ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე

ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე
სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი. ჰიგიენა მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრებისა და შრომის პირობების ზეგავლენას, ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაავადებათა პროფილაქტიკის გზებს, უზრუნველყოფს ცხოვრების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობებს. რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ქალის ჰიგიენის ცნება?
- ქალის ჰიგიენა მოიცავს ჰიგიენის ზოგად წესებს (ტანსაცმლის, სხეულის, ფიზიკური მომზადებისა და მისთანათა ჰიგიენას), შრომის ჰიგიენას (მას ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს) და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქალის ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში მისი ორგანიზმის თავისებურებებს უკავშირდება.

- რატომ აქცევენ ასეთ დიდ ყურადღებას ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს?
- ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.
სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.

- რა უნდა იცოდეს ყოველმა ქალმა?
- ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია: ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას. როდესაც საშოს გარემო ამა თუ იმ მიზეზით ტუტიანდება, ლაქტობა-ტერიების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებს - ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე უბრალო და გავრცელებული მიზეზი მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელეც ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. თუ ეს ერთხელ მოხდა, არაფერია, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი დარტყმა საშოს მიკროფლორას არღვევს. მრავლდება პათოლოგიური ბაქტერიები და ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთანავე, ტუტოვანი გარემო სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ინტიმური ადგილების დასაბანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. გახსოვდეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გამონადენი, ქავილი ან წვა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით. მენსტრუაციისას გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსაწმენდები, რომლებიც ანტისეპტიკური ლოსიონით არის გაჟღენთილი. ისინი არ შეიცავს სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სამაგიეროდ, მრავალი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები. ანალური ხვრელის გარშემო არე ჩვეულებრივი საპნით დაიბანეთ, - ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ მიდამოს დეზინფექციისთვის არ კმარა. დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი წინიდან უკან უნდა იყოს მიმართული (ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაც ასეთივეა).
დაბანის შემდეგ სისველეს ნუკი გაიმშრალებთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით გარეთაAსასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი არ დაიზიანოთ. ინტიმური ადგილების დაბანისას ღრუბელი საჭირო არ არის - მან შესაძლოა ავნოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანს. პირსახოცი სუფთა, რბილი და ინდივიდუალური უნდა იყოს. ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ. ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგსა და ტანგას ემტერებიან. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულისას თხელ ზონარს ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ გადააქვს. გარდა ამისა, საცვალი კანს მეტისმეტად მჭიდროდ ეხება და მის სისხლმიმოქცევას არღვევს.
თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის.

- როდის იწყება გოგონას სქესობრივი მომწიფება და რა თავისებურებები ახასიათებს მას?
- სქესობრივი მომწიფების პერიოდი (პუბერტატული პერიოდი) 11-14 წლის ასაკში იწყება. ამ დროს ხდება ქალის ტიპის ჩამოყალიბება, მისი გარეგანი და შინაგანი სასქესო ორგანოების განვითარება, ვლინდება სქესის თვისებები. გარეთა სასქესო ორგანოებზე, იღლიის ფოსოში იზრდება თმა, იზრდება სარძევე ჯირკვლები, ძლიერდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სეკრეტის გამომუშავება, იმატებს ცხიმოვანი ქსოვილის ოდენობა. იცვლება ხმა, გუნება-განწყობა, საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი. ორგანიზმი ემზადება მეტად საპასუხისმგებლო მოვლენისთვის - მენსტრუაციისთვის. პუბერტატულ პერიოდში გოგონები პირად ჰიგიენას დიდ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. პირადი თეთრეულის (ქვედა საცვლის) გამოცვლა და შხაპის მიღება ყოველდღეა საჭირო. ასევე, გოგონებმა უნდა იხმარონ ანტიპერსპირანტები - ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები (აეროზოლი, კრემი, მშრალი ბურთულები). შესაძლოა, გაჩნდეს უსუნო, უფერო, ლორწოვანი გამონადენი საშოდან, ამიტომ მოზარდმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ყოველდღიური ჰიგიენური საფენები.

