სუფთა და მყუდრო სახლი: 10 სასარგებლო რჩევა დიასახლისებისთვის
სახლში მთავარია სიმყურდოვე. სიმყუდროვე კი სისუფთავის გარეშე წარმოუდგენელია. როგორ დავიცვათ იგი ისე, რომ ნიჟარა რომ ქათქათებდეს, სარკეები ბრწყინავდეს, ავეჯზე კი მტვრისა და ლაქის ნასახიც კი არ იყოს? fpaparazzi რამდენიმე სასარგებლო რჩევას გთავაზობთ.
- უნიტაზის, აბაზანისა და ნიჟარის ჟანგს მოაცილებს წყალბადის პეროქსიდისა და 10%-იანი ნიშადურის სპირტის ნარევი.
- თუ აბაზანა გაყვითლდა, გაწმინდეთ იგი მარილითა და ძმრით. შემდეგ მოუსვით პემზის ფხვნილი.
- სააბაზანოს მეტლახის გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრისა და წყლის ნარევი პროპორციებით 1:5 (1 ჭიქა ძმარი 1 ლიტრ წყალზე).
- ზეთითა და ემალის საღებავით შეღებილი კარები უსაპნო წყლით უნდა გაწმინდოთ. შეგიძლიათ წყალში დაამატოთ ცოტაოდენი ნიშადურის სპირტი. გაწმენდის შემდეგ აუცილებლად მოუსვით მშრალი ჩვარი, ყვითელი ლაქები რომ არ დარჩეს.
- ყავისფერი საღებავით შეღებილი კარებისთვის წაუსვით ჩვარს ვაზელინი და მოწმინდეთ. შემდეგ მოუსვით მშრალი სუფთა ჩვარი.
- ნუ დაკიდებთ სარკეს ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები პირდაპირ ურტყამს. მაღალი ტემპერატურისგან სარკე მალევე კარგავს ფერს.
- მოწმინდეთ სარკეები ოდეკოლონში ან არაყში ჩამბალი ბამბით, შემდეგ მოუსვით ქაღალდის ხელსახოცი.
- სამზარეულოს მაგიდის გადასაფარებელი უმჯობესია გარეცხოთ საპნიანი თბილი წყლით, შემდეგ მოუსვით რბილი ჩვარი. გადასაფარებელმა დიდ ხანს რომ გაგიძლოთ, ხანდახან მოუსვით რძე.
- იგივე სამზარეულოს მაგიდის გადასაფარებელი კუთხეებში რომ არ გაიხეს, შიდა მხარეს მიაკარით ლეიკოპლასტირი.
- იმისათვის, რომ ყინვაში თეთრეული თოკს არ მიეყინოს, ბოლო გავლების დროს წყალში ჩაყარეთ 1 მუჭა მარილი. ან შეგიძლიათ თოკს მოუსვათ სოდის ან მარილის ხსნარი.