კვლევა: რესპონდენტთა 45% მეტროში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია

კვლევა: რესპონდენტთა 45% მეტროში სექსუალური შევიწროების მსხვერპლია
2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური შევიწროების სწრაფი შეფასება ჩაატარა. გამოკითხვაში 200 ქალი მონაწილეობდა.

„200 რესპონდენტიდან 90-ს მეტროში მგზავრობისას სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განუცდია. რესპოდენტები სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, ძირითადად, მეტროს მატარებელში -78%, ბაქანზე - 14%, შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე - 14% და 6% სადგურის შიგნით სხვა ადგილას.“ - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო დაჟინებული მზერა (73%), სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%).

სექსუალური შევიწროების ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია გამოკითხულთა 78,9%-ს.

ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.

„რესპონდენტთა 85.5% ამბობს, რომ, როდესაც მეტროში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, მათ არავინ დაეხმარა. მხოლოდ 14, 47%-ს დაეხმარნენ, თუმცა პოლიციისთვის არც ერთს არ მიუმართავს.“

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ არც ერთ რესპონდენტს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის დახმარებისთვის, სექსუალური შევიწროების შემთხვევებში. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია და ამ პრობლემას სერიოზულ საფრთხედ ან პრობლემად არ აღიქვამენ. სწორედ ამიტომ კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის შესახებ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენას და პრევენციას შეუწყობს ხელს.

რეკომენდაციები:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო უსაფრთხო: საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხოების დაცვის მეტი საშუალება იყოს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: საზოგადოების ცნობიერების ამაღება, სექსუალური შევიწროებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ ( სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.) ინფორმაციის გავრცელების კამპანიები.
სექსუალური შევიწროების შესახებ მარეგულირებელი კანონების მიღება და სექსუალური შევიწროების, როგორც დასჯად ქმედებად და კანონის დარღვევად განსაზღვრა.
სტატიის წყარო:liberali.ge