული კულინარი'', სადაც მისი პერსონაჟი პიერ რიშარის გმირს ჩაუწვა ლოგინში. წლების შემდეგ კიდევ ერთხელ მოირგო ეროტიკული როლი, როდესაც ნახევრად შიშველმა ზაზა ხალვაშის ''მგლების ხორუმში'' ჯაპანასთან ერთად სექსის სცენა შეასრულა.

ამ კუთხით გამორჩეულია ია ფარულავაც, რადგან ცამეტი წლის წინ გადაღებულ ფილმს მსახიობს დღემდე ახსენებენ. მკერდმოშიშვლებული იასა და ზაზა პაპუაშვილის სექსუალური სცენის გამო, ''სიყვარული ვენახში'' პირველ ქართულ ეროტიკულ ფილმად აღიარეს.



შემდეგ იყო ''იმედის'' გახმაურებული სერიალები. გარდა ''მგლების ხორუმისა'', მაგალითად, ''მტვრის გემოში'' მარინა კახიანმა ჯაბა კილაძესთან ითამაშა სექსუალური სცენები და ერთ-ერთ კადრში მსახიობი მთლიანად შიშველი ჩანს. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ამ სცენის გადასაღებად თავად არ გაშიშვლებულა და დუბლიორი გამოიყენა.

ბოლო წლებში ქართული კინემატოგრაფი უფრო თამამი გახდა, მსახიობების დათანხმებაც ისეთი რთული აღარ იყო. მაგალითად, დავით ჯანელიძის ფილმ ''ჯაყოს ხიზნებში'', ერთდროულად სამ ადამიანს - გიორგი ნაკაშიძეს, ნატა მურვანიძესა და ზაზა ბურჭულაძეს მოუხდათ გაშიშვლება და სექსუალურ სცენებში თამაში.



ასევე წელს ზევით გაიხადა რუსუდან ჭყონიას ფილმში ''გაიღიმე'' ია სუხიტაშვილმა, თუმცა მის ამ საქციელს განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია. იას იმდენად ტრაგიკული როლი ჰქონდა, რომ ამ შემთხვევაში შიშველმა კადრმა მაყურებელს თვალი არ მოსტაცა და აქცენტი მისი გმირის განცდებზე გადაიტანა.



იმავე ფილმში არ გაშიშვლებულა, მაგრამ მასზე დიდხანს ლაპარაკობდნენ... გიორგი მარგველაშვილის მეგობარ ქალბატონს, მაკა ჩიჩუას, ჯერ კიდევ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებამდე, წინასაარჩევნოდ გაუვრცელეს ''გაიღიმედან'' საცურაო კოსტიუმში გადაღებული კადრები და ეროტიკული სცენა მსახიობ თორნიკე ბზიავასთან. მართალია, მაკა ჩიჩუა პროფესიონალი მსახიობი არ გახლავთ, მაგრამ მის მიერ შესრულებულმა როლმა მისი სტატუსის გამო საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. მაშინ ჯერ კიდევ მომავალ პირველ ლედის არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ერთ ძალიან კარგ ქართულ ფილში ითამაშა.



სექსის სცენა ითამაშეს ნახევრად შიშველმა ანი ტყებუჩავამ და ლევან ყოჩიაშვილმა გიორგი ლიფონავას ფილმში ''ჭამა და სექსი''. მაშინ წყვილმა იმდენად კარგად განასახიერა ოჯახური თანაცხოვრება, რომ, როგორც ჩანს, რეჟისორმა კიდევ ერთხელ დააწყვილა, ამჯერად სერიალში.

თავის მოკლემეტრაჟიან ფილმებში მსახიობების გაშიშვლებით ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ახალგაზრდა რეჟისორმა შოთიკო კალანდაძემ. ყველას გაუკვირდა, როდესაც ქართველმა ლამაზმანმა ლიკა ქავჟარაძემ პირველად სწორედ შოთიკოს ფილმში გაიხადა. კალანდაძე იმდენად ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ ქართული სამსახიობო სპექტრის დიდი ნაწილი ანაზღაურების გარეშე მარტივად გააშიშვლა. უკვე ასაკში შესული მარიტას სიშიშვლე საზოგადოებამ საკმაოდ მძიმედ აღიქვა. ბევრმა რეჟისორი იმაშიც დაადანაშაულა, რომ ლიკა ქავჟარაძის ნდობით ბოროტად ისარგებლა, მოგეხსენებათ, ლიკას კინოკარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ.