- როგორ დავიცვათ გოგონა სასქესო ორგანოების დაავადებებისგან?
- სქესობრივ მომწიფებამდე გოგონას ორგანიზმში არ გამომუშავდება რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც საშოს ინფიცირებისგან იცავს, ამიტომ საშოს დაცვის ერთადერთი გზა მისი მართებული მოვლა და ჰიგიენაა. გოგონამ სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც უნდა დაიბანოს თბილი სუფთა წყლითა და საპნით. დიდი მნიშვნელობა აქვს შრომისა და დასვენების რეჟიმს. გადაღლა, შესაძლოა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის მიზეზად იქცეს, ამიტომ მშობლებმა საგანგებო ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდი გოგონას დღის რეჟიმს, შრომისა და დასვენების მონაცვლეობას, კვებას, ფიზიკურ აქტივობას.
გახსოვდეთ: მეტისმეტი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, არასწორი კვება, ხანგრძლივი ფსიქიკური გადაძაბვა შესაძლოა დამღუპველად აისახოს მოზარდის სქესობრივ ფუნქციაზე.
საშიშია გადაცივება, განსაკუთრებით - მენსტრუაციის დროს. ეს ცისტიტისა და დანამატების ანთებისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. არანაკლებ საშიშია სველი ქვედა საცვლითა და საბანაო კოსტიუმით სიარული.
რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს ინფექციური და ქრონიკული დაავადებებიც.
გოგონას დროულად უნდა ვასწავლოთ ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დაცლა, ვინაიდან გადავსებულმა შარდის ბუშტმა და სწორმა ნაწლავმა შესაძლოა საშვილოსნოს ნორმალური მდებარეობა დაარღვიოს და არარეგულარული და მტკივნეული მენსტრუაცია გამოიწვიოს.

- როგორი უნდა იყოს მოზარდის ჰიგიენა მენსტრუაციის პერიოდში?
- სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე ყოველი გოგონა უნდა გაეცნოს მენსტრუაციის არსს, წინასწარ მოემზადოს პირველი მენსტრუაციისთვის და გულდასმით შეისწავლოს სასქესო ორგანოების ჰიგიენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება. ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა, ადვილი შესაძლებელია, ფსიქიკური ტრავმისა და მენსტრუაციული ციკლის ფსიქოგენური დარღვევის მიზეზად იქცეს. პირველ მენსტრუაციას მენარქეს უწოდებენ. მისი დაწყების დრო კლიმატურ პირობებზე, ფიზი-კურ, სოციალურ, საყოფაცხოვრებო და კულტურულ გარემოზეა დამოკიდებული. მენსტრუაციული ციკლი 12-13 წლის ასაკში იწყება - ასეთია ნორმა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს 9-11 წლის ან 15-17 წლის ასაკში ხდება. მენარქედან 1-2 წლის მანძილზე ხშირია მენსტრუაციისა და მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა მოშლილობა, რომლებიც თავისთავად გამოსწორდება, ისე რომ, სამედიცინო ჩარევა საჭირო არ არის. ორფაზიანი ფიზიოლოგიური მენსტრუაციული ციკლი პირველი მენსტრუაციიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ყალიბდება.

