სიყვარულში დამთმობი და პრინციპული ზოდიაქოს ნიშნები

სიყვარულში დამთმობი და პრინციპული ზოდიაქოს ნიშნები
გიფიქრიათ იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ანგრევს პარტნიორულ ურთიერთობას ხშირად მარტოოდენ საკუთარი გადამეტებული სიამაყისა და პრინციპულობის გამო? თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც გადამეტებულ ლოიალურობას იჩენს პარტნიორის მიმართ, რაც კიდევ ერთი უკიდურესობაა და როგორც ერთ ისე, მეორე შემთხვევაში ამგვარ დამოკიდებულებას ურთიერთობის დაშლამდე და გაფუჭებამდე მივყავართ. როგორც ამბობენ, "ოქროს შუალედის" პოვნა, ყველაზე მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობაში. ამაში კი თავად თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა და უმთავრესი სახასიათო შტრიხების სწორად გააზრება დაგეხმარებათ.

ასე მაგალითად, მარტივია დათმობა აიძულოთ ვერძს, მშვილდოსანს და ტყუპს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ფიცხი, მაგრამ მიმტევებელი ხასიათი აქვთ. ამიტომ მათთან ჩხუბი არასოდეს ნიშნავს ხოლმე საბოლოო დასასრულს. უბრალოდ, ცოტა ხნით უნდა აცალოთ "ემოციების გადახარშვა" და მხოლოდ შემდეგ სცადოთ მათთან ყველაფრის თავიდან დაწყება.

შედარებით რთულია კომპრომისზე დაითანხმოთ ლომი, სასწორი და კურო. ამ ადამიანებში ძალიან ამაყი, გაწონასწორებული და სტაბილურობის მოყვარული ტიპები გვხვდებიან. მათთვის რთულია მარტივად დათმონ სიამაყე და პარტნიორს ჩადენილი შეცდომები მოკლე ვადაში აპატიონ. ამასთან ერთად, თუკი რეალური გარანტია არ გააჩნიათ საიმისოდ, რომ მომავალშიც იგივე პრობლემა არ შეექმნებათ, საეჭვოა მათგან მეორე შანსი მიიღოთ.

ძალიან რთულად გამოგივათ ან საერთოდ არ გამოგივათ შერიგება მორიელთან, კირჩხიბთან, თევზებთან და თხის რქასთან. ამ ნიშნით დაბადებულები ვერ იტანენ კომპრომისებს, უჭირთ პატიება და მარტივად ვერ ახერხებენ წყენის ან გულისტკივილის დავიწყებას, რომელსაც მათ საყვარელი ადამიანი აყენებს. გარდა ამისა, ეს ის ხალხია, ვისაც ხშირად ახასიათებს შურისძიებაც.

დაბოლოს, სპეციფიკური მიდგომაა საჭირო მერწყულთან და ქალწულთან. ორივე ნიშანი ემოციების კარგად ფლობის უნარით გამოირჩევა. შესაბამისად, მათთან კონფლიქტის წამოწყება ხშირად რთულიც კია. სამაგიეროდ, თუკი მაინც შეძელით ეს მომავალში ისევ, იმავე ტიპის სიახლოვის იმედი ნუღარ გექნებათ. მერწყულმა შესაძლოა სამომავლოდ მეგობრობაც შემოგთავაზოთ (და სხვა არაფერი!), ხოლო ქალწული თქვენთან მარტოოდენ ოფიციალური მისალმებით შემოიფარგლება.
სტატიის წყარო:astrologi.ge