როგორ ვაიძულოთ მამაკაცს ჩვენზე დაქორწინება

როგორ ვაიძულოთ მამაკაცს ჩვენზე დაქორწინება
გიყვართ და უყვარხართ, თქვენ გვერდით თქვენი ოცნების მამაკაცია, თითქოს ბედნიერებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, მაგრამ საყვარელი მამაკაცი რატომღაც ცოლობას არ გთხოვთ. იქნებ დროა, ჩვენი რამდენიმე საჭირო რჩევა გაითვალისწინოთ, რომ შეყვარებულმა ხელი და გული გთხოვოთ.

შეათანხმეთ მიზნები
არავითარ შემთხვევაში არ წარმოთქვათ ფრაზა: ჩემი მიზანი შენი ცოლობაა, არ შეაშინოთ თქვენი შეუპოვრობით, სხვაგვარად მიუდექით საკითხს. დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები, ორიენტირები ერთმანეთს ემთხვევა. "შემთხვევით" ჩამოუგდეთ სიტყვა სამომავლო გეგმებზე _ არის თუ არა თქვენი ადგილი მის მომავალში? აპირებს დაქორწინებას და თუ აპირებს თქვენს ცოლობას, თუ ოცნებობს საერთო შვილებზე? თუ თქვენი მიზნები და სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, გადადით შემდეგ პუნქტზე.

გახდით მისი მეგობარი
იმედია, თქვენთვის ცნობილია უბერებელი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ქალი საზოგადოებაში ლედი უნდა იყოს, სამზარეულოში დიასახლისი და საძინებელში _ გარყვნილი. მაგრამ მას ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა დავუმატოთ: ქალი საყვარელი მამაკაცის მეგობარი უნდა იყოს. იგი თქვენგან სითბოს, ერთგულებას, ურთიერთგაგებას უნდა გრძნობდეს, რაც კრიზისებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და თქვენს კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს. თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი გიმხელთ საკუთარ გეგმებს, ფიქრებს, იმედებსა და შიშებს, თუ თქვენ მისი მთავარი მრჩეველი, ხართ, გწამდეთ, რომ თქვენი დაქორწინების საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია.

დაუმეგობრდით მის ოჯახს, მეგობრებს
ყველაზე დამოუკიდებელი მამაკაცისთვისაც კი მნიშვენლოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების აზრი. თუ მიზნად დაისახეთ საყვარელ მამაკაცზე დაქორწინება, დაარეგულირეთ ურთიერთობა მათთან, ვისი აზრიც მისთვის მნიშვნელოვნია. ხოლო, თუ შეყვარებულის დედის გულსაც მოიგებთ, იმედი გქონდეთ, რომ ღირსეული მოკავშირე გაიცანით, რომელიც თქვენი დაგვირგვინების საკითხს კიდევ უფრო დააჩქარებს.

მისი გადაკეთება შეუძლებელია
საყვარელი მამაკაცი უნდა მიიღოთ ისეთი, როგორიცაა. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას, თქვენს "ჭკუაზე მოყვანას". მამაკაცი შეიძლება შეიცვალოს საყვარელი ქალის გვერდით, მაგრამ არა სხვებთან შედარებით, იძულებით, გაუთავებელი შენიშვნებით.

ხშირად შეაქეთ
ეს პუნქტი წინასთან კავშირშია. მიიღეთ თქვენი საყვარელი მამაკაცი ისეთი, როგორიცაა. მამაკაცი უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ გვერდით გმირია, რომლის ყველა კეთილი საქციელი სათანადოდ დაფასდება. შეაქეთ უმნიშვნელო გმირობისთვისაც კი; შეაგულიანეთ ახალი საქმეების დაწყებისას. თუ მის გამარჯვებას სათანადოდ შეაფასებთ, თუ გულით გაგეხარდებათ მისი მიღწევები, იგი მიხვდება რომ გვერდით ერთგული ქალი ჰყავს, რომელთან განშორებაც აღარასდროს მოუნდება.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ზოგჯერ ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, არ გვისრულდება, იმის გამო რომ ჩაბღაუჭებულები ვართ მას და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობთ. დამშვიდდით, და დატკბით იმ ურთიერთობით, რაც ახლა, ამ მომენტში გაქვთ. საყვარელ მამაკაცს აგრძნობინეთ, რომ შეყვარებული და სასურველი ხართ, რომ ბედნიერი ხართ მის გვერდით. ერთი სიტყვით, სიმსუბუქე შეიტანეთ თქვენს სტრატეგიაში და თქვენს მამაკაცს ისღა დარჩება, ინიციატივა გამოიჩინოს და დაქორწინება შემოგთავაზოთ.