სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"

სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"
კადრები, რომელშიც ჩანს, თუ რა ხდებოდა უკრაინაში მაშინ, როცა თბილისში, რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობდა, ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "იმედის კვირამ" გაასაჯაროვა. აღნიშნული კადრები, ინგა გრიგოლიას განმარტებით, ექსკლუზიურად, კულუარული გზებით მოპოვებული მასალაა. კადრებში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამზადისი პირდაპირი ჩართვისთვის.

ვიდეოს ეთერში ჩვენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც "იმედის კვირის" წამყვანებს "მუმიფიცირებულ ჟურნალისტებად" იხსენიებს და მათ "რუსთავი 2"-ის კადრების მოპარვაში ადანაშაულებს.

Facebook/ მიხეილ სააკაშვილი:

"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით
გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის წინა თვეებს მაგონებს. ისე კი, ვისაც მართლა აინტერესებს გუშინდელ კიევის აქციას ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გმირები. სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული - რუსლანა, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები.

ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ სოლიდარობისთვის და ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად სწორად დაგვირგვინდება!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.