სხვა ინტერვიუ – თინა მახარაძესთან

სხვა ინტერვიუ – თინა მახარაძესთან
თინა მახარაძე : “ქართველი ვარ ნამდვილად, და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ეთნიკური წარმომავლობა რამე განსაკუთრებულ ეშხს მძენს ღმერთის თვალში და ამის გამო კარგი ნაკვეთი მერგება სამოთხეში.”

მსახიობი და ტელეწამყვანი თინა მახარაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან’, რომელშიც თამუნა ჭელიძის როლი მოირგო. სერიალის შემდეგ მცირე ტაიმ-აუტი აიღო და ეკრანზე აღარ გამოჩენილა, თუმცა საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. პარიზში იმუშავა ფილმზე, “თბილისის პატარა თეატრი“, შემდეგ დიდ ბრიტანეთშიც გაემგზავრა სასწავლებლად. თინას აქტუალურობამ პიკს „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ მიაღწია. რაც შეეხება ეპატაჟურ განცხადებებს, იმდეანად არაერთგვაროვნად მიიღეს, რომ მის გარშემო აგორებულმა სკანდალებმა, ბევრი აქტუალური თემა გადაფარეს.

„ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ გოგოს. როგორც ნიჭიერია სამსახიობო თვალსაზრისით, ისე ცხოვრებისეულად განვითარებულია.. დიდი ტალანტია“.- ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი თინა მახარაძეზე.



სხვა ინტერვიუ – თინა მახარაძესთან
რეალურად ვინ არის თინა მახარაძე?
-ამ ბოლო დროს ძალიან ჟღერადი გახდა : “თინა მემე მახარაძე” . ჩემი მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები “ფორმულა კრეატივში”, შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ხელს მიწევენ და გამოთქმით და ღიმილით ასე მესალმებიან: “თინა მემე მახარაძე”. ამ დროს ორი პასუხი მაქვს ხოლმე: 1) “გახლავართ!” ან ბ) “თინა მევე მახარაძე!” ამ შემთხვევაშიც ასე მომიწევს, გაგცეთ პასუხი: თინა მემე მახარაძე -თინა მევე მახარაძე გახლავართ. საკუთარი თავის ფსიქოანალიზით დაკავება და რომელიმე ცხოველთან ან მცენარესთან იდენტიფიცირება მეზარება.



შემოქმედებითი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეგადარათ ჯემალ ქარჩხაძის გმირს „იგი-ს“, რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?
-კარგია, რომ ჭაბუა ამირეჯიბის კიკუს არ შემადარა, როგორც ამას აკეთებენ ხოლმე, უმეტესწილად, ჩემი ინტერვიუს ქვეშ დაწერილ კომენტარებში, ან ვარსქენ პიტიახშს. ქარჩხაძე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მწერალია. გმადლობთ :)



თინა, თქვენ ხართ ტელე-შოუს წამყვანი, როგორ გრძნობთ ამ ამპლუაში თავს ?
-ოო, არყოფილა ტყუილი, როცა ამბობენ, რომ პირდაპირი ეთერი დიდი ნარკოტიკიაო. მე თხემით ტერფამდე მსახიობი ვარ, შესაბამისად, ხალხთან პირდაპირი კონტაქტი კამერის საშუალებით ან სცენიდან ჩემთვის ყველაზე დიდი კაიფია. ამ დროს ვაცნობიერებ, რამდენია დამოკიდებული ჩემს ენერგეტიკასა და იმ ფლუიდების სწორად წარმართვაზე, რომელსაც ვუშვებ პუბლიკისკენ. ამ სიტუაციაში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. თავიდან ბოლომდე ჩემი სივრცეა, სადაც მე ვარ დიასახლისი და სტუმრების განწყობა, იქნება ეს ავი თუ კეთილი, ბოლომდე ჩემს მანიპულაციებზეა დამოკიდებული. თავიდან ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც მეგონა: იყო გარკვეული სირთულეები, მაგრამ აი, ზუსტად სულ ბოლო ეთერის დროს, გავაცნობიერე, რომ, ფაქტობრივად, ყველა ბარიერი დავძლიე სცენაზე და ბოლომდე დავიწყე სიამოვნების მიღება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.



სცენაზე თქვენს ხუმრობებს რაც შეეხება, თქვით, რომ „რა წარმოდგენაც აქვთ ჩემზე ეს ყველაფერი იმის საპასუხო ხუმრობააო“ რას გულისხმობთ ამაში ?
– ვხუმრობ ,რა თქმა უნდა. ვერაფრის დიდებით ვერ მივიღებ და აღვიქვამ იმ ყველაფერს სერიოზულად, რაც ჩემი მისამართით მესმის ხოლმე. ამიტომ, როგორც სახლში ვიცინი, სცენაზეც იგივეს ვაკეთებ. და ზოგადად, ჩემთვის, რეალურად, არარსებობს თემა, რომელზე ხუმრობაც არ შეიძლება. ხუმრობა კარგი რამეა, მით უმეტეს ისეთ სახუმარო და სასაცილო თემებზე, როგორიც ჩემი პერსონაჟის დემონიზაციაა საზოგადოების მხრიდან.



გინანიათ თუ არა რომელიმე განცხადება, რომელმაც საზოგადოება გააღიზიანა?
-არა. არცერთხელ, იოტისოდენადაც კი.



ეს ის გზაა, რომელიც სასარგებლო პიარს გიკეთებთ ?

-ეს ის გზაა, რომელიც ქვეყნისთვისაა სასარგებლო.



თქვენ მოიხსენიეთ ღმერთი, როგორც “კაი ტიპი “ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, თქვენი აზრით მისაღებია ასეთი მიმართვა და მაისურზე ქრისტე და მარიხუანა ერთად ნორმალურია?
-ეს კითხვა არაადეკვატურია არსებულ რეალობასთან მიმართებაში. ღმერთი რომ კარგია, ეს ის ერთადერთი პუნქტია, მემგონი, რაზეც მე და უმრავლესობა ვეთანხმებით ერთმანეთს. რაც შეეხება სიტყვა “ტიპს” , “ტიპი” რამე შეურაცხმყოფელი ვისაც ჰგონია, მას შეუძლია, მიმართოს ლექსიკონს ამ სიტყვის ჯეროვანი განმარტებისთვის. მე შემიძლია, ჩემის მხრივ, ეპიგარაფად დავამატო, რომ “ტიპი” მარტო ტყავის ქურთუკიანი და სათვალეებიანი უბანში მდგომი კაცი არ არის . ლექციების ჩატარება ლინგვისტიკაში მეზარება. ხოლო მარიხუანა და ღმერთი ნორმალურია თუ არა ერთად, მაგას რაც შეეხება ასე გიპასუხებთ: ღმერთმა მარიხუანაც მოახვედრა მის მიერ შექმნილ ფლორაში, ესეიგი ნორმალურია. მარიხუანა ეშმაკის მანქანებით ან სატანისტების ხელით არ შექმნილა კაცობრიობის დასაღუპად. მცენარეა, რომელსაც უმეტეს წილად სარგებლობის მეტი არაფერი მოაქვს. სადაც ბზა ნორმალურია ღმერთთან, იქ მარიხუანაც არ არის ვიზა ჯოჯოხეთისთვის. ღმერთის მარგინალიზაციას თუ არ მოახდენთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ღმერთისთვისაც.



ღვთის მოშიში ადამიანი ხართ ?
-მოშიში არა, მოყვარული.



ქართული ტრადიციები თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
-უმნიშვნელო არცერთი არ არის, ყოველ შემთხვევაში. რაღაცები მომწონს, რაღაცები მძულს და მინდა აღიგავოს მიწისაგან პირისა. ამ შემთხვევაში ორივე რეაქცია მძაფრ დამოკიდებულებას გულისხმობს თავისთავში, რაც თავისმხრივ მნიშვნელობას სძენს ჩემთვის ქართულ ტრადიციებს.



რას ნიშნავს თქვენთვის, თინა, როგორც ნამდვილი ქართველი ქალი?
-ქართველი ქალი არა ყლე. არმგონია, ქართველი ქალი რამით მეტი იყოს ზიმბაბველზე. პატენტი არ ვარ ყოველ შემთხვევაში, ქართველი ვარ ნამდვილად, და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ეთნიკური წარმომავლობა რამე განსაკუთრებულ ეშხს მძენს ღმერთის თვალში და ამის გამო კარგი ნაკვეთი მერგება სამოთხეში.



როგორი მამაკაცები მოგწონთ?
-მამაკაცები არ მომწონს, არ მიყვარს ეს სიტყვა “მამაკაცი”. ზედმეტად გადაპრანჭულია. ბიჭები ისეთები მომწონს, რომლებსაც წინაკითხვაზე, როგორც მინიმუმ, გულის რევის შეგრძნება გაუჩნდებოდათ.



თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რა არის?
-თავისუფლება.



რა სამომავლო გეგმები გაქვთ ?
-ამჯერად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ჩემს გეგმებზე საუბარი.


ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში.
სტატიის ავტორი: ანი გაბაიძე
სტატიის წყარო:Times24