სიძვის დემონისა და ახალგაზრდა მონაზონის ისტორია - ის მართლა არსებობს?

სიძვის დემონისა და ახალგაზრდა მონაზონის ისტორია - ის მართლა არსებობს?
ერთი ინკუბუსისა და ახალგაზრდა მონაზონის ისტორია. დიაკვნის შესახებ

პირველი ისტორია ავიღე მონაზვნების მოძღვრისგან, დარბაისელი და ნდობის ღირსი ადამიანისგან: მეორის მომსწრე კი თვითონ ვარ.

ერთ დედათა მონასტერში პანსიონერის რანგში ცხოვრობდა ახალგაზრდა, კეთილშობილი წარმომავლობის ქალწული. მას ეცხადებოდა ინკუბუსი, რომელიც დღე და ღამ არ ასვენებდა გაუთავებელი თხოვნებით, როგორც ვნებიანი შეყვარებული და მუდმივ ცოდვისკენ უბიძგებდა. ცხადია, ქალწული წინააღმდეგობას უწევდა და ღმრთის წყალობით მტკიცედ იცავდა თავის უბიწოებას. მაგრამ მისი კეთილშობილების, მარხვის, აღთქმების, შეფუცვებისა და კურთხევების მიუხედავად, ამას შეიძლება მივუმატოთ შემფუცველთა ბრძანებები ინკუბუსებისადმი თავი დაენებებინა ქალწულის დევნისგან, უამრავი რელიქვიებისა და სხვა წმიდა საგნების გამოყენების მიუხედავად, რომელიც ახაგალზრდა ქალწულის ოთახში იყო თავმოყრილი, ინკუბუსი მაინც არ ეშვებოდა ახალგაზრდა ქალიშვილს და ძალზედ მოხდენილი ახალგაზრდა კაცის სახით ცდილობდა მის შეცდენას.

ბოლოს, მეცნიერთა შორის, ვინც მსჯელობდა ამ მოვლენის გარშემო, გამოჩნდა ღვთისმეტყველი, რომელიც აკვირდებოდა საცთურში შთავარდნილ გოგონას და შენიშნა, რომ ის უკიდურესად ფლეგმატური ტემპერამენტის ადამიანია. ღვთისმეტყველი მიხვდა, რომ ეს ინკუბუსი წყლის სული უნდა ყოფილიყო (მართლაც, არსებობენ ინკუბუსები: ცეცხლოვანი, ჰაეროვანი, მიწიერი, მიწისქვეშა, დღის მტრები) (ანუ ვისაც დღის სინათლისა ეშინია - რედ.) და განკარგულება გასცა გოგონას ოთახში ორთქლი ეკმიათ. მოიტანეს ახალი თიხის ქვაბი, ჩააგდეს მასში ერთი უნცია არომატული კანნა, წიწაკა, კუბელა, არისტოლოქია, კარდამონი, მსხვილი და წვრილი კოჭა, გრძელი წიწაკა, მიხაკები, დარიჩინი, მუსკატის ფერი, მუსკატის კაკალი, საკმეველი, ალოეს ხე, ბენზოია (ლათ. Benzoe - რედ.) და ეს ყველაფერი სამ ბოთლ ნახევრად გაწმენდილ არაყში აურიეს. შემდეგ ქვაბი ჩადგეს ცეცხლ ნაცარში, რათა კვამლი დამდგარიყო, და ოთახი მყარად დაკეტეს. კმევამ (კვამლმა) ინკუბუსს გამოჩენა აიძულა, მაგრამ, ამჟამად ოთახში შესვლა ვერ გაბედა, და მხოლოდ მაშინ, როდესაც გოგონა გამოდიოდა ბაღში ან მიდიოდა მონასტერში, იმწამსვე მივიდოდა მასთან, ოღონდ ისე, რომ სხვათა მზერისთვის უჩნარი ყოფილიყო, მოეხვეოდა მას და ჰკოცნიდა, რის გამოც გოგონა ძლიერ იტანჯებოდა.


პირველი თათბირის შემდეგ ჩვენმა ღვთისმეტყველმა გოგონას უბრძანა თან პატარა ქისით ეტარებინა ნელსაცხებლები, თუნდაც მუსკატი, პერუს ბალზამი და სხვა... ამგვარად შეიარაღბული, ის თამამად გამოდიოდა ბაღში, სადაც იმწამსვე ჩნდებოდა ინკუბუსი. გაბოროტებული და ბოღმიანი, უკვე გოგონასთან მისვლას ვეღარ ბედავდა და საბოლოოდ გაქრა კიდეც ისე, რომ უკვე აღარ მობრუნებულა.

მეორე შემთხვევა მოხდა პავიაში, კარტეზიანულ მონასტერში, სადაც ცხოვრობდა დიაკვანი, სახელად ავგუსტინე, რომელსაც უკვე სუკკუბუსი აწუხებდა. რამოდენიმე შემფუცველი ამაოდ ცდილობდა მის გათავისუფლებას; ყველა ღონისძიება ამაო გამოდგა. მონასტრის ვიკარიუსი რჩევისთვის ჩემთან მოვიდა. ხედავდა რა შეფუცვათა უძლურებას, გამახსენდა ზემოთმოტანილი მაგალითი და იმათ მსგავსად, ვისზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, ვუბრძანე დიაკვანს ეტარებინა პატარა ქისა, რომელიც სავსე იქნებოდა იმავე ნელსაცხებლებით; ხოლო რადგან ის თამბაქოს ეწეოდა და არაყიც ძლიერ უყვარდა, ვურჩიე თამბაქო და არაყი მუსკუსის (ლათ. muscus - რედ.) სურნელებით გაეჯერებინა. სუკკუბუსი სხვადასხვა სახით ეცხადებოდა დიაკვანს: ხან ჩონჩხის სახით მოვიდოდა, ხან ვირად მოაჩვენებდა თავს, ხან ფრინველად, ზოგჯერ ამავე მონასტრის რომელიმე ბერის სახესაც მიიღებდა. ერთხელ მან აბატის სახეც კი მიიღო და დიაკვანს არწმუნებდა გაესუფთავებინა საკუთარი სინდისი, ღმერთს მინდობოდა და მისთვის საიდუმლოდ ეთქვა აღსარება, თან მასთან ერთად ელოცა ფსალმუნები Exsurgat Deus და Qui habitat, ასევე წაეკითხა იოანეს სახარება; სიტყვებზე "Verbum caro factum est" ("და სიტყვა ხორციელ იქმნა") მან მუხლი მოიდრიკა, შემდეგ, ხელი დასტაცა ეპიტრაქილსა და საპკურებელ ცოცხლს წმიდა წყალთან ერთად, აკურთხა სენაკი და საწოლი, როგორც ნამდვილმა მოძღვარმა და დემონს უბრძანა მომავალში დიაკვანი აღარ შეეწუხებინა. ამის შემდეგ უეცრად გაქრა, რადგან საკუთარი ტყუილი თვითონ გაამჟღავნა.

კმევისა მიუხედავად, რომელიც მე ვურჩიე დიაკვანს, სუკკუბუსმა მაინც არ მიატოვა მისი დევნა და ერთხელ თავისი მსხვერპლის სახით ვიკარიუსს ეახლა, რომელსაც არაყი და მუსკატის სურნელების თამბაქო სთხოვა. სუკკუბუსმა ერთიც მიიღო და მეორეც და უეცრად გაქრა, რითაც ვიკარიუსს აჩვენბა, რომ სუკკუბუსმა ის მოატყუა, რაც შემდეგ დიაკვანმაც დაადასტურა, რომელიც ფიცით ამტკციებდა, რომ ვიკარიუსის სენაკში არც შესულა.

მაშინ მე დავასკვენი, რომ ეს სუკკუბუსი იყო არა წყლის სული, როგორც ინკუბუსი, რომელსაც ახალგაზრდა გოგო შეუყვარდა, არამედ ცეცხლოვანი ან ჰაერის სული, ამიტომაც, თბილი ნელსაცხებლებით ძლიერ ტკბებოდა. ახალგაზრდა დიაკვნის ტემპერამენტი, მრისხანე და სანგვინიკური, მხოლოდ აძლიერებდა ჩემს ეჭვებს, რადგან ეს ინკუბუსები და სუკკუბუსები ზოგჯერ არ დევნიან ისეთ ადამიანს, რომელთა ტემპერამენტი მათი ტემპერამენტის მსგავსია (ესეც ჩემი აზრის ახალი მტკიცებულება, რომ ინკუბუსები სხეულებრივნი არიან). ვიკარიუსს ვურჩიე დიაკვნისთვის მიეცა წყალმცენარეები, რომლებიც გრილნი არიან თავიანთი ბუნებით, კერძოდ: დუმფარა, ველური ნიორი, მრავალძარღვა, ლენცოფა და სხვა. ვუთხარი შეეკრა ისინი ორ კონად, ერთი ფანჯარასთან დაეკიდა, მეორე კი - კარებთან. ოთახი, იატაკი და საწოლი კი ამ ბალახებით მოეფინა. და, ჰოი უცნაურობავ! სუკკუბი გამოცხადდა, მაგრამ კარიბჭის მიღმა დარჩა და ოთახში შემოსვლას ვერ ბედავდა, ხოლო როდესაც დიაკვანმა ჰკითხა მისი ამგვარი მორიდებულობის მიზეზი, პასუხის ნაცვლად, სუკკუბუსმა ატეხა ერთი ვაი-უშველებელი და წყევლა-კრულვა, განსაკუთრებით მე მლანძღავდა, რომელმაც დიაკვანს ამგვარი მეთოდით ბრძოლა ვურჩიე მის წინააღმდეგ. ამის შემდეგ სუკკუბუსი გაქრა და მის მერე აღარ გამოჩენილა.

ეს ორი შემთხვევა ნათლად აჩვენებენ, რომ ინკუბუსები და სუკკუბუსები მხოლოდ ბალახებისა და ნელსაცხებლების სურნელს გაურბიან, საღმრთო ძალის ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე. ამრიგად, ინკუბუსებსა და სუკკუბუსებზე მოქმედებენ მატერიალური საგნების თვისებები, შედეგად, ისინიც ამ თვისებების შემცველნი არიან. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მათ სხეული გააჩნიათ, რისი დამტკიცებაც ჩვენ გვინდოდა.