რა უწინასწარმეტყველა ვანგამ საქართველოს? - რას ყვება მასთან შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტი

რა უწინასწარმეტყველა ვანგამ საქართველოს? - რას ყვება მასთან შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტი
"ვანგას დანახვამ დამზაფრა, - მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმასაც, რაც კაცმა არ იცის, რაა."
"ჩემ შემდეგ ინჟინერი რამაზ გოგისვანიძე იყო ვანგასთან და კინაღამ გამოაგდო, - ქართველებმა ისეთი კაცი მოკალით, ჩემთან როგორ მოდიხარო!"

"ურწმუნო ხალხს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ." – ეს სიტყვები ბულგარელ წინასწარმეტყველს, გასული საუკუნის ფენომენალურ მოვლენად აღიარებულ ვანგას ეკუთვნის. ვანგელია პანდევა გუშტეროვა, იგივე ვანგა დაიბადა 1911 წლის 31 იანვარს, ქალაქ სტრუმიცაში, რომელიც დღეს მაკედონიის ტერიტორიაზე მდებარეობს. სამი წლის ასაკში გარდაეცვალა დედა. ეკონომიკურად რთულ ბავშვობას ისიც დაერთო, რომ მოზარდობისას, დაახლოებით 12 წლისამ თვალისჩინი დაკარგა. როგორც ამბობენ, 16 წლის უსინათლო გოგონამ კი აღმოაჩინა, რომ იმათზე გაცილებით მეტის დანახვა შეეძლო, ვისაც თვალის ჩინი ჰქონდა.

მისი შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველებები იმდენად ზუსტად სრულდება, რომ კაცობრიობა იძულებულია მათ ხშირად გადახედოს. 1980 წელს მან თქვა, რომ 1999 ან 2000 წლის აგვისტოს ბოლოს წყლის ქვეშ აღმოჩნდება "კურსკი", რომელსაც მსოფლიო იგლოვებდა. 2012 წლის 12 აგვისტოს რუსული წყალქვეშა ხომალდი "კურსკი" ჩაიძირა, დაიღუპა მისი ეკიპაჟის 181-ვე წევრი... ფაქტობრივად, ზედმიწევნით ასრულდა ვანგას წინასწარმეტყველება.

1989 წელს კი მან ივარაუდა, რომ "ამერიკელი ძმები" დაეცემოდნენ რკინის ჩიტებით... ბევრი მიიჩნევს, რომ 2001 წლის სექტემბერში, ტერორისტების მიერ ამერიკის ტყუპი ცათამბჯენის აფეთქებით ასრულდა ვანგას ეს წინასწარმეტყველება. მასთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მათ შორის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანები. ჟურნალისტი გიგლა გობეჩია ვანგას 1990 წელს შეხვდა.

- ბატონო გიგლა, როგორ მოახერხეთ ვანგასთან შეხვედრა? როგორც ამბობენ, ეს ძალიან რთული იყო...
- ნამდვილად რთული იყო. ვანგა ენითაუწერელი მოვლენა იყო, მათ შორის ეკლესიისთვისაც, - მასთან ბულგარეთის პატრიარქსაც ჰქონდა ურთიერთობა. მყავდა მეგობარი - ბულგარელი ჟურნალისტი რადა მილევა, რო

მელსაც ძალიან აინტერესებდა ჯუნა დავითაშვილის ფენომენი, რომელსაც მე შევახვედრე. 1990 წელს კი მე და ექსტრასენსი გია სულაქველიძე ბულგარეთში ერთად ჩავედით რადასთან. გაუთენებელზე ავდექით, თითქმის 300 კილომეტრი ვიარეთ და ვანგასთან რუპიტეში მივედით. დილის 9 საათი იყო, ადგილზე რომ ვიყავით. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, - ვანგა ბარაკის ტიპის შენობაში იღებდა ხალხს, უკვე 200 კაცი ელოდებოდა. მანქანის ნომერიც კი მახსოვს, რომლითაც ის მოიყვანეს. მანქანას მივვარდი და გადაღება დავუწყე. არადა, იქ გადაღება არ შეიძლებოდა; ამის გამო აპარატი წამართვეს და კინაღამ დამიმტვრიეს! ვანგას დანახვამ დამზაფრა, - მის გუგებში მომწყვდეული მთლიანად რძისფერი თვალების სიქათქათე ერთდროულად მეც მიმზერდა, სამყაროსაც და კიდევ იმას, რაც კაცმა არ იცის, რაა. გაფრთხილებული ვიყავით, რომ მისთვის კითხვები არ უნდა დაგვესვა, ამიტომ ვიდექი და ველოდი. მან ისეთი რამ თქვა, რაც პირადად მე არ მეხებოდა. ეს შეეხებოდა საქართველოს - შენს ქვეყანაში იქნება დიდი სისხლი, დიდი გაჭირვება, მაგრამ გავა დრო და ეს ყველაფერი გამოსწორდებაო.
სტატიის წყარო:ambebi.ge