ლიკა გამონაკლისი არ ყოფილა და კალანდაძემ ერთიმეორის მიყოლებით გახადა მამაკაცებსაც. მათ შორის აღმოჩნდნენ: რამაზ ნოზაძე, როლანდ ოქროპირიძე, რომელიც კალანდაძის მორიგ ფილმში ქავჟარაძეს უწევდა პარტნიორობას. სასიყვარულო სცენაში მიიღო მონაწილეობა ნანკა კალატოზიშვილმაც - კალანდაძის ერთ-ერთ ფილმში მისი პერსონაჟი ტუჩებში კოცნის უცხო ახალგაზრდას და წყვილი ნახევრად შიშველი მისცემია ვნებას.



სამაგიეროდ, გაშიშვლებაზე უარი თქვა ნანკას მეორე ნახევარმა ირაკლი კეიდიამ, თუმცა მაშინ წყვილი ერთად არ ყოფილა. ასაკით საკმაოდ პატარა, პირსახოცშემოხვეული კეიდია ფილმში მოდელ ნათია მაქაცარიასთან ერთად გამოჩნდა, ისინი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ.

''მიდიოდა მატარებელი'' - ასე ჰქვია გიორგი შენგელაიას ფილმს, სადაც მსახიობმა მიშა ჯოჯუამ სექსის სცენა ნახევრად შიშველ საკუთარ მეუღლესთან ითამაშა...
როგორც ნახეთ, ქართველ მსახიობთა გაშიშვლებისკენ აქტიურად ჯერჯერობით მხოლოდ შოთიკო კალანდაძე მიისწრაფვის. იმედი აქვს, რომ მისი ფილმები ისტორიას დარჩება. როგორც რეჟისორი ამბობს, მისი ნამუშევრების გენიალურობას ჯერჯერობით ვერ იგებენ და ამის მაგალითად ჩარლი ჩაპლინის ფილმები მოჰყავს.



ზოგადად კი, სასიყვარულო სცენებს კინოში თავისი ადგილი აქვს და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ამგვარი ეპიზოდების ოსტატურად გადაღება საქართველოში, ჯერჯერობით, ვერავინ შეძლო. გაშიშვლების დროსაც კი, მსახიობებს ეკრანზე ჯერ კიდევ შემოაქვთ გარკვეული უხერხულობა. ისევე, როგორც ყველაფერს, ამასაც ალბათ სწავლა უნდა, მსახიობს უნდა შეასწავლონ, როგორ გადმოსცეს ვნება სწორად ეკრანზე, ხოლო რეჟისორებმა უფრო მეტი ხერხი უნდა შეითვისონ სიყვარულის საჩვენებლად ისე, რომ საზოგადოება არ გააღიზიანონ.

სხვათა შორის, მცირე ხნის წინ სექსუალურმა ლათინოამერიკელმა მსახიობმა სოფია ვერგარამ აღიარა, რომ სექსის სცენების თამაში, არც მეტი, არც ნაკლები, შერონ სტოუნისგან ისწავლა. ჟურნალისტთან საუბრისას მას აღარ დაუკონკრეტებია, რა მეთოდები შეისწავლა ჰოლივუდელი ლამაზმანისგან და მხოლოდ ერთი ფრაზა გაიხსენა, რომელიც სტოუნმა უთხრა: ''მთავარია, მოეშვა''. კარგია, თუ ქართველი მსახიობებიც მოეშვებიან და უფრო მეტად მიენდობიან თავიანთ კინოპარტნიორებს.
სტატიის ავტორი: ქეთი მელაძე
სტატიის წყარო:ჟურნალი ''რეიტინგი''