- როგორია ქალის ჰიგიენა მენსტრუაციის დროს?
- მენსტრუაციის დღეებში ქალი უნდა ერიდოს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ხანგრძლივ სიარულს, ველოსპორტს, ჯირითს, ზღვასა თუ აუზში ცურვას. სასურველია, რაციონიდან გამოირიცხოს სანელებლებით შეკაზმული კერძები. არამც და არამც არ შეიძლება სპირტიანი სასმელების მიღება.
მენსტრუაციის მოსვლისთანავე ქალმა უნდა დაიწყოს ე. წ. მენსტრუაციის კალენდრის წარმოება - ყოველთვიურად ჩაინიშნოს მენსტრუაციის მოსვლისა და დამთავრების თარიღი. მენსტრუაცია 3-7 დღეს გრძელდება. ამ პერიოდში იხმარება სპეციალური ჰიგროსკოპიული (შემწოვი) ჰიგიენური საფენები, რომლებიც, სასურველია, ყოველ 2-3 საათში ერთხელ გამოვიცვალოთ. ასევე სასურველია გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა თბილი გამდინარე წყლით დღეში ორ-სამჯერ, იდეალურ შემთხვევაში - საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ. ტაშტში ჩაბანა დაუშვებელია.

- როგორ შევარჩიოთ ჰიგიენური საშუალება კრიტიკული დღეებისთვის?
- პირველ ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, რამდენად უხვია გამონადენი მენსტრუაციის დროს. საფენები შეწოვის კოეფიციენტის მიხედვით შეირჩევა. ჩვეულებრივ, ისინი ოთხნაირია: ლიგჰტ, ნორმალ, სუპერ და სუპერ-პლუს, ან ნიგჰტ. ზოგიერთზე წვეთების რაოდენობაც არის მითითებული. ინფექციის გამომწვევი მიკრობებისთვის სისხლი იდეალური საკვებია, ამიტომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს ნუ დაზოგავთ, რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ საფენები და ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედუ-რები. მენსტრუაციის დროს ჰიგიენური საფენის გამოცვლა დღეში 4-5-ჯერ მაინც არის საჭირო.
ზოგიერთი ქალი საფენებს საშოს ტამპონებს ამჯობინებს. ტამპონები, რომლებიც ასევე შეწოვის უნარით განსხვავდება ერთმანეთისგან, საშოში თავსდება და მეტად კომფორტულია. ისინი არ ზღუდავს მოძრაობას და ქალს საშუალებას აძლევს, კრიტიკულ დღეებში ნებისმიერი საცვალი და ტანსაცმელი ატაროს. ტამპონების გამოცვლა 2-3 საათში ერთხელ ხდება. აქვე გეტყვით, რომ მათი გამოყენებისას საგანგებო სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან არსებობს ტოქსიკური შოკის სინდრომი - იშვიათი, მაგრამ მძიმე პათოლოგია, რომელსაც საშოს ტამპონების გამოყენება იწვევს. საშოსა და საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების დროს ტამპონების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მენსტრუაციის დროს არ შეიძლება:

აბაზანის მიღება ან საუნაში წასვლა;
აუზსა და წყალსატევში ბანაობა;
მენსტრუაციის დროს თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისგან. ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრება ზრდის საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთების რისკს;
თუ საშოს ჰიგიენურ ტამპონებს ხმარობთ, გახსოვდეთ, რომ მათი გამოცვლა აუცილებელია 2 საათში ერთხელ. ზოგიერთი ექიმი გვირჩევს, მათ დროდადრო საფენები შევუნაცვლოთ.

