წელიწადში რამდენ მილიონს ახარჯავს ივანიშვილი ოჯახს

წელიწადში რამდენ მილიონს ახარჯავს ივანიშვილი ოჯახს
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს და ოჯახს წელიწადში 5 მილიონ დოლარს ახარჯავს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოში სხვადასხვა პროექტებში საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. ამ თანხაში შედის სახელწიფოსთვის გაწეული დახმარება, ასევე მეგობრების და ახლობლების დახმარება.

"საკუთარ თავზე და ოჯახზე კი წელიწადში 5 მილიონ დოლარზე მეტს არ ვხარჯავ" , -აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ივანიშვილის განცხადებით, ამ არჩევნებზე არაფერი დაუხარჯავთ, რადგან ამის საშუალება არ მისცეს.

"ჩვენ არ გვქონდა არანაირი რეკლამა. ყველგან "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" რეკლამა იყო. ჩემი შვილი, ბერა, ძალიან დამეხმარა, ის რეგიონებში ათეულობით ათას ადამიანს აგროვებდა სტადიონებზე და კონცერტებს ატარებდა. მე გავაკეთე ბევრი ეშმაკური სვლა, რის ხარჯზეც გავიმარჯვეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის სახელწოდებას, ივანიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ბერამ მოიგონა.

"ბერა ძალიან დამეხმარა. ამის გამო მან 2 წელი დაკარგა. ახლა ისევ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახალი, ამერიკული პროექტი ეწყება. მას ბევრი სიმღერა აქვს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისურ და ფრანგულ ენებზეც", - განაცხადა ივანიშვილმა.
სტატიის წყარო:ambebi.ge