- რა შეიძლება მოჰყვეს საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას?
- საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა ანუ დეფლორაცია, ჩვეულებრივ, პირველი სქესობრივი კავშირის დროს ხდება. ასიდან 70 შემთხვევაში დეფლორაციას თან სდევს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, თუმცა ძლიერი ტკივილი იშვიათია. თუ სქესობრივი კონტაქტი ნორმალურად ჩატარდა, მტკივნეული შეგრძნება მცირე ხანს გაგრძელდება. საშოს კედლების მიკროტრავმამ შესაძლოა პოსტდეფლორაციული ვაგინიტი (საშოს ანთება) გამოიწვიოს. მიზეზი ის გახლავთ, რომ საქალწულე აპკში გაჩენილ ნახეთქებში ინფექცია იჭრება. ამ დროს ხშირია სასქესო ორგანოების ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი. დეფლორაციის შემდეგ ზოგჯერ სისხლდენა ხანგრძლივდება და შესაძლოა, სახიფათოც კი გახდეს. თუ სისხლდენა დიდხანს არ შეწყდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
ხშირია დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) და პიელიტი (თირკმლის ფიალების ანთება). ქალებში საშარდე ორგანოების ინფექციები განსაკუთრებით არის გავრცელებული - მამაკაცებზე 14-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ამის მიზეზია ქალის ორგანიზმის ანატომიური თავისებურება - მოკლე ურეთრა (შარდსადინარი მილი). ურეთრის გარეთა ნაწილში მუდმივად ხვდება საშოსა და სწორი ნაწლავის მიკროორგანიზმები. გარდა ამისა, ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, შარდის ბუშტს ბოლომდე არ ცლიან. სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად სქესობრივი კონტაქტისას შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრა და უსიმპტომო ბაქტერიურიები საგრძნობლად ხშირდება. ასიდან 75 შემთხვევაში ინფექციის განმეორებითი ეპიზოდები სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში ვლინდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან და/ან უროლოგთან, თანაც - რაც შეიძლება სწრაფად. ექიმი კვალიფიციურ რჩევებსა და დანიშნულებას მოგცემთ.

- რას გვეტყვით ორსულთა ჰიგიენაზე?
- ორსულისთვის მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, სწორი და ჯანმრთელი კვება, თეთრეულის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, მართებული ფიზიკური დატვირთვა (ფეხით სიარული, ცურვა), მართებული რეჟიმი - სულ მცირე, 8-საათიანი ძილი და ძილის წინ - ხანმოკლე გასეირნება.
ორსულობისას რეკომენდებული არ არის ცხელი აბაზანის მიღება. სამაგიეროდ, სასურველია ყოველდღე მიიღოთ შხაპი. ორსულმა დღეში ორჯერ თბილი საპნიანი წყლით უნდა დაიბანოს სარძევე ჯირკვლები და გარეთა სასქესო ორგანოები. ძუძუსთავების დახეთქვის თავიდან ასაცილებლად ისინი უნდა დაზილოთ ხაოიანი, უხეში პირსახოცით. თუ ძუძუსთავები ბრტყელი და შეწეულია, სასურველია, ჩაიტაროთ მათი მასაჟი. აუცილებელია პირის ღრუს მდგომარეობის კონტროლი და სანაცია.
სასარგებლოა სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც მუცლის პრესის განმტკიცებისთვის, სუნთქვის გაღრმავებისა და სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი.

- როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული?
- ორსულობა იმას არ ნიშნავს, ადრინდელზე ორჯერ მეტი საკვები მივიღოთ. სამაგიეროდ, მეტად მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი: დედაც და ბავშვიც საკმაო ოდენობით უნდა იღებდნენ აუცილებელ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. საჭიროა კვება მცირე ულუფებით, დღეში 4-5-ჯერ, თანაბარი ინტერვალით. ერიდეთ დიდი ოდენობის საკვების ერთბაშად მიღებას, ასევე - ჭამას გვიან საღამოს და ღამით.
ორსულთათვის სასარგებლოა:

მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
ხორცი, თევზი, კვერცხი;
ნაკლებცხიმიანი რძე და მისი ნაწარმი: მაწონი, იოგურტი, კეფირი, ყველი, ხაჭო.
ერიდეთ:
კოფეინიან სასმელებს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან მოგინდათ, შეგიძლიათ, დალიოთ, მაგრამ არა უმეტეს 2 ჭიქისა;
ალკოჰოლს. ნაყოფისთვის 1 ჭიქა მაგარი სასმელიც კი ბევრია. ის შეუფერხებლად გაივლის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს;
ჭარბ შაქარს და ტკბილეულს: კანფეტებს, ნამცხვრებს;
ჭარბად მარილიან საკვებს: მლაშე კერძებსა და ძეხვეულს, მარინადებს, მწნილებს, საწებლებს. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ აიკრძალოთ მარილის ზომიერად მიღება;
დიდი რაოდენობით ცხოველურ ცხიმს: კარაქს, არაჟანს, ხორცის ბულიონს;
კონსერვირებულ სურსათს, რომელიც დიდი ოდენობით კონსერვანტებს შეიცავს და შესაძლოა, საშიში ინფექციის - ბოტულიზმის წყაროდ იქცეს;
არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძესა და შეუმოწმებელი რძის პროდუქტებს;
ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცსა და თევზს;
თოხლო და უმ კვერცხს;
ღვიძლისა და სხვა შიგნეულობისგან მომზადებულ კერძებს.

დღიური რაციონი ასე შეიძლება განაწილდეს:
I საუზმე - მარცვლეულის (ხორბლის, შვრიის, ჰერკულესის, წიწიბურას, სიმინდის) ფაფა, რძე, ყველი, ხაჭო, ახალი ხილი ან ხილის წვენი
II საუზმე - ხორცის ან თევზის ბუტერბროდი, ბოტნეულის სალათი (სასურველია მწვანე სალათის ფოთლებით), რძე, ყველი, ახალი ხილი
სადილი - ქათმის, თევზის ან ხორცის ცხელი კერძი, შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი, მაწონი, ყველი ან ხაჭო, ახალი ხილი ან ხილის წვენი
ვახშამი - კრეკერები ან ორცხობილა, მაწონი ან რძე
დღის განმავლობაში ორსულმა აუცილებლად უნდა მიიღოს 2 ლიტრამდე სითხე (წყალი, რძე, წვნიანი კერძები). მაგალითისთვის, ეს ულუფა შეგიძლიათ ასე გაანაწილოთ: 4 ჭიქა წყალი + 1 ჭიქა რძე + 1 ჭიქა მაწონი + 1 თეფში სუპი + 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

- რა უნდა ჩაიცვას ორსულმა, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოს?
- ორსულობისას ძლიერდება სეკრეცია - იმატებს სხეულის ოფლიანობა, თმის ცხიმიანობა. ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელს. თეთრეული აუცილებლად ბამბისა უნდა იყოს. სინთეტიკური ქსოვილები რძიანას განვითარების ალბათობას ზრდის. ორსულობისას მკერდი იზრდება და მძიმდება, ამიტომ აუცილებელია მოხერხებული ბიუსტჰალტერის ტარება, რათა შემდგომში მკერდი არ ჩამოეკიდოს. გარდა ამისა, სარძევე ჯირკვლები ძუძუთი კვებისთვის ემზადება, ამიტომ აუცილებელია მათი გავარჯიშებაც. შეშუპებების, გასუქებისა და სახსრების დასუსტების გამო ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ფეხის ზომა შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ სასურველია, ორსულებმა მოიმარაგონ ტყავის ან ნაჭრის დაბალქუსლიანი, შედარებით თავისუფალი ფეხსაცმელი, რომელიც არ ისრიალებს.

- დასაშვებია თუ არა სქესობრივი ცხოვრება ორსულობის დროს? არსებობს თუ არა საშიშროება, სქესობრივმა აქტმა აბორტი, ნაადრევი მშობიარობა ან მშობიარობის შემდგომი ინფექცია გამოიწვიოს?
- კლინიკურ პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის საფრთხე განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უმთავრესად - იმ ქალებში, რომლებიც აბორტისა და ნაადრევი მშობიარობისკებ არიან მიდრეკილნი, ხოლო ორსულობის მიწურულს სქესობრივმა აქტმა შესაძლოა სამშობიარო ტკივილებიც კი გამოიწვიოს. თუ ქალი ჯანმრთელია, წინა (ერთი ან რამდენიმე) ორსულობისას არ ჰქონია თვითნებითი აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა, სქესობრივი აქტი მიმდინარეობს ფრთხილად და სწორ პოზიციაში, პარტნიორები გაურბიან ქალის სასქესო ორგანოების ნებისმიერ უსარგებლო გაღიზიანებას, იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, - სქესობრივი კავშირით გამოწვეული საფრთხე უმნიშვნელოა. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ ინფექციას, ის, მართალია, ხშირია, მაგრამ უკავშირდება თუ არა ორსულობისას ჩატარებულ კოიტუსს, ჯერ კიდევ დაუდგენელია.

- როგორია ქალის ჰიგიენა მშობიარობის შემდეგ?
- დვრილების დახეთქვის თავიდან ასაცილებლად ახალშობილის კვების შემდეგ დედამ ძუძუსთავებზე უნდა წაისვას ლანოლინის შემცველი კრემი. სასარგებლოა ჰაერის აბაზანები. აუცილებელია ყოველდღიური შხაპი. მელოგინემ ბიუსტჰალტერში უნდა ჩაიდოს რბილი საფენები, რომლებიც გამოჟონილ რძეს აგროვებს. ასეთი საფენები მრავალჯერადიც არსებობს (ადვილად ირეცხება) და ერთჯერადიც. ლანოლინიანი კრემის წასმა ნახეთქებზეც დასაშვებია, ხოლო თუ ძუძუსთავები მეტისმეტად არის დახეთქილი, ბავშვის კვებისას შეიძლება გამოვიყენოთ დვრილებზე ჩამოსაცმელი სპეციალური საწოვარა. თუ ქალს ბრტყელი ან შეზნექილი ძუძუსთავები აქვს, შეუძლია იხმაროს სპეციალური საშუალებები, რომლებიც ბიუსტჰალტერში იდება და დვრილების ფორმირებას უწყობს ხელს.
მშობიარობის შემდეგ დაგჭირდებათ:

ბამბის წინ შესაკრავი ბიუსტჰალტერი. მან უნდა დაიჭიროს მკერდი და არ დააწვეს სარძევე ჯირკვლებს;
მშობიარობის შემდგომ სახმარი ბანდაჟი;
ჰიგიენური საფენები.
დასასრულ, ახალბედა მშობლებს სიამოვნებით მივცემ რამდენიმე რჩევას:
ბავშვი დედას რძის სუნით მაშინვე სცნობს, ამიტომ ვიდრე ძუძუს მისცემთ, სუნამოსა და დეზოდორს ნუ დაისხამთ - შესაძლოა, თქვენს პაწიას ეს არ მოეწონოს და ძუძუზე უარი თქვას.
მამებო! ერიდეთ მკვეთრი სუნის მქონე დეზოდორებსა და ლოსიონებს.

- ქალბატონო ნინო, რას გვეტყვით სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და მათ ჰიგიენაზე?
- ინფექციებს, რომელიც სქესობრივი პარტნიორისგან სქესობრივი აქტის დროს გადაედება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ეწოდება. ასეთ დაავადებებს ბაქტერია, პარაზიტი ან ვირუსი იწვევს. ამჟამად 20-ზე მეტი გამომწვევია ცნობილი. სგგდ-ებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ქლამიდიოზი, გონორეა, მარტივი ჰერპესი, აივ/შიდსი, ადამიანის პაპილომავირუსული დაავადება, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ბოქვენის ტილი.სგგდ ორივე სქესობრივ პარტნიორს ემართება, მაგრამ დაავადებით გამოწვეული პრობლემები უფრო მეტად ქალებს აწუხებს.

- როგორ ვიეჭვოთ ეს დაავადება?
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადების სიმპტომებია:
გამონადენი საშოდან ან ურეთრიდან;
წვის შეგრძნება გენიტალიების მიდამოში;
ქავილი გენიტალიების მიდამოში;
წყლული გენიტალიების ან ანუსის მიდამოში.

შედარებით იშვიათად აღინიშნება

კონდილომები გენიტალიების ან ანუსის მიდამოში;
მძაფრსუნიანი გამონადენი საშოდან ან ურეთრიდან;
მტკივნეული დეფეკაცია.

ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. დიაგნოზის დასაზუსტებლად იღებენ ნაცხს დაზიანებული ადგილიდან, მაგალითად, წყლულიდან, საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან, სისხლისა და შარდის ანალიზებს. ტარდება საშოსმხრივი გასინჯვა და გენიტალიების დათვალიერება. თუ დიაგნოზი დადებითია, ეს აუცილებლად უნდა ეცნობოს სქესობრივ პარტნიორს, რათა დერმატოვენეროლოგს მანაც მიმართოს. სგგდ-ებს, გამომწვევის კვალობაზე, სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. ვირუსებით გამოწვეული დაავადებების - აივ/შიდსის, ადამიანის პაპილომავირუსის, ჰერპესის - მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ამ დაავადებათა კონტროლი შეგვიძლია. ბაქტერიებითა და პარაზიტებით გამოწვეულ სნეულებებს - ქლამიდიოზს, გონორეას, სიფილისს, ტრიქომონიაზს, ბოქვენის ტილს - ანტიბიოტიკებითა და ადგილობრივი სააპლიკაციო საშუალებებით მკურნალობენ.
სგგდ-ით დაავადების რისკი იზრდება:
როდესაც ადამიანს ჰყავს რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი;
ნარკოდამოკიდებულებისას;
როდესაც პარტნიორის სქესობრივი წარსული უცნობია.
ბევრს ასეთი კითხვა ებადება: ხომ შეიძლება, მამაკაცმაც ისეთივე მკურნალობა ჩაიტაროს, როგორიც მისმა პარტნიორმა ქალმა? მაშ, რა აუცილებელია ვენეროლოგთან კონსულტაცია? გიპასუხებთ: გინეკოლოგია ქალის ორგანიზმს სწავლობს. მამაკაცის გამოკვლევა და მკურნალობა გინეკოლოგის კომპეტენცია არ არის. ამისთვის ანდროლოგის კვალიფიკაციაა საჭირო. ამიტომ ხაზგასმით ვიმეორებ: ქალის სქესობრივმა პარტნიორმა აუცილებლად უნდა მიმართოს დერმატოვენეროლოგს. პარტნიორებმა ერთდროულად უნდა იმკურნალონ. ამ ხნის განმავლობაში სასურველია სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები?
- უწინარეს ყოვლისა, სწორად და თანმიმდევრულად გამოიყენეთ კონდომი. ის თითქმის 100%-ით ამცირებს სგგდ-ის განვითარების რისკს.

სქესობრივი აქტის დროს გამოიყენეთ სპერმაციდული ქაფი ან ლუბრიკანტი (იკითხეთ აფთიაქებში).
სქესობრივი აქტის შემდეგ დაიბანეთ გენიტალიები.
მოშარდეთ სქესობრივი აქტის შემდეგ. შესაძლოა, ზოგიერთი მიკრობი გამოირეცხოს საშარდე ტრაქტიდან.
ერიდეთ სქესობრივ ცხოვრებას მენსტრუაციის დროს.
არ გამოირეცხოთ საშო შხაპით - ამ გზით დაიზიანებთ საშოს ნორმალურ მიკროფლორას, რომელიც დიდ როლს ასრულებს სგგდ-ებისგან დაცვის თვალსაზრისით.
თავი არიდეთ ანალურ სექსს - სწორი ნაწლავი და ანუსი მოფენილია მავნე მიკროორგანიზმებით!
დაიცავით ელემენტარული ჰიგიენა.
გყავდეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი.
ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.
რაც მთავარია, ერიდეთ თვითმკურნალობას და "გამოცდილი" მეგობრების რჩევებს.
სტატიის წყარო:mkurnali